მმართველ გუნდში მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს მთავრობის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ხილვა არ სურს და მინისტრთან კონკრეტული კითხვები აქვს, ნაწილი კი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის მთავრობაში წულუკიანი დროებითი მინისტრია და სტრუქტურული ცვლილების შემდეგ, რომლის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა სასჯელაღსრულების სამინისტრო, თეა წულუკიანი თანამდებობას დატოვებს. არსებული ინფორმაციით, გაერთიანებულ უწყებას კახა კახიშვილი ჩაიბარებს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში პრობლემები არსებობს, თუმცა დასადგენია, ამ პრობლემების არსებობაში პირადად თეა წულუკიანს მიუძღვის თუ არა წვლილი.
„გამოწვევები ამ სფეროში რომ არის, მგონი ჩვენ რომ საგამოძიებო კომისია შევქმენით, ამის დადასტურება იყო, თუმცა ქალბატონი წულუკიანის პირადი, სუბიექტური მიზეზი რამდენად არის ამ რეალობის შექმნაში, ეს არის გასარკვევი, თორემ არავინ უარყოფს, რომ ამ სფეროში პრობლემები არის“, – აცხადებს რომან კაკულია.
დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი თვლის, რომ ამ ეტაპზე თეა წულუკიანის განთავისუფლების საფუძველი არ არსებობს. უმრავლესობის წევრი იმასაც ამტკიცებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი წულუკიანის მუშაობით კმაყოფილია.
„მუდმივად ყველა კმაყოფილი არ იქნება. შესაბამისად არსებობენ და მუდმივად იარსებებენ ადამიანები, რომლებიც იუსტიციის მინისტრის მუშაობით უკმაყოფილო იქნებიან. თუმცა აქვე არსებობენ ადამიანები და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მისი მუშაობით კმაყოფილია. ამიტომაც საკითხს ასე, ცალსახად ვერ დავაყენებდი. ვფიქრობ, რომ პროცესს თეა წულუკიანი საკმაოდ ეფექტურად მართავს, ამიტომ ჯერ მისი შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
იუსტიციის მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს პრეზიდენტს და ამ კრიტიკის ერთ–ერთი საფუძველი სასამართლო სისტემაში და პროკურატურის მიმართულებით გატარებული რეფორმებია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანი არ იყო ეფექტური მინისტრი და ვერ შეძლო ქვეყანაში სამართლებრივი რეფორმების გატარება.
„თეა წულუკიანის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი დასაბუთებული პრეტენზია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებით ნათლად გამოაჩინა, რომ მართლმსაჯულების სისტემა შეიძლება ითქვას, საქართველოში ვერ შედგა, ვერ აშენდა, საბაზისო, ფუნდამენტური საკითხები. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თავიდან არის დასაწყები ამ სისტემების შექმნა. ახალმა პრემიერმა და მთავრობამ თვალი უნდა გაუსწორონ ამ პრობლემას და არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, თეა წულუკიანი სამთავრობო გუნდში აღარ უნდა იყოს“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
იუსტიციის მინისტრის ცვლილების მოლოდინი აქვს სახალხო დამცველს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, საზოგადოებას უნდა მისცეს პირობა, რომ დაუყოვნებლივ გაატარებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა.
„სახალხო დამცველი არ გააკეთებს არანაირ კომენტარს ცვლილებებთან ან კანდიდატების შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, მან საზოგადოებას უნდა მისცეს პირობა, რომ დაუყოვნებლივ გაატარებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც არის გასატარებელი და რაც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა.
ეს ეხება როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე სამართალდამცავ სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფორმირების პროცესი იმ ფორმით, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი უწევდნენ რეკომენდაციას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
იუსტიციის მინისტრის შეცვლას ითხოვს არასამთავრობო სექტორი. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრის პორტფელს თეა წულუკიანის მაგივრად სხვას ჩააბარებენ.
„იუსტიციის მინისტრის მიმართ საზოგადოებაში არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება. ეს უარყოფითი განწყობა დიდწილად ობიექტურია. ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან იქნება გონივრული ნაბიჯი, თუ იუსტიციის მინისტრის პორტფელს სხვას ჩააბარებენ“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.