ოპოზიციას მცირე მთავრობის კონცეფციის არ სჯერა

ოპოზიციას მცირე მთავრობის კონცეფციის არ სჯერა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტოს წინაშე მცირე მთავრობის კონცეფციაზე ისაუბრა - მცირე ზომის მთავრობა ქვეყნის ეკონომიკაში მის მცირე წილს ნიშნავს და მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, 100-120 მილიონი ლარის დაზოგვა მოხდება.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ქვეყნის ეკონომიკას მშპ-ის 3,9%-ზე მეტი არ უნდა უჯდებოდეს.

„ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ეფექტურად, ოპერატიულად და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან იმ დღემდე, როდესაც ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებულ სერვისს ან სიკეთეს, დრო იყოს მაქსიმალურად შემცირებული. ჩვენ არც ერთ ფუნქციას არ დავაკნინებთ. პირიქით, სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ორგანულად, ფუნქციების და ამოცანების მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა არ უჯდებოდეს ძალიან ძვირი და აქედან გამომდინარე, შემოგვაქვს მაქსიმალური ზღვარი – ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9%, რაც თანხაში ნიშნავს, რომ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, ეს საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით 100-120 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ თავისუფალი რესურსის სახით და მივმართოთ იმ სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის განათლების მიმართულებაზე, რომელიც უფრო დიდი პრიორიტეტია“, – განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, აუცილებელია, სახელმწიფოს მმართველობითი უწყებების და სტრუქტურების იმდაგვარი მოდერნიზაცია, რომელიც მმართველ გუნდს საშუალებას მისცემს იყოს უფრო ოპერატიული გადაწყვეტილებებში.

ოპოზიციას არ სჯერა ახალი მთავრობის ამ კონცეფციის - საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ უმცირესობის სხდომაზე როგორც აღნიშნა, დღეს კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ცუდი დღეა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.

„დღეს კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ცუდი დღეა პარლამენტარიზმისთვის, ანგარიშვალდებულების ინსტიტუტისთვის. ჩვენ გვაქვს არანორმალური ვითარება, როცა ამ პოლიტიკური მასკარადის შემდეგ, ვგულისხმობ UNICEF-ის ეპოპეას და შემდეგ კვირიკაშვილის გადაყენებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მოჰყვა ის, რომ დღეს თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო, სთხოვთ პარლამენტს ნდობის გამოცხადებას ისე, რომ არ ეუბნებით მას, ვინ არის თქვენი გუნდი და ამბობთ, რომ ორ კვირაში იტყვით, ვინ არის თქვენი გუნდი. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს პარლამენტში არის ისეთი უმრავლესობა, რომელიც ვიცით, რომ ნდობას გამოგიცხადებთ თქვენ, უფრო სწორად ივანიშვილის არჩევანს. არც ვიცი კითხვა როგორ უნდა დაგისვათ, რადგან არც ველი არანაირ პასუხს“, - მიმართა გიგა ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს.

დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პირობებში მცირე მთავრობის ხედვა კომიკურია.

„თუ ეს ხედვა გქონდათ, ე.წ. მცირე მთავრობის, რაც ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში კომიკურია, ბიუროკრატიის, გადასახადების და ტვირთის ზრდის ფონზე, მაგრამ თუ ეს ხედვა გქონდათ, აქამდე სად იყავით? კვირიკაშვილი გიშლიდათ ხელს? არ ახორციელებდით ამას“? - აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია ასევე დაინტერესდა, გადადგება თუ არა მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამას მოსთხოვს.

„ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი. ერთეული პიროვნების გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებაში“ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიღება.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური გუნდი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური გუნდი მიღებს ამის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ჩემთან მიმართებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი აღნიშნა, რომ მცირე მთავრობის ინიციატივა არის სწორი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც დღემდე აკეთებდა „ქართული ოცნება“.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ, სამინისტროების გაერთიანებისას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც დებდა პირობას, რომ ამოცანა იყო ხარჯის შემცირება, სინამდვილეში კი არც ერთი თეთრი არ დაზოგილა.

„მთელი ეს პროცესი, დაწყებული უმრავლესობის სხდომით, სადაც ვითომ „იუნისეფის“ კვლევაზე იყო საუბარი, შემდეგ ბახტაძის არჩევით, რომელიც ყველაზე გამოუცდელი გახლავთ ამ გუნდშიც კი, და შემდეგ დროებითი მთავრობის კონცეფცია და მინისტრები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან მობრძანებული, ოღონდ არ იციან, ორი კვირის მერე იქნებიან თუ არა მთავრობაში - ტოვებს ღრმად არასერიოზულ შთაბეჭდილებას და აღრმავებს იმ აზრს, რომ ამ გუნდს არ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა. ამიტომ ბუნებრივია, რომ „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს წარმოდგენილ გუნდს და ჩვენ ვიქნებით ძალიან კრიტიკული ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს დღეს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ბაქრაძემ.