მანანა ნაჭყებია: „ტრადიციის მქონე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს რიგ-რიგობით გაუქმება ელის“

მანანა ნაჭყებია: „ტრადიციის მქონე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს რიგ-რიგობით გაუქმება ელის“

[მანანა ნოზაძე] 

"მემარჯვენეები" საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ დღეს  "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.

ნაჭყებიას თქმით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, რომელსაც კანონმდებლობით მეცნიერების პოლიტიკის განსაზღვრის საქმეში ხელისუფლების მრჩევლის ფუნქცია აკისრია, უმოკლეს ვადაში უნდა მოაწყოს დისკუსია, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გადაარჩინონ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.

„ახალი მემარჯვენეების“ აზრით, ხელისუფლებას სულაც არ აინტერესებს, იქნება თუ არა ქვეყანაში კვლევითი ინსტიტუტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ინსტიტუტებს  უმაღლეს სასწავლებლებს არ შეუერთდებდნენ. თავის მხრივ, უმაღლესი სასწავლებლები, ასევე, არ არიან დაინტერესებულნი, ზედმეტი ხარჯი გაიღონ და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები შეინახონ.

მანანა ნაჭყებიამ შარშანდელი პერიოდი გაიხსენა, როცა განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უმაღლეს სასწავლებლებთან ინტეგრაციის წინადადებით გამოვიდა. მაშინ შაშკინმა განმარტა, რომ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები იყო მძიმე ტვირთი, რომლის სიმძიმეც თურმე უმაღლესმა სასწავლებლებმა იტვირთეს. ამ მიზნით კი ამ უმაღლესებს შესაბამისი ფინანსური სახსრებიც გამოეყო. 

შაშკინი მაშინ ირწმუნებოდა, რომ თითოეულ მეცნიერსა და კვლევითი ინსტიტუტის მუშაკს ღირსეული პირობები შეექმნებოდა. თუმცა ნაჭყებიასთვის შაშკინის ეს განაცხადი მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა. 

სინამდვილეში, იმ შვიდ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის, რომელიც გასულ წელს ილიას სახელობის უნივერსიტეტს შეუერთეს, მხოლოდ ერთმა მათგანმა –ბაქტერიოფაგმა (გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) მიიღო დაფინანსება. დანარჩენი ექვსი კი ფინანსების გარეშე აღმოჩნდა. მათ შორის, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინტიტუტი, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, თბილისის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი. ექვსივე ეს ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად გადაიქცა და რეორგანიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება აღმოჩნდა.

ნაჭყებია ელის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბედს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებიც რიგ-რიგობით გაიზიარებენ, რადგან ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია გამოაცხადოს, რომ მისთვის პრიორიტეტული არ არის კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება. 

„ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმართ ხელისუფლების უინტერესო დამოკიდებულება მომავალ თაობაზე უკვე აისახა. ამის საილუსტრაციოდ მანანა ნაჭყებიას შემაშფოთებელი სტატისტიკაც მოჰყავს. კერძოდ, მიმდინარე წელს უმაღლესში ქიმიის საგანს მხოლოდ 17 სტუდენტი ეუფლება, ხოლო გასულ წელს ფიზიკის ფაკულტეტზე მხოლოდ 58 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ეს ციფრები მიუთითებს, რომ საბუნებისმეტყველო საგნები ჩვენთან კვდება. 

ნაჭყებიას აზრით, ასეთი შეუქცევადი პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო მსოფლიო ინტელექტუალურ რუკაზე აღარ იარსებებს, არ გვეყოლება სამეცნიერი კადრები და ჩვენში სანთლით საძებარი გახდება უმაღლესების თუ სკოლების პედაგოგები, რომლებიც ამ დისციპლინებს ასწავლიან.  

„ჩვენი მიზანია, ხელისუფლება ვაიძულოთ, რათა საქართველოში საბოლოოდ არ მოხდეს სამეცნიერო სექტორის განადგურება.  მდგომარეობა ძალზე სერიოზულია. გაუქმების საფრთხის ქვეშაა ბევრი სახელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საუკეთესო ტრადიციებისა და საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო სკოლა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია განათლებისა და მეცნიერების მომავალი საქართველოში", – აცხადებს მანანა ნაჭყებია.   

ამასთან, "ახალი მემარჯვენეები"  მზადყოფნას გამოთქვამენ, აქტიურად ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებაში.

გარდა ამისა, მანანა ნაჭყებიასთვის გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება განათლების სამინისტრო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ბედით და პასუხისმგებლობას რატომ აკისრებს ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. თავის მხრივ, ილიას უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაუქმებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკისრებს.

„მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ასეთი მიდგომა ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ ორივე მხარის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების მომავალს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს.