ბახტაძის ფორმალური და არაფორმალური მთავრობა

ბახტაძის ფორმალური და არაფორმალური მთავრობა

მთავრობის მცირე კონცეფციის ფარგლებში რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება და არსებული 14 უწყებიდან მხოლოდ 11 დარჩება. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ამ ეტაპზე იმ სამინისტროების ჩამონათვალს არ ასახელებს, რომელიც უქმდება, თუმცა ადასტურებს, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან.

მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მოუწოდებს, ტექნიკურ მთავრობას ნდობა შემჭიდროებულ ფარგლებში გამოუცხადოს, რის შემდეგაც უკვე ახალი მთავრობა დასახელდება და ნდობის გამოცხადების პროცედურაც დაიწყება.

მამუკა ბახტაძე ამ ეტაპზე პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობით შევა. მიზეზი შემჭიდროებული ვადებია, რომელშიც მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს. მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის არსებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტში მთავრობა შემცირებული რაოდენობით წარდგება და არსებული 14 სამინისტრო 11–მდე შემცირდება.

„ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება სამწუხაროდ, კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება ცვლილებები, ეს პროცედურა პარლამენტში – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში, სესიაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.

სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრობის კანდიდატურები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ე.წ. მცირე მთავრობის ჩამოყალიბებაზე კონსულტაციები უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს. საუბარია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებაზე. დეპუტატები არ აკონკრეტებენ თუ რომელი სამინისტროების გაერთიანება იგეგმება, თუმცა არსებული ინფომარიციით, გაერთიანდება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროები; ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები; ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში გადანაწილდება დევნილთა და განსახლების სამინისტრო.

მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად ესმის თბილისის მერს კახა კალაძეს, რომლის შეფასებით, გვჭირდება მოქნილობა და ოპერატიულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„მიმდინარეობს მსჯელობა. ბატონი მამუკას ინიციატივა იყო მცირე მთავრობა. ეს კარგად მესმის, რადგან ჩვენ გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუ როგორ მოხდება გადანაწილება, რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება, რა ფორმით ფორმირდება, უახლოეს დღეებში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობის მცირე კონცეფცია მისაღებია, ნაწილი კი თვლის, რომ უკვე გაერთიანებული სამინისტროებიც უნდა დაიშალოს. „მწვანეების“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე გეგმავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფის საკითხი დასვას.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებასთან დაკავშირებით. მე დავსვამ საკითხს ისევ გაყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ახლა არ მოხერხდება, ამას ბიუჯეტში ცვლილება უნდა. ვთხოვ, რომ დაიწყოს კონსულტაციების პროცესი“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

მცირე მთავრობის კონცეფციას ემხრობა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

„ვემხრობი, იმიტომ რომ პირველ რიგში, ადამიანებს როდესაც აქვთ ძალიან ბევრი პრობლემები, პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ მთავრობა თავის თავზე გონივრულ თანხას უნდა ხარჯავდეს. გონივრულობა არ ნიშნავს მაინცდამაინც დაბალ ხელფასებს“, – აცხადებს რომან კაკულია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, შესაძლოა, გაერთიანდეს იუსტიციის სამინისტროსთან, მსჯელობის საგანია და საკითხი დღის წესრიგში დგას. ორი უწყების გაერთიანების შემთხვევაში გახდება თუ არა ქვეყნის მეხუთე მთავარი პროკურორი კახი კახიშვილი, ბესელიამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, ვინაიდან კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება. მას ბმა და ანგარიშვალდებულება ექნება მხოლოდ პარლამენტთან“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მაშ ასე, უკვე ცნობილია, რომ თანამდებობები დატოვეს, ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ასევე ცნობილია დროებითი მთავრობის შემადგენლობაც. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილე გენადი არველაძე დაიკავებს, ფინანსთა მინისტრის კანდიდატურად კი მამუკა ბახტაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურად დავით ზალკალიანი დასახელდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობა მას შემდეგ განახლდება, რაც სამინისტროების რესტრუქტურიზაციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

„სამინისტროების რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები იქნება, რასაც კანონმდებლობაში ცვლილებები სჭირდება. ამის გაკეთება ამ კვირის განმავლობაში შეუძლებელია. ამავდროულად, მთავრობის ფორმირებას თავისი ვადები აქვს და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს წარდგენა. გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი კანონმდებლობის მიხედვით ახალი მთავრობის ფორმირება, ამჟამად მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.

ამიტომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ეს სამინისტროები ფორმალურად მინისტრების მოადგილეების სახით იქნება წარმოდგენილი. ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელებთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე. უახლოეს მომავალში კი მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილება მიუღებელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის. როგორც „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, ქვეყანა კონსტიტუციით იმართება და ის პრემიერ–მინისტრობის ახალ კანდიდატს მის გადახედვას ურჩევს.

„ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა. ამიტომ ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. საჭიროა, სასწრაფოდ მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ. და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდე დავამტკიცებთ“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

სავარაუდოა, რომ ბახტაძე ამ ნაწილში „ნაციონალური მოძრაობის“ მარდაჭერას მიიღებს. რომან გოცირიძის განცხადებით, მისასალმებელია, თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები.

„თეა წულუკიანი არის ერთადერთი მინისტრი, რომელიც არ შეცვლილა ამ ექვსი წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს ორ რამეს – მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ის არის შავი სამუშაოს შემსრულებელი. ორმაგი დატვირთვის მქონე ადამიანის გაშვება ეტყობა ხელისუფლებისთვისაც არის პრობლემური.

მისასალმებელია თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები. საერთოდ არ არის საჭირო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სათავო ოფისი. მკვდარი ორგანიზაციაა ეკონომიკის სამინისტრო. მრავალი სხვა სამინისტრო თუ გაუქმდება, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. საქმე კეთდება მათ დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებში და არა სათავო სტრუქტურაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სამინისტროების რაოდენობის შემცირებას მოითხოვდა „ევროპული საქართველო“. სერგო რატიანის განცხადებით, წინა ჯერზე მმართველმა გუნდმა ეს გააკეთა, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რისთვისაც უნდა მომხდარიყო უწყებების შემცირება, ეს უნდა ყოფილიყო ბიუროკრატიის შემცირება. როგორც რატიანი აცხადებს, ივანიშვილმა მხოლოდ ჭადრაკის ფიგურები შეარჩია, ხოლო როგორ გადაანაწილებს მათ დაფაზე თავადაც არ არის ჩამოყალიბებული.

„ისტორიაში ბევრი დროებითი მთავრობა მახსენდება, მაგრამ არც ერთი არ მახსენდება სამკვირიანი დროებითი მთავრობა. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა საჭადრაკო დაფაზე დააყენა თავისი პაიკები და ოფიცრები, მაგრამ ჯერჯერობით არ განუმარტავს მათთვის, რომელი სად უნდა დადგეს. ამიტომ მათ, რომლებსაც საერთოდ ხედვა არ აქვთ არაფრის, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოყალიბებულა რა განლაგება ექნებათ საჭადრაკო დაფაზე“, – აცხადებს სერგო რატიანი.