დავით ზარდიაშვილის შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პარტიის რესტრუქტურიზაცია, ბიძინა ივანიშვილის თვითშეზღუდვა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა არის. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკუთარი თავი თვითონ უნდა შეზღუდოს, რადგან დღეს საქართველოში არ არსებობს ძალა, რომელიც ივანიშვილს მოერევა.
რა შემთხვევაში დაიკავებს გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციურ ფლანგს და იქნება თუ არა მხარდაჭერილი დასავლეთის მიერ? – ამ საკითხებზე for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება და ხედავთ მის გადაწყვეტილებაში ლოგიკას?
დავით ზარდიაშვილი: მთავრობის მეთაურის ცვლილება არის არა შეცდომა, არამედ არალოგიკური, რომელიც არაფერში არ ჯდება. მთელი ეს პოლიტიკური პროცესი, თავის უმრავლესობა-უმცირესობიანად, მედია-ექსპერტებიან, მაყურებლიან-მონაწილეობიანად არაფრად არ ღირს. გამოვა ბიძინა ივინიშვილი და მოთავდება ყველაფერი. როცა „ნაციონალების“ აქცია გაკოტრდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა რადიკალური პოლიტიკური მოთხოვნები – გადადგეს მთავრობა და დინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როცა კვანძი უნდა გახნილიყო, გამოვიდა ბიძინა და მთავრობა გადააყენა.
როგორ ფიქრობთ, გიორგი კვირიკაშვილის განთვისუფლება არის პოლიტიკურად სტრატეგიული შეცდომა, რომელიც დაუშვა პარტიის თავმჯდომარემ, მით უფრო მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა იყო პრემიერ–მინისტრის გადადომა?
– ეს არ არის შეცდომა. ეს არის თამაში, თამაშისთვის რომელსაც საერთოდ არ აქვს ლოგიკური ახსნა. ამ გადაწყვეტილებაში არ ჩანს არც რაიმე ლოგიკა და არც რაიმე შორს მიმავალი გეგმა, არაფერი არ ჩანს.
უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი, ვიდრე არის. მაგრამ, თუკი ჰქონდა უმრავლესობას უფრო მეტის მოთხოვნა მთავრობისგან, რატომ ერთხელ არ დაისვა ეს საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომელსაც შეეძლო დაესვა მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი?
– ახსნა, რომ ჩვენ უკეთესი მთავრობა გვჭირდება, რასაკვირევლია, გასაგებია, ყოველთვის უკეთესის ძიებაში ხარ. მაგრამ, თუკი მთავრობის პოლიტიკას რაიმე პრობლემები ჰქონდა უმრავლესობაში, არ ენდობოდნენ პრემიერს, ეს განცხადება ადრე უნდა გაკეთებულიყო. პოლიტიკური პროცესი უნდა ყოფილიყო და არა ისე, როგორც ჩვენ ვნახეთ, ასეთი რამ დაუშვებელია. შეიძლება კვირიკაშვილის პასუხიმგებლობაც იყოს ის, რომ არასწორად გაიგო ის კრიტიკა და გადადა ეს ნაბიჯი. მაგრამ არ შეიძლება ეს ვითარება სერიოზულად განსაჯო, ირონიით და თვითირონიით უნდა უყურო.
მთავრობის გადაყენების საფუძველი არსებობდა?
– არა. პრემიერ–მინისტრის გადადგომის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ ბიძინამ ასე გადაწყვიტა და რა ვქნათ?!
პრემიერის გადადგომას ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხსნის აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი, რომლის განცხადებით, მთავრობა გარედან იმართება და შემაშფოთებელია ერთი ადამიანის გავლენა, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს...
– რთულია არ დაეთანხმო. რამდენიც უნდა ეცადონ და აპრავონ, ამაში ლოგიკას ვერავინ დაინახავს. ამ ვითარებში ექსპერტებმა, შემფასებლებმა, მონაწილეებმა, ოპოზიცია-პოზიციამ, ერთადერთი საკუთარ თავს შეგვიძლია დავცინოთ ისეთი რამეები მოხდა.
როდესაც აშშ ღიად საუბრობს ერთი ადამიანის გავლენაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი?
– გამოსავალი არის ინსტიტუციური დემოკრატია. ანუ, ჩვენ რაღაცნაირად უნდა მივიდეთ ინსტიტუციებამდე. უნდა შევასრულოთ ის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია. მაგრამ ეს ვერ მოხდება თუ პარტიის თავმჯდომარემ საკუთარი თავი არ შეზღუდა. დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, რომ მთელი ეს პოლიტიკური ფრონტი ბიძინას ფრჩიხლადაც არ ღირს, არავითარი წონა არ აქვთ და ეს არის შემაშფოთებელი. არა იმიტომ, რომ ბიძინა ცუდი კაცია - არა, ასეთი ვითარება გვაქვს.
ამ ვითარებაში პარლამენტმა აჩვენა, რომ ვერ ასრულებს თავის უფლება–მოსილებას?
– პარლამენტი თამაშგარეთ მდგომარეობაში დარჩა, გაბითურდა. ყველაზე უფრო სიმპტომატური იყო არჩილ თალაკვაძის გამოსვლა ცნობილი სხდომის შემდეგ, ლაპარაკობდა, რომ არაფერი არ ხდება, რომ არავითარი საკადრო ცვლილებები არ იგემებაო და მეორე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა. თალაკვაძე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სრულად გაბითურებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზოგიერთი დეპუტატი, ვინც კვირიკაშვილის ფანად ითვლებოდა, ალაპარაკდა რიგგარეშე არჩევენებზე.
ამ ვითარებაში რამდენად სწორია რიგგარეშე არჩევნები?
– ეს არის დაბნეულობის შედეგი. რას შეცვლის ეს რიგგარეშე არჩევნები? დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციის მიხედვით ეს წარმოუდგენელია, შეუძლებელია.
მძიმე სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკური პრობლემა არის ერთ–ერთი მიზეზი რატომაც მოხდა ცვლილება. ეს მაშინ, როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარე ორი კვირით ადრე ამტკიდებდა, რომ სიღარიბიდან ასეულობით ადამიანი ამოვიდა, რომ სოციალური პრობლემა ამ გუნდმა დაამარცხა, სად არის ლოგიკა?
– ლოგიკას ნუ ეძებთ, ეს არის შინაგანი უუნარობა. იმიტომ კი არა, რომ მათ რაიმე ინსტიტუციური პრობლემა აქვთ, არა. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, შინაგანდ თუ მწყობრად იქნებიან ჩამოყალბებული, არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდებათ. პოლიტიკური კრიზისის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუ პოლიტიკური კრიზისი მაინც შეიქმნა, ე.ი. ეს შიგნიდან მოდის და მაშინ პრობლემა მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არ არის, არამედ „ქართული ოცნება“ უნდა დაიშალოს, როგორც პოლიტიკური ძალა, რადგან აბსოლუტურად გაუგებარი ხდება, რა ლოგიკას მისდევს.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ–მინისტრს, სად შეიძლება ვიხილოთ გიორგი კვირიკაშვილი?
- ყველგან და არსად. შეიძლება საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, მაგრამ ესეც ირონიაა. ლოგიკის მოძებნა არის რთული, რადგან ესეც უნდა გადაწყვიტოს თავმჯდომარემ. თუ ღვთის ნება იქნება და თავმჯდომარე სიტყვას შეაწევს, მაშინ შეიძლება ვიხილოთ როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ლოგიკურად, შეუძლებელია იმის განჭვრეტა რა მოხდება ახლა საქართველოში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პროცესები, რასაც თვალ–ყურს ვადევნებთ, არის უცნაური რამ, მას მწყობრი ლოგიკა არ გააჩნია.
რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია გახლავთ ის, რომ ამ ერთი კაცის პოლიტიკური წონა უფრო მეტია, ვიდრე მთელი პოლიტიკური პროცესის. არავითარი რიგგარეშე არჩევნები და მთავრობის შეცვლას ამას არ შეცვლის, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრემიერი, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება ისევ პარტიის თავმჯდომარე.
აქიდან გამოსავალი არის ერთადერთი, პარტიის რესტრუქტურიზაცია, ბიძინას თვითშეზღუდვა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა, საკუთარი თავი თვითონ უნდა შეზღუდოს. არ არსეობს დღეს ძალა საქართველოში, რომელიც ივანიშვილს მოერევა, რაც დემონსტრაციულად იქნა ნაჩვენები. ისევ თვითონ თუ მოერევა თავის თავს, თორემ სხვა არავითარი გამოსავალი არ არის.
კვირიკაშვილს აქვს შანსი, რომ გამოჩნდეს ოპოზიციურ ფლანგზე და მიიმხროს ოპოზიციური ამომრჩეველი?
– დალაგებულ ქვეყანაში კვირიკაშვილი იქნებოდა საუკეთესო პრემიერ–მინისტრი. გაწონასწორებული, დინჯი, კარგად შეუძლია ვითარებაში გარკვევა, მაგრამ ერთადერთი რაც აკლია და რაც პოლიტიკაში შეიძლება გადამწყვეტი იყოს, ეს არის რისკი. პოლიტიკური რისკების აღება არ უყვარს, არ არის აქეთკენ მიდრეკილი. არადა დღეს ისეთი ვითარება არის საქარველოში, რომ რისკი აუცილებელია. თუ გარისკავს და გაბედავს დაბრუნდეს როგორც ოპოიციის ლიდერი, ეს იქნებოდა ერთ–ერთი კარგი გზა ქვეყანაში პოლიტიკური პორცესების განვითარების კუთხით.
თუ წავა ოპოზიციაში და საპარლამენტო უმრავლესობაში მონახავს თავისი მომხრეების რაღაცა ნაწილს, რასაკვირველია, ეს იქნება კარგი. ანუ, რასაც ვამბობდი, ეს უვარგისი პოლიტიკური კონგლომერატი რაც არის „ქართული ოცნება“, არაფრად არ ღირს, თავმჯდომარის გარეშე არაფერი ფასი მას არ აქვს, რაღაცა ნაწილებად დაიშლება და პოლიტიკური პროცესი შედგება. ოპოზიცურ ფლანგზეც სრული ნაგავი გვაქვს, რომელიც უნდა გავიტანოთ, არ ჭირდება ქვეყანას ეს ნაგავი. თუ კვირიკაშვილი ამას გააკეთებს, ეს პროცესი დასაბამს მისცემს ჯანსაღ პოლიტიკას. ამას მხოლოდ მივესალმები და, რა თქმა უნდა, მხარდასაჭერია, მაგრამ კვირიკაშვილისგან ამ ნაბიჯს ნაკლებად ველოდები. ის არ არის რისკიანი ფიგურა, რომელიც გარისკავს.
როგორც ამბობენ, აქვს ფინანსური რესურსი, მაგრამ ექნება დასავლეთი მხარადაჭერა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია?
- მას შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია პარტიის თავმჯდომარისთვის და საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე დაეყენებინა მთავრობის ნდობის საკითხი. თუ ნდობას მოიპოვებდა, მაშინ ბიძინა აღმოჩნდებოდა ოპოზიციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივად იქნებოდა ოპოზიცია. ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა თუ არ აპირებდა ოპოზიციის შექმნას. არ ვიცი რას იზამს, მაგრამ ფაქტია, რომ არ წავიდა პროცესების გამწვავებაზე. თქვა – ვტოვებ პოსტს იმიტომ, რომ არის განსხვავებული შეხედულებები პარტიის თავმჯდომარესთან და ამიტომ მივდივარო.
კონსტიტუციის მიხედვით პრემიერი არის უმაღლესი თანამდებობის პირი, მთავარი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინ არის თავმჯდომარე! თუ არის უთანხმოება, კონსტიტუცია გეუბნება, რომ ნდობის საკითხი უნდა დააყენო პარლამენტის წინაშე. თუ პარტია ენდობა თავმჯდომარე უნდა გაუშვან და თუ პირიქით არის, მაშინ ვინც ენდობა ის გადავა ოპოზიციაში.
დღევანდელ პარლამენტში შესაძლოა, კვირიკაშვილს მხარდამჭერები ჰყავდეს უმრავლესობაში?
- ამ რესურსს ვერ ვხედავ. სინამდვილეში „ქართული ოცნება“, ისევე როგორც სხვა ე.წ. პარტიები, რეალურად არის კლიენტელები, რომელთაც აკავშირებთ პირადი ურთიერთობები სარგებლის მიღების მოლოდინში და სხვა არაფერი. ესენი არ არიან მწყობრი იდეოლოგიის გამომხატველები, ან რომელიმე სოციალური ფენის ინტერესების გამომხატველები. რატომაც არიან უმრავლესობაში ეს არის სარგებლის მიღება. ეს სარგებელი არის – ფული და ძალაუფლება, სხვა არაფერი. მათ პოლიტიკური ამბიციები არ აქვთ, მხოლოდ სარგებელი უნდათ. ამ ფონზე ძალიან საინტერესო იქნება კვირიკაშვილი როგორც ოპოზიცია, რასაკვირველია, თუ გარისკავს.
გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ დალაგებულ ქვეყანაში კვირიკაშვილი იქნებოდა საუკეთესო პრემიერ–მინისტრი. ბევრი ქვეყანა იამაყებდა მისით, როგორც კომპეტენტურობის, ასევე სიდინჯის და ვითარების აწონ–დაწოვნის თავლსაზრისით, არასოდეს არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზიანებს, ეს ნამდვილად ვიცი. სამწუხაროდ, არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ლიდერის ფუნქციებს ატარებს.
ამიტომ წინასწარ ძნელია მის მომავალზე ლაპარაკი. ბიძინას კითხეთ, მან შეიძლება იცოდეს. არავინ არ იცის რა იქნება ხვალ, იქნება ის, რაც ბიძინას მოუნდება. მას რა მოუნდება, ეს უკვე ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ყველა გაგვაბითურა, აი ეს გააკეთა. როცა გაბითურდები ან უნდა გაიცინო, ან დაიბოღმო. მე მირჩვენია გავიცინო, იმიტომ, რომ რაც არის ჩვენივე ბრალია. ერთადერთი მოთამშე პოლიოტიკური სუბიექტი ბიძინა ყოფილა, დანარჩენი არაფრად არ ღირს. ოპოზიციური ფლანგი რაც არის ვიცით, მათგან კარგი არასოდეს არ გამოვა, ეს არის ნაგავი.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კვირიკაშვილი მისაღები და მხარდაჭერილი პოლიტიკური ფიგურა არის აშშ–ისთვის და დასავლეთისთვის, ის როგორც სავარაუდო ოპოზიციის ლიდერი, მხარდაჭერილი იქნება დასავლეთის და აშშ–ის მხრიდან, რომლისთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორი პოლიტიკური სურათი იქნება საქართველოში?
– ინსტიტუციური დემოკრატიის თამაშის წესების მომხრეა დასავლეთი, რა თქმა უნდა, ადეკვატურად აღიქვმას და მხარს დაუჭერს კვირიკაშვილის ოპოზიციურ ფლანგზე გადასვლას. ეს არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი, რომელიც არის ორიენტირებული განვითრებაზე, პოლიტიკური კონკურენციის შექმნაზე, იმაზე, რომ ხალხმა გადაწყვიტოს ვინ არის მართალი, კვირიკაშვილი, თუ ივანიშვილი.
ოპოზიციის არსებობა არის დემოკრატიის ნაწილი, რეალური ოპოზიციის, რომელიც ორიენტირებულია არა ნგრევაზე და უბედურებაზე, არამედ შენებაზე და ასეთი მიზნები უადავოდ ექნება კვირიკაშვილს. თუ შექმნის ასეთ სისტემას, ეს იქნება დიდი პროგრესი და განვითარება, მაგრამ ვეჭვობ, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, შეძლებს კი კვირიკაშვილი ამ რისკის აღებას. თუ ამას გააკეთებს, ამას ორი ხელით მივესალმები. მხარს დაუჭერს ყველა ის ადამიანი, ვინც ინსტიტუციური დემოკრატიის მომხრეა, პირველ რიგში ჩვენი პარტნიორი ქვეყნები.