ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი ფაქტი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ თავისი წევრ სახელმწიფოებისათვის ყოველწლიურად ხდება მუდმივგანახლებადი იმ 350 აუცილებელი ესენციალური წამლის სიის მიწოდება, რომელთა ფასებიც უნდა იყოს ძალიან დაბალი და ხელმისაწვდომი ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეებისთვის.
რა ხდება საქართველოში ამ მხრივ? საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ დღემდე არ იცის ამ სიის არსებობის შესახებ და რა თქმა უნდა საქართველოს არც ერთ მოქალაქეს სიაში შეტანილ წამლებს შეღავათიან ფასში არავინ აძლევს.
რა ხდება სადაზღვევო სისტემაში? ვისთვისაა პაციენტი წამგებიანი ბიზნესი და ვისთვის ფულის ტომარა? როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები მსოფლიო ჯანდაცვის მოთხოვნების იგნორირებას, რატომ დუმს ხელისუფლება და როგორ იქცა ფარმაცევტული სამი კომპანია მეტნაკლებ წურბელად? პრესაგე.ტვ-ს ამ თემებზე ესაუბრება მარინა ბერაძე - ასოციაცია „გვახსოვდე ჰიპოკრატე“:
- მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ აუცილებელია 350 დასახელების მედიკამენტი მოსახლეობისათვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ეს არ არის უბრალო რეკომენდაცია, ეს არის ვალდებულება ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა, რომელთა რიცხვში ჩვენც ვართ. რა არის ეს 350 მედიკამენტი? ეს არის ის მედიკამენტები, რომლებსაც ადამიანისთვის სასიცოცხლო ჩვენება აქვს. ამ წამლების თვითღირებულება დაბალია და როცა შემოაქვთ ამა თუ იმ სახელმწიფოში, დადგენილია ზედა ზღვარი 5%-ი. ანუ 5%-ზე მეტად არ უნდა მოუმატონ წამლებს ფასი. ეს სტანდარტი ყველა ქვეყანაში დაცულია, ზოგგან სახელმწიფო შესყიდვების გზით ხორციელდება და გარკვეული ფენის მოსახლეობისთვის უფასოც არის. სოციალურად დაუცველის ფენისთვის ეს წამლები უნდა იყოს უფასო.
უნდა იყოს, მაგრამ როგორ არის ჩვენთან?
- ჩვენთან ეს ასე არ არის, უბრალოდ, ის, რასაც ახლა ვამბობ, მოსახლეობამ არც კი იცის. ინფორმაცია არის დამალული და ამ თემაზე არც ხელისუფლება საუბრობს და რასაკვირველია არ საუბრობენ ფარმაცევტული კომპანიები. ბუნებრივია, მათ ხელს არ აძლევთ ამის გახმაურება, მაგრამ სახელმწიფო რომ არ ერევა ამ პროცესში, ეს მიანიშნებს, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს კომპანიებს, განსაკუთრებით ეს მხარდაჭერა „ავერსს“ ეხება.
რომელიც თავად აწარმოებს წამლებს...
- დიახ, დაბალფასიანი ან უფასო მედიკამენტების რიცხვი დროთა განმავლობაში იცვლება, 2 წელიწადში ერთხელ ხდება სიების გადასინჯვა და შეღავათიან ან უფასო წამლების რიცხვს ემატება სხვა მედიკამენტები იმის მიხედვით, თუ რომელი დაავადებაა უფრო საშიში. ამჟამად რა სიტუაცია ჩვენთან? საზოგადოებამ ეს არ იცის და შესაბამისად ვერ სარგებლობს შეღავათებით. არ ჩატარებულა არც ერთი დაფინანსებული კვლევა, ამიტომ ზუსტად რა ხდება, ვერ დაგიდგენთ.
თავად ფაქტი, რომ ბაზარი ამ მხრივ არაა შესწავლილი მეტყველებს იმაზე, რომ დარღვეულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნა. რა არის ყველაზე მტკივნეული მომენტი? როდესაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის სტრუქტურებში გაერთიანების და სრულუფლებიანი წევრობის პრეტენზია, მაშინ რატომ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს? ბაზარზე ჩვენთან 6000-ზე მეტი დასახელების წამალი იყიდება, 300 დასახელების მედიკამენტის ნაწილში რომ შევასრულოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითება, რა დაუშავდებათ საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ ფირმებს? ასეთი ფასები, რაც ახლაა წამლებზე, არასდროს ყოფილა. ესაა სრული კატასტროფა. როდესაც მონოპოლიზებულია სააფთიაქო ქსელი...
საცალოც და საბითუმოც...
- დიახ, ეს ხაზგასმითაა აღსანიშნავი. წამლებზე ფასის დასადგენად სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ გამიჯვნა მოხდება მაშინ არ იქნება ასეთი მაღალი ფასი. ამავე დროს, პარალელურად ხდება წვრილი კომპანიების ჩაძირვა რადგან მათ ბევრი რამ მოეთხოვებათ. როდესაც ყველაფერს ერთი მესაკუთრე ყავს, ის იქნება დაინტერესებული, რომ წამალზე იყოს მაღალი ფასი, მეორე - პაციენტს გამოუწერონ მეტი წამალი და მესამე - როდესაც კლინიკა, დაზღვევა და კიდევ ბევრი რამ მათია, ისინი ცდილობენ პაციენტს ჩაუტარონ ისეთი გამოკვლევები, რომელიც მას არ ჭირდება.
მაგრამ სადაზღვევო კომპანიას ეს აძლევს ხელს? ვინც არ უნდა იყოს მფლობელი?
- სადაზღვევო კომპანია პაციენტს განიხილავს როგორც ზარალს და ცდილობს ზარალი შეამციროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს მოკლავს, მაგრამ არ გაუწევს დახმარებას. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, როცა უამრავი ადამიანი ამბობს, რომ აქვს დაზღვევა და ვერ სარგებლობს.
და, ამით თითქმის რომ კლავენ, არა უშავს?
- პირდაპირ თოფს არ ესვრიან, ანუ... ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ გეოგრაფიული პრინციპით განაწილდა სადაზღვევო კომპანიები, რის გამოც ირღვევა პაციენტის უფლება, თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია, კლინიკა და ექიმი. ზოგადად ჩვენთან ასეა თუ პაციენტი იმ ექიმთან მიდის, რომელსაც თვითონ ენდობა, სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ამას და პაციენტი იძულებულია წავიდეს იქ, სადაც ანაზღაურდება მომსახურეობა.
არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ ჩვენთან დაწესდა ასეთი რამ - ვთქვათ, ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მაქვს დაზღვევა. თუ სამსახური გამოვიცვალე მაზღვევენ თავიდან და წინა სამსახურის პირობებში გადახდილი თანხა მეკარგება.
- ეს ყველაფერი უკავშირდება საკანონმდებლო ბაზას, რომელიც არ არის დახვეწილი და პირდაპირ გეტყვით, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვისაა მიღებული. ყველა პრობლემა კანონს უკავშირდება და, რაც მთავარია, ამით მოსახლეობა ზარალდება. თქვენ თუ იცით, რომ ექიმებისთვის არ არსებობს დაზღვევა? მაგრამ ვინც არის დაზღვეული, ისიც ვერ იღებს შეღავათს, ხარისხზე ხომ საერთოს არაა საუბარი!
რეკლამა დაბალი ფასების და შეღავათების შესახებ ბლეფი რომაა, ეს აღარ არის სადავო. ვსვამთ კითხვას - 350 დასახელების მედიკამენტი მაინც რატომ არ გვაქვს ხელმისაწვდომ ფასში და მეორე - ხარისხზე საერთოდ არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმიტომ, რომ არ არსებობს სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც წამლის ფასებს შეაფასებს.
„ავერსი“ აწარმოებს ისეთ წამალს რომელიც აკრძალულია და ადამიანში სუიციდისადმი მიდრეკილებას აძლიერებს.
- კი, მაგრამ ქარავანი მიდის...
რატომ იბლოკება ყველა ინფორმაცია, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესს უკავშირდება?
- არ ვიცი, მეც ვკითხულობ ამას. ვერ ვხვდები, როგორ აკეთებენ ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე ფულს, როგორ მიდიან ამაზე და რატომ არ აწუხებთ სინდისი. ჩვენ გამოგვაქვს არსებული პრობლემა და დახმარებას ვთავაზობ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა.
მდგომარეობის გამოსწორება პირდაპირ აისახება შემოსავლებზე და 350 წამლის მოგება ასე ადვილი დასათმობი არაა ნაციონალურ წნეხში მომუშავე კომპანიებისათვის. ასე ჰუმანური რომ იყოს ვინმე, მაგალითად „ავერსს“ 300-მილიონიანი ქონება არ ექნებოდა.
- რა თქმა უნდა... მაგრამ რაშია იცით საქმე? „ავერსი“ ერთი მხარეა და სახელმწიფო რომ არ ინტერესდება, ეს მაკვირვებს.
რა გაგიკვირდათ? ოფიციალურ დამფინანსებელთა შორის ნაციონალურ ხელისუფლებას ყველაზე მეტად კურტანიძე აფინანსებს, არაოფიციალურზე არაფერს ვიტყვი... ეს სხვა თემაა კიდევ.
- გეთანხმებით, და ორი აზრი არაა, რომ ეს არის დანაშაული. ეს არის საკუთარი მოსახლეობის წინაშე არის დანაშაული. საზოგადოება, ხალხი არავის პარტნიორი არაა ამ ფონზე.
ფული ფულთან მიდის...
- ერთმანეთთან თუ წაიკინკლავებენ მერე გაირჩევა საქმე და მორიგდებიან. ყოველ ახალ ჯერზე ხდება მოსახლეობის დაზარალება.
ექიმები რომ დაზღვეულები არ არიან ეს პირველად მესმის.
- შეღავათიანი დაზღვევა, როგორიც აქვს, ვთქვათ - მანდატურებს ან სხვებს, სამედიცინო პერსონალს არა აქვს.
აბა, ექიმების ჯანმრთელობა პირად ურთიერთობებზეა დამოკიდებული?
- ახლა ამის უფლებაც არა აქვთ. ერთ ექიმს 5 მეთვალყურე ყავს. სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანის მკურნალობისთვის სადაზღვევო კომპანია ბავშვთა ექიმს უხდის პაციენტზე 25 თეთრს. თქვენ წარმოიდგინეთ ექიმი, რომელიც პაციენტის წინაშე სრული პასუხისმგებელია, ღებულობს 25 თეთრს. ამის შემდეგ საერთოდ რაზეა საუბარი?! და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ როდესაც 350 დასახელების მედიკამენტზე ვსაუბრობთ აქ საუბარია იმ ჩამონათვალზე, რაც მითითებულია და არა სხვა წამლებზე...
რომელია ეს წამლები?
- ტუბერკულოზის, საგულე, დიაბეტის, ანალგეტიკები და ასე შემდეგ, ანუ ის წამლები კი არა, რაც „ავერსს“ მოესურვება გააიაფოს, არამედ ზუსტად ის, რაც არის ჩამონათვალში და ესაა მნიშვნელოვანი.
წინასაარჩევნოდ რომ გააიაფეს...
- არა, ეს ის მედიკამენტები არ არის. ისინი აიაფებენ იმ წამლებს, რომელზედაც ფასდაკლება აწყობთ და თან, 20-პროცენტიანი ფასდაკლება არსებითად არაფერს ცვლის, აქ საუბარია მინიმალურ ფასებზე, ხელმისაწვდომზე. ფასდაკლებები საქართველოში უბრალოდ დასაპიარებლად აქვთ გამოყენებული და თან რა მექანიზმებია, ეს ცალკე თემაა და ძალიან რთულია... ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ... ფასდაკლებები არის ძირითადად იმ წამლებზე, რომელიც წვრილ კომპანიებს შემოაქვს.