გიგი უგულავას კიდევ ერთი სიურპრიზი თბილისელებს - მგზავრობა გაძვირდა

გიგი უგულავას კიდევ ერთი სიურპრიზი თბილისელებს - მგზავრობა გაძვირდა

[მერაბ ბრეგაძე]

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქალაქის ხელისუფლების ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს. მერიის და სატრანსპორტო კომპანიის დაპირება, რომ მიკროავტობუსით მგზავრობა მხოლოდ ნომერ ოთხ მარშრუტზე გავრცელდებოდა, ლიტონ სიტყვებად დარჩა. უფრო მეტიც, დღეს დილიდან მგზავრობა იმ რეისებზეც გავრცელდა, სადაც ისევ ძველი მანქანები მოძრაობენ.

ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთა იდერმა, საკრებულოს წევრმა თინა ხიდაშელმა განცხადება გაავრცელა:

„რესპუბლიკელები კიდევ ერთხელ მოვითხოვთ თბილისის მერიისაგან დაინტერესდეს სამარშრუტო ტაქსების სფეროში შექმნილი განუკითხაობით, დაინტერესდეს კომპანიის (თბილლაინი) საქმიანობით და სატენდერო პირობების დაღვევისთვის აუცილებელი ღონისძიებები გაატაროს.

მიუხედავად მერიისა და კომპანიის წარმომდგენლების მტკიცებისა, რომ გაძვირება მხოლოდ N4 სამარშრუტო ხაზს შეეხებოდა, ჩვენ ამჯერადაც მართალი აღმოვჩნდით, როდესაც ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დავადანაშაულეთ.

დღეს დილით მრავალი თბილისელი აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც დილით ძველ სამარშრუტო ტაქსებში გაძვირებული, 80 თეთრიანი გადასახადი დახვდათ. კერძოდ, ჩვენ დაგვიკავშირდნენ სამარშრუტო ხაზების N100, 128 და 147-ის მგზავრები რომლებიც ტრანსპორტის გაძვირებაზე წუხდნენ. აქვე ცალსახად უნდა ავღნიშნოთ რომ საუბარია იმ ხაზებზე, რომელთაც ჯერ კიდევ ძველი მანქანები ემსახურება.

მოვითხოვთ ქალაქის ხელმძღვანელობამ უპასუხისმგებლო და არასწორი განცხადებების გავრცელების ნაცვლად, თბილისელებს მიაწოდოს სრული და მართალი ინფორმაცია დაგეგმილი გაძვირების, გრაფიკის, მისი მაქსიმალური ოდენობის და ვადების შესახებ“.

მგზავრობის საფასურის გაზრდას N100 სამარშრუტო ხაზის (გლდანი-დიღომი-დიდუბე-სააკაძე-ნუცუბიძე) მძღოლებიც აპროტესტებენ. აღნიშნული მარშრუტის მძღოლებს დღეს ფირნიშები დაურიგეს წარწერით, - „მგზავრობის საფასური 80 თეთრი“. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მძღოლებმა არ დააკონკრეტეს ვინ გადასცა მათ ეს ფირნიშები.

მძღოლები აცხადებენ, რომ მგზავრობის ფასის გაზრდის  გადაწყვეტილებით სამარშრუტო ხაზის მფლობელები და მძღოლები კაბალურ მდგომარეობაში ვარდებიან, რადგან შეიძლება მალე გეგმაც ვერ შეასრულონ და გაკოტრდნენ. მათი თქმით, მგზავრებს უჭირთ 80 თეთრის გადახდა და დღეს უმრავლესობა მაინც 50 თეთრს იხდიდა.

ერთ-ერთი მძღოლის გია ოკუჯავას განცხადებით, თბილისის ხელისუფლება კაბალურ გადაწყვეტილებებს იღებს და სამარშრუტო ხაზებზე დასაქმებულ მძღოლებს გამოსავალს არ უტოვებს:

„თბილისის მერია გაძვირებული გადასახადით ისედაც სოლიდურ და მდიდარ კომპანიას ამდიდრებს. არსებობს, ყვითელ ავტობუსებთან შედარებით, იაფი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა შეძენაც შეიძლებოდა. ყვითელი ავტობუსები, ძალიან ძვირი ღირს.

კანონდარღვევაა, როდესაც კერძო ქონების ხელყოფა ხდება მოძრავი ქონების სახით, ანუ სამარშრუტო ტაქსებით, რათა კუთვნილი მოძრავი ქონება ჩანაცვლდეს იმ სატრანსპორტო საშუალებით, რასაც ის ფირმა სთვაზობს, რომელიც მძღოლებს და სამარშრუტო ხაზებს ე.წ. ყვითელ „მარშრუტკებს“ მიაწვდის“.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებას „ერთიანი სისტემის ლეგალურ სივრცეში მოქცევის“ და „საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ღირებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის“ მიზანს უკავშირებს. სულ ეს იყო, რისი მოპოვებაც განმარტების სახით „პირWელმა“ კომპანიისგან შეძლო.

„თბილისის მიკროავტობუსის“ პრეს-სამსახურში დეტალურად განმარტავენ, თუ რაში მდგომარეობს გადახდის ახალი საბარათე სისტემა, რა შეღავათები იმოქმედებს მათთვის, ვინც სამარშრუტო ტაქსებით რეგულაურად მგზავრობს, ასევე სოციალურად დაუცველთათვის, თუმცა ვერ იძლევიან ვერანაირ მკაფიო განმარტებას იმასთან დაკავშირებით, საერთოდ რატომ გაიზარდა მგზავრობის ტარიფი.

„მოგეხსენებათ, ტარიფები საწვავის ფასის მიხედვით განისაზღვრება“ – განუცხადა „პირWელს“ კომპანიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ საწვავის ფასი ბოლო პერიოდში არც საერთაშორისო და შესაბამისად, არც ქართულ ბაზარზე გაზრდილა, ამჯობინა, სააგენტო უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის უფროსთან გადაემისამართებინა:

„უფრო დეტალურ პასუხებს კომპანიის ხელმძღვანელი გაგცემთ, მოგვიანებით დაგვირეკეთ და მასთან აუცილებლად დაგაკავშირებთ“.

თუმცა მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელი თათბირზე აღმოჩნდა, კიდევ მოგვიანებით – კვლავ თათბირზე, კიდევ მოგვიანებით კი ტელეფონს აღარც პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა.

ცნობისთვის, 31 იანვარს თბილისის მერიამ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად 4 კომპანია - შპს „თბილქარი“, შპს „თბილლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“ და შპს „ფაბლიკქარი“ დაასახელა. თუმცა შემდგომ ოთხივე მათგანი კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ გაერთიანდა.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ოპოზიციური ფრთა თავიდანვე აცხადებდა, რომ ოთხივე კომპანიას ერთი მფლობელი ჰყავდა, რომელიც თავის მხრივ, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.