[ნინო მიქიაშვილი]
პატიმარ მალხაზ არქანიას საქმის დეტალების განხილვა „ადამიანის უფლებების დამოუკიდებელმა კომისიამ“ დაიწყო. ამის შესახებ „ობიექტივს“ განუცხადეს: „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ ლიდერმა ეკა ბესელიამ, ადვოკატმა ქეთი ბექაურმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მანანა კობახიძემ.
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა, ირმა ინაშვილმა, ბრიუსელში ყოფნისას, ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული მალხაზ არქანიას სკანდალური ახსნა-განმარტება და საქმის მასალები გადასცა: ევროპარლამენტის წარმომადგენლებს; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს; ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის აპარატს და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჯოზე მანუელ ბარუზოს აპარატს.
ინაშვილი არქანიას საქმეზე ევროსტრუქტურებიდან გამოხმაურებას დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ელოდება. ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს იქნება რეკომენდაციები, რომლითაც ევროსტრუქტურების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ.
არქანიას მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებას ევროკავშირის ელჩიც გაეცნო - შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს, უფლებადამცველმა ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეა, ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი პატიმრის ახსნა-განმარტება ევროკავშირის ელჩს, ფილიპ დიმიტროვს გადასცა.
პატიმარი მალხაზ არქანია ითხოვს ადვოკატმა ლექსო არქანიამ გააგრძელოს მისი უფლებების დაცვა. ამის შესახებ თავად ლექსო არქანიამ და პატიმრის ოჯახის წევრებმა გვითხრეს და გადმოგვცეს იმ ოქმის ასლები, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ, პატიმრის მონახულების დროსაა შედგენილი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ (და ასე მოვიქცევით იმ დღემდე, სანამ ცნობილი არ გახდება, რომ პატიმარი უსაფრთხოდაა...), რომ ცემა-წამებით სახელგანთქმულ გლდანის №8 საპყრობილეში მყოფთაგან მალხაზ არქანია ერთადერთია, ვინც სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ღიად ისაუბრა წამების იმ მეთოდებზე, რაც უშუალოდ მასთან მიმართებაში გამოიყენეს.
„ობიექტივმა“ ვრცელი მასალა 24 ივნისს, ასეთი სათაურით გამოაქვეყნა - „პატიმარ მალხაზ არქანიას სცემენ, თავის ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან“, რომელშიც პატიმრის დაწერილი ექვსგვერდიანი ახსნა-განმარტება შეგიძლიათ წაიკითხოთ.
მალხაზ არქანიას მონახულების უფლებას კვლავ არ აძლევენ მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენლებს - ელგუჯა ჩხაიძეს და ჯუმბერ მილორავას, რომლებმაც გლდანის №8 საპყრობილეში, არქანიასთან შესვლა ოჯახის თხოვნის საფუძველზე არაერთხელ სცადეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ შედგენილი ოქმებიდან ირკვევა, რომ მათ პატიმარი ბოლოს 11 ივლისს მოინახულეს.
როგორც პატიმრის ოჯახის წევრებმა (დამ, ნინო არქანიამ და მეუღლემ, მაია ჩაკაბერია-არქანიამ) და ადვოკატმა ლექსო არქანიამ გვითხრეს, ოთხი დღის წინ პატიმარი მისმა სულიერმა მოძღვარმა მოინახულა:
„ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია. როცა მის მოძღვარს იმ რეალობაზე ესაუბრებოდა, რომელიც მის გარშემოა, აქეთ-იქით იყურებოდა - ვიდეოთვალი ხომ არ გვიყურებს, ან ვინმე ხომ არ არისო. დაწესებულებაში მყოფ თანამშრომლებს, იქ მყოფ ნებისმიერ პიროვნებას ისე აღიქვამს, თითქოს ყველა მის წინააღმდეგაა მიმართული. ღამეები არ სძინავს, იმის შიშით, რომ რაიმე არ დაუშაონ თანასაკნელებმა, რომლებიც მასთან 22 ივნისს მიცემული სკანდალური ახსნა-განმარტების მიცემის შემდეგ შეასახლეს და დაემუქრნენ - „მსგავს შეცდომა თუ დაუშვებ, განზრახვას სისრულეში მოიყვანენო“.
მის მოძღვარს უთხრა, რომ ადვოკატ ლექსო არქანიასთვის აცილების მიცემა გამომძიებელმა ლაშა ყოლბაიამ და №8 საპყრობილის დირექტორმა, ალექსანდრე მუხაძემ აიძულეს. ახლა გადაწყვეტილი აქვს დაიბრუნოს თავისი ადვოკატი - მის სულიერ მოძღვარს ჰკითხა, „ვის სახელზე დავწერო განცხადება, ვის მივმართო, რომ ისევ ლექსომ დაიცვას ჩემი უფლებებიო“.
„საზოგადოებრივი დამცველის“ აღმასრულებელი დირექტორი, მანანა კობახიძეს თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პატიმარს აცილება მიაცემინეს ადვოკატისთვის, რომელიც მისი ბიძაშვილია:
„საქმეში ასეთი მებრძოლი ადვოკატის ყოფნა ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ეს ძალიან ნიშანდობლივია - ბოლო პერიოდში, იმ საქმეებში, სადაც ხელისუფლებას თავისი ინტერესი აქვს, ცდილობენ საქმეში არ ჩართონ (ან ჩამოაშორონ) ადვოკატი, რომელიც იქნება ბოლომდე მებრძოლი, ადამიანის უფლებებს რეალურად დაიცავს და ხელისუფლებასთან გარიგებაზე არ წავა. სწორედ ამის გამო ააცილებინეს ადვოკატი ლექსო არქანია და როგორც მან განაცხადა, დღეს პატიმარი აბსოლუტურად დაუცველია. არის საფრთხე, რომ მის მიმართ ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, ფიზიკური ძალადობა განხორციელდეს. ხელისუფლებასაც აწყობს, რომ გამოძიება არ დაიწყოს და არ დაისაჯონ ის პირები, ვინც ძალადობის ფაქტები ჩაიდინეს.
მით უმეტეს, როცა საუბარია სექსუალურ ძალადობაზე, რაც არის წამების ყველაზე საშინელი, სასტიკი ფორმა და რასაც ევროსასამართლო განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება. ასეთი საქმეები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის და უმკაცრესი ზომები მიიღება, ისეთი სახელმწიფოების მიმართ, სადაც დგინდება, რომ პატიმრებს ასე ექცევიან“.
პატიმარი მალხაზ არქანია ზუგდიდიან გლდანის №8 საპყრობილეში მიმდინარე წლის 19 მაისს გადმოიყვანეს. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა იგი მოინახულეს: 24 მაისს, 17 ივნისს, 20 ივნისს, 22 ივნისს, 23 ივნისს, 24 ივნისს, 27 ივნისს, 6 ივლისს და 11 ივლისს.
„ობიექტივმა“ მალხაზ არქანიას შესახებ არაერთი გადაცემა და სტატია მოამზადა. ესაა რიგით მეექვსე წერილი. ძალიან მოკლედ გავიმეორებთ იმას, რომ 22 ივნისს მიცემული სკანდალური ახსნა-განმარტების შემდეგ, 23-ში მან სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქმის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რაც მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განმარტებით, ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შედეგი იყო.
აი, რას წერს სახალხო დამცველის რწმუნებული, დანიელ მგელიაშვილი 23 ივნისით დათარიღებულ ოქმში, რომელზეც მალხაზ არქანიას ხელმოწერაც არის:
„№8 დაწესებულებაში ვესაუბრე მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას. მისი განცხადებით 22.06.11 მან წერილობითი ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულებს, სადაც საუბრობდა მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. მისივე გადმომცემით, მას აღარ სურს ახსნა-განმარტებაზე მოხდეს რეაგირება. მიაჩნია, რომ მის მიერ მითითებული დამნაშავე პირები უარესს უზამენ. ეშინია შურისძიების...”
სახალხო დამცველის მიერ შედგენილ ბოლო ოქმიდან ჩანს, რომ პატიმარი ითხოვს მისმა ოჯახმა შეურჩიოს და აუყვანოს ადვოკატი. პატიმრის მეუღლე, მაია ჩაკაბერია-არქანია და მისი და, ნინო არქანია კი მოითხოვენ ლექსო არქანიას მიეცეს მალხაზ არქანიას დაცვის საშუალება.
4 ივლისს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, ნინო არქანიას განცხადების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას რეკომენდაციით მიმართა, რათა „უზრუნველყონ მსჯავრდებულ არქანიას უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიების გატარება და საჭიროების შემთხვევაში, მისი გადაყვანა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.
ამ მასალის მზადების პროცესში, გვიან საღამოს, სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, ნინო ერემაშვილისგან შევიტყვეთ, რომ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ რეკომენდაციას წერილობითი რეაგირება მოჰყვა, რომლის შინაარსს შევიტყობთ და აუცილებლად გაცნობებთ.