როგორი იქნება გაპრეზიდენტების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის შემდგომი პეროდი? ეს არა მარტო „ქართული ოცნების“ თავსატეხია, რომელიც ბოლომდე არ ენდობა თავის ფავორიტს, არამედ ანალიტიკოსების საფიქრალიცაა, რადგან პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი უცნაური განცხადებებით ანებივრებს ამომრჩევლებს.
სხვათა შორის, მსოფლიო საზოგადოება შეჩვეულია, რომ პერიოდულად ტრამპი არაპროგნოზირებად განცხადებებს აკეთებს, რომლის გამოსწორებაც შემდეგ ამერიკის კონგრესს, ან ამერიკელ მაღალჩინოსნებს უწევთ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, ხომ არ მოუწევს „ოცნებას“ ზურაბიშვილის პოზიციების მუდმივად შერბილება და თავის მართლების პოზაში ყოფნა?! ხომ არ მოხდება ისე, რომ ერთხელ ნათქვამ სიტყვას სალომე ზურაბიშვილი მეორედ სხვანაირად შეალამაზებს და ამით ხომ არ გვაიძულებს, ორგვარი ინტერპრეტაციით გავიგოთ მისი ნათქვამი?!
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მხიარულ პერიოდს ელის. საბედნიეროდ, სალომე ზურაბიშვილი ბევრს ვერაფერს გააფუჭებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური ფორმატი ძალიან შეკვეცილია, ამერიკის პრეზიდენტისგან განსხვავებით. შესაბამისად, მას რამის გაფუჭების რესურსი შეზღუდული აქვს. თუმცა მხიარულად კი ვიცხოვრებთ.
„გარკვეულწილად, ეს იქნება არა პრეზიდენტობა, არამედ რეალითი-შოუ, ექვსწლიანი. თუ გახსოვთ, „ამტანი“ იყო ასეთი გადაცემა „მაესტროზე“, დაახლოებით ასეთივე იქნება და ჩვენ ვნახავთ, დიდ სასახლეში როგორ ცხოვრობს მარტოხელა ქალბატონი და ხან ნარკოტიკებთან ბრძოლის დედოფალი იქნება, ხანაც პროსტიტუციის თემა შემოვა გასაანალიზებლად. სწორედ ასეთ საკითხებზე იმსჯელებს, მოკლედ, გასართობი იქნება. სხვა საკითხია, რომ ის, სამწუხაროდ, ვერც ინტელექტუალურად, ვერც პროფესიულად, ვერც ლოგიკური აზროვნების კუთხით, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ვერ „ქაჩავს“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიურ გამოცდილებას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, ცხადია, ქალი პრეზიდენტი გარკვეულ შეხვედრებზე დაჯდება და რაღაცას იტყვის ხოლმე, მხიარულ განწყობასაც შეგვიქმნის და „ოცნებასაც“ მოუწევს მისი განცხადებების შერბილება. თანაც, ეს იქნება მუდმივი პროცესი და, რაც ხდება ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, ეს გაგრძელდება პოსტსაარჩევნო პერიოდშიც.
„როდესაც პროფესიონალიზმზე ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი საერთოდ არ კითხულობდა კანონებს, მათ შორის, დეპუტატობის პერიოდში. ჩემი აზრით, მას კონსტიტუციაც არ აქვს წაკითხული, არ ესმის, პრეზიდენტის ფორმატი რა არის, მისი კომპეტენცია რა არის და მას ყოველთვის ექნება მცდელობა, რაღაცნაირად ეს საზღვრები გაარღვიოს. „ქართულ ოცნებას“ კი მუდმივად მოუწევს იმის უზრუნველყოფა, რათა ზურაბიშვილი იმ საზღვრებში ჩაეტიოს, რაც მას კანონით აქვს განსაზღვრული“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გია ხუხაშვილი ასკვნის, რომ პოლიტიკურ უბედურებას ამ ქვეყანაში მაინც არაფერი ეშველება და რეალითი-შოუთი ცოტათი მაინც გავერთობით.
პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ პრინციპული, უმართავი ქალბატონია. ის არ არის არც ახლანდელი ხელისუფლების პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ და არც, მით უმეტეს, ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ის, რომ, რაც ენაზე მოადგება, ყველაფერს ილაპარაკებს და არასწორ ნაბიჯებს გადადგამს, ამას ზარდიაშვილი ნაკლებად ელის, რადგან ზურაბიშვილის დიდი გამოცდილების სჯერა.
„მას აქვს უდიდესი დიპლომატიური გამოცდილება, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება. ის მოღვაწეობდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში, ასეთი წარმატებული კარიერის მქონე ადამიანი კი საქართველოში ამ წუთას არ გვყავს. მისი დაუფიქრებლობა უკავშირდება ბოლოდროინდელ განცხადებებს. ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდება. ის ლაპარაკობს სიმართლეს, თანაც ისეთ თემებზე, რისი გაცნობიერებაც საქართველოს სჭირდება. თუნდაც აგვისტოს ომის ამბავი, ნარკოტიკების თემა, სამღვდელოების საკითხი. ეს სადისკუსიო თემებია, მათზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, ისე ვერ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. გეთანხმებით იმაში, რომ ზურაბიშვილს საკუთარი განცხადებების შერბილება უწევს ხოლმე, მაგრამ ეს უფრო პიარის ამბავია. განცხადებების შერბილება სულაც არ ნიშნავს, რომ მან პირვანდელ ნათქვამზე უარი თქვა და უკან წაიღო. უბრალოდ, მან ახსნა, დააკონკრეტა, უკეთ განმარტა თავისი ნათქვამი“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა და „ქართული ოცნებაც“ დააიმედა, რომ ამ ქალბატონის არჩევის შემდეგ მისი განცხადებები არ ექცევათ თავის ტკივილად.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილის ძირითად პოზიციებს „ოცნებაც“ იზიარებს. უბრალოდ, ამ საარჩევნო კამპანიისას უფრო სხვა თემებია მნიშვნელოვანი, ვიდრე აგვისტოს ომის ამბები. თუმცა ლაკმუსის ქაღალდივითაა სალომე და მისმა ნათქვამმა გაარკვია, როგორი მენტალური პრობლემები გვქონია.
„ცნობილი ექსპერტები გამოდიან და ამბობენ, რომ სალომე მართალს ამბობს აგვისტოს ომის შეფასებისას, მაგრამ თურმე ეს უნდა დავმალოთ, რათა საერთაშორისო სასამართლო არ წავაგოთ. ეს სამართლებრივი ნიჰილიზმის კლასიკური ნიმუშია. როგორ შეიძლება, სასამართლოს სიმართლე დავუმალოთ, ეს ჭკუამოკლეობაცაა და სულმოკლეობაც. თუ შენ სიმართლე არ უთხარი სასამართლოს, ვერ მოითხოვ მისგან, რომ შენი უფლებები დაიცვას. გარდა ამისა, სიმართლე ისედაც ყველამ იცის, შეუძლებლია ამის დამალვა. მესამე, ამ სიმართლის დამალვა სწორედ მტრის ინტერესშია, რათა საქართველო გამოჩნდეს ისე, რომ ელემენტარულ ჭეშმარიტებას აგვისტოს ომის შესახებ, რაც ისედაც ხელისგულზე დევს, დამნაშავესავით მალავს. 2008 წლის კონფლიქტი მარტო აგვისტოს ომით არ დაწყებულა, სწორედ ამაზე ილაპარაკა სალომემ“.