ორწლიანი შესვენების შემდეგ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა შესაძლოა განახლდეს. პროცესი აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერდა. მიზეზად ის ხარვეზები დასახელდა, რომელიც სისტემაში ომის პერიოდში გამოვლინდა. თუმცა ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოს ორი წლის თავზეც, ნორმალური საკანონმდებლო ბაზის შემუშავება ვერ მოხერხდა. სამხედრო ანალიტიკოსთა განცხადებით, ზვიად კუკავას, ლაშა თორდიას და სამსონ ქუთათელაძის მიერ მომზადებული პროექტი კრიტიკას ვერ უძლებს...
ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ სამი პარლამენტარის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ძალიან ბევრი ხარვეზია:
„არის ძალიან ბევრი უზუსტობა, არათავსებადობა მოქმედ კანონმდებლობასთან, არის დისკრიმინაციული მუხლები, არის მუხლები, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. განმარტებით ბარათში საერთოდ არ არის საუბარი რამდენი რეზერვისტის გაწვევას აპირებენ, რა კონტინგენტი გვყავს და რა თანხა დაჯდება მისი შენახვა - მომზადება“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
ექსპერტის განცხადებით, ავტორები იმასაც პირდაპირ აცხადებენ, რომ პროექტზე მუშაობისას მათ, არც სახელმწიფო და არც არასახელმწიფო ორგანიზაციებთან არანაირი კონსულტაციები არ გაუვლიათ.
ამ და კიდევ არაერთი ხარვეზის გამო, თორდია-კუკავა-ქუთათელაძის კანონპროექტი, რომელსაც რეზერვისტთა მოქმედი სისტემა მთლიანად უნდა შეეცვალა, აღარ განუხილავს. ახალი კანონის მიღება სექტემბრისთვის გადაიდო. 22 ივლისს, პარლამენტმა სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ მოქმედ კანონში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, გაწვევის 18 დღიანი ვადა 45-მდე გაიზარდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განმარტებით, ეს ვადა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი იარაღს შეეჩვიოს.
„18 დღე მეტად მცირეა იმისთვის, რომ ადამიანი შეეჩვიოს თუნდაც იარაღს და მასთან სწორი მოპყრობა ისწავლოს თუ, სხვა რაღაც საომარი უნარ-ჩვევები გამოიმუშაოს. ამიტომ, ეს ვადა გაიზარდა 45 დღემდე. ეს სრულიად ბუნებრივია და მეტს თავის თავში არაფერს გულისხმობს, გარდა იმისა, რომ ამაღლდეს ხარისხი რეზერვში მონაწილე ახალგაზრდებისა“, - ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხათუნა ოჩიაური.
ექსპერტთა განცხადებთ კი, ეს ცვლილება უმიზნო და არაფრის მთქმელია. გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ადამიანს სულ მცირე 90 დღე მაინც სჭირდება იმისთვის, რომ იარაღთან ნორმალური მოპყრობა ისწავლოს. ელემენტარული სამხედრო მომზადებისთვის კი, 6 თვიანი ვადაა აუცილებელი.
„ეს ვადა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა საჭირო სამხედრო მომზადება გაიაროს. ამის შემდეგ მათ რეზერვში ჩავრიცხავთ, თუ როგორ გამოვიყენებთ, ცალკე თემაა. 45 დღე ვერაფერს გადაწყვეტს“, - მიიჩნევს თავდგირიძე.
სამხედრო ექსპერტის აზრით, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ აგვისტოს ომის პერიოდში სარეზერვო სისტემამ ვერ იმუშავა, არასწორია. რადგან სინამდვილეში ის, არც არსებობდა. შესაბამისად, არარსებულ სისტემაში ვერც ის გაამართლდება, ვინც 18 დღიანი მომზადება გაიარა და ვერც ის, ვინც 90-დღიანი მომზადება გაიარა.
ახალ სარეზერვო სისტემასა და შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა შარშან დაიწყო. 2009 წლის ზაფხულში პროექტიც დაიდო. თუმცა პარლამენტს აღარც ის განუხილავს. პროექტი მაშინაც უკან გაიწვიეს და მიზეზი ამ შემთხვევაშიც კანონპროექტში არსებული ხარვეზები იყო.
ამის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროსთან სპეციალური ჯგუფიც კი შეიქმნა, რომელსაც რეზერვის ახალი სისტემის შექმნაზე უნდა ემუშავა. შარშან, დეკემბერში, თავდაცვის მინისტრმა დათა ახალაიამ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სერიოზული ანალიზი მიდიოდა იმისა, რომელიც სისტემის ფორმირებისას დაუშვეს.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიდიოდა ანალიზი იმ შეცდომების, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო დაშვებული. შესაბამისად, უპირველესი ამოცანა, ამ შეცდომების აღმოფხვრა იქნება და მივიღებთ შინაარსობრივად სრულიად ახალ რეზერვის სისტემას, რომელიც ამოცანების რეალურ შესრულებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ახალმა სისტემამ დღის სინათლე ვერა და ვერ იხილა. გიორგი თავდგირიძის აზრით, საჭირო იყო რეზერვის კონცეფციის პაკეტის შემუშავება.
„ამ ახალ პაკეტში აღწერილი უნდა ყოფილიყო თუ როგორ ამუშავდება ეს სისტემა. რა იქნება მისი ამოცანები, რა პარამეტრებში მოექცევა და როგორ იქნება გამოყენებული. კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შექმნილიყო. იმისთვის, რომ ამ სისტემას ემუშავა. ანუ, კანონი, სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი ელემენტი სარეზერვო სისტემის“, - ამბობს გიორგი თავდგირიძე.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. თავდაცვის სამინისტროში ბოლოს სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს სისტემა მოქნილი და ეფექტიანი უნდა გახდეს.
„ჩვენ გვყავდა სარეზერვო ბატალიონები, მაგრამ ერთი, რომ ჩვენ არ გვეყო ოფიცრები მათთვის და მეორე - ეს ბატალიონები უბრალოდ, რეგულარული ჯარის გაგრძელება იყო. რა თქმა უნდა, მათ ბევრად უფრო სხვა ამოცანა უნდა ჰქონდეთ. ეს უნდა იყოს ტერიტორიული დაცვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ისიც განმარტა, რას გულისხმობს რეზერვისტთა მიერ „ტერიტორიულ დაცვაში“.
„ყველა სოფელს უნდა შეეძლოს საკუთარი სოფლის დაცვა. ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში, რომელიც იმყოფება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ იმყოფება უნდა იყოს შესაბამისი მომზადების პატარ-პატარა ჯგუფები, პასუხისმგებელი პირები, მინიმალური რაოდენობის საჭირო იარაღი“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ თუკი ხელისუფლება ტოტალური თავდაცვის პრინციპს მიმართავს და სამხედრო მოსამსახურეებს ყველა მიმართულებით გაფანტავს, იმის პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის სისტემა მართვაში სერიოზულად მოიკოჭლებს, ეს კიდევ დამატებით პრობლემებს შეგვიქმნის. ამასთან, ამ ძალების განადგურების რისკს გაზრდის.
„რაც უფრო მეტი არმია გყავს, მისი განადგურების შანსი მით მეტია. მეტი მსხვერპლი კი, მოსახლეობაში უფრო დიდ პანიკას გამოიწვევს, რაც მტრის მიერ გატარებულ დათრგუნვის პოლიტიკას დაეხმარება“, ამბობს სესიაშვილი.
სამხედრო ანალიტიკოსთა აზრით, მართვა, კოორდინაცია და კონტროლი ქართული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ძირითად პრობლემად რჩება. ტოტალური თავდაცვა კი, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს ამ სამი კომპონენტის გარდა სარეზერვო სისტემის მოქნილ და ეფექტიან მუშაობას საჭიროებს.
ექსპერტთა განცხადებით აგვისტოს ომის შემდგომი ორი წელიწადი სავსებით საკმარისი იყო ყველა ამ ხარვეზის გასაანალიზებლად და მოქნილი და ეფექტიანი სარეზერვო სისტემის შესაქმნელად, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად. თუმცა, საქმე არაპროფესიონალებს ანდეს და შედეგიც სახეზეა.