მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა, თუმცა საკანონმდებლო უწყებას სამკვირიან ინტერვალში ორჯერ მოუწევს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქვს ერთკვირიანი ვადა მთავრობის შემადგენლობის დასახელებისათვის, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში შეუძლებელია კანონებში ცვლილებების შეტანა.
იმისათვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, ცვლილებები უნდა შევიდეს მთავრობის შესახებ კანონში.
„ამისათვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა, საჭიროა პროექტის ინიცირება და შემდეგ სამი მოსმენით განხილვა. კანონპროექტი მიდის პრეზიდენტთან, ბრუნდება უკან, ქვეყნდება და ასე შემდეგ. აღნიშნული პროცედურების გავლა ერთი კვირის განმავლობაში არის შეუძლებელი. მთავრობის შემადგენლეობის 1/3-ით განახლება ავტომატურ რეჟიმში მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს. სუფთა სამართლებრივი მიზეზია, რომ ჩვენ რამდენიმეკვირიან ინტერვალში მთავრობისთვის ნდობის ორჯერ გამოცხადება გვიწევს“, - განაცხადა კობახიძემ.
მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე - გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად - ნიკოლოზ გაგუა. ყველა დანარჩენი უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.
როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა. სწორედ ამიტომ, განახლებულ მთავრობას პარლამენტი კიდევ ერთხელ გამოუცხადებს ნდობას.
უკვე ცნობილია გრაფიკი, რომლის მიხედვით პროცედურები ჩატარდება - დღეს მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში; 20 ივნისს, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
მთავრობის დამტკიცების აღნისნულ სქემას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია - როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და პრემიერობის ახალ კანდიდატს კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ხელს ეს კაცი, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც, რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას.
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კონსტიტუციით იმართება და ის პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს მისი წინადადების გადახედვას ურჩევს.
„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. იმიტომ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ?! თუ კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე, ან ახალი შემადგენლობა წარმოადგინეს, ასე „ჰაი-ჰარად“ წარმოდგენილი მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ეს ყოვლად წარმოუდგენელია“, – ამბობს უსუფაშვილი.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, პარლამენტი ჯერ მთავრობის შემადგენლობას წარმოდგენილი სახით გამოუცხადებს ნდობას; გამომდინარე იქიდან, რომ სტრუქტურული ცვლილებები სულ მცირე, 6 სამინისტროს შეეხება, ეს მთავრობის მინიმუმ 1/3-ით განახლებას იწვევს. კონსტიტუციის გათვალისწინებით ეს საფუძველია იმისა, რომ მთავრობა ხელახლა შევიდეს პარლამენტში ნდობის მისაღებად.
„ქუთაისში გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მოხდება. ამის შემდეგ განხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები და ყველა კანონში შევა სათანადო ცვლილება. დაგეგმილია 14 სამინისტროს 11-მდე შემცირება. ცვლილება სულ მცირე, 6 სამინისტროს ეხება, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მთავრობის შემადგენლობა მინიმუმ 1/3-ით განახლდება. ეს კი არის საფუძველი იმისა, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტში ხელახლა შემოვიდეს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.
როგორც ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული, ამ სტრუქტურულ ცვლილებებში რა იგულისხმება და როგორ სახეს მიიღებს რეორგანიზაცია.
„რეგლამენტში უნდა ჩახედვა და დაზუსტება, რამდენად შესაძლებელი იყო, პარალელურ რეჟიმში მომხდარიყო ცვლილებების შემოტანა და ახალი მთავრობის დამტკიცება, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი გზით არჩიეს წასვლა. ვფიქრობ უსუფაშვილის აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ სამი კვირაც არ იქნება საკმარისი რეალური სტრუქტურული ცვლილებებისთვის და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ დროებით გადაგორებული მთავრობა ხანგრძლივად შემოგვრჩეს“,- ვარაუდობს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტის აზრით საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან პარლამენტი ივნისის ბოლოს მუშაობას ამთავრებს. შესაძლოა, რიგგარეშე სხდომების დანიშვნა გახდეს საჭირო, ამასობაში კი არჩევნებიც მოდის.
„მთავარია, არ მოხდეს მექანიკური შეერთება - ეს შედეგს არ გვაძლევს. ზოგადად, კი მომხრე ვარ არა მხოლოდ მცირე მთავრობის, არამედ მთლიანად, მცირე ხელისუფლების და ეს ეხება ადგილობრივ ხელისუფლებებსაც, მაგრამ ამაზე თვითონ ხელისუფლება კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ დამოუკიდებლად უნდა მომზადდეს ეს კონცეფცია - მის შექმნას და შემდეგ, გატარებას სამ კვირაზე ბევრად მეტი დრო სჭირდება“, - აცხადებს ძაბირაძე.
მისივე აზრით, თუ ასეთი ცვლილება არ განხორციელდა, რომელიც ხელისუფლების არსს შეცვლის მთლიანად, ყველა სხვა შემცირება მექანიკური იქნება, ასე გააკეთა თავის დროზე, კვირიკაშვილმაც.
„ბიუროკრატიული ხარჯებიც კი არ შემცირებულა - ახლაც არ ვიცით რა მოხდება, ეკონომიკური ეფექტი რა იქნება, ვნახოთ, რა კონცეფციას წარადგენენ“, - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
როგორც კონსტიტუციონალისტი, ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს, პროცედურულად კონსტიტუცია არ ირღვევა.
„თუკი შეცვლილ შემადგენლობაზეა ლაპარაკი, მაშინ მთავრობა ვალდებულია, ხელახლა მოიპოვოს ნდობა. თუმცა, რატომ გადაწყვიტეს ასე, ჩემთვის გაუგებარია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკური საკითხი და არა კონსტიტუციური - კონსტიტუციას რაც შეეხება, ის არ ირღვევა და ყველაფერი გამართულია“, - მიიჩნევს დემეტრაშვილი.
რაც შეეხება მცირე მთავრობას ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ პრემიერს საკუთარი ხედვა ექნება, მაგრამ პარლამენტმა უნდა შეაფასაოს, შეძლებს თუ არა, აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურად მართვას ამ კონცეფციით და ამ სტრუქტურით.
„ვფიქრობ, მთავრობა პერსონალური მრავალფეროვნებით ისედაც არ გამოირჩევა და სავარაუდოდ, თუ რამე შემცირდება, ძირითადად ხელოვნური ცვლილებები შეიძლება იყოს. დევნილთა სამინისტროს რაც შეეხება, ისე არ გამოვიდეს, რომ მთავრობამ ხელი ჩაიქნია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციაზე“, - მიიჩნევს ავთანდილ დემეტრაშვილი.
როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება. თუ ყველაფერი ძალაში დარჩა და ახალი პრემიერის გეგმებში მორიგი ცვლილებები არ მოხდა, ერთი თვის თავზე კიდევ ერთი ახალი მთავრობისთვის მოგვიწევს ნდობის გამოცხადება.