მმართველი გუნდის, თუ პირადად ივანიშვილის შენიშვნებით განაწყენებულმა პრემიერ-მინისტრმა, როგორც ოპოზიციის ნაწილმა შეაფასა, კარი გაიჯახუნა, თუმცა მანამდე დეტალურად აგვიხსნა, რა გააკეთა ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„რომ არა ეს გადაწყვეტილებები, არ გვექნებოდა ეკონომიკური დინამიკა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება მინიმუმ 5-7 წლით გადავადდებოდა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომამდე.
ყოფილი პრემიერის განმარტებით, ეს გადაწყვეტილებები იყო - მცურავი სავალუტო კურსი; რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, რათა არ დამინუსებულიყო ეკონომიკური ზრდა; აგრეთვე, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.
„...ჩვენ შეგვეძლო, მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც კურსს დააფიქსირებდა, მოსახლეობას შეიძლება, იმ მომენტში ყოფას გაუადვილებდა, მაგრამ გავფლანგავდით სავალუტო რეზერვებს, ვერ მივიღებდით ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ დინამიკას, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და შესაბამისად, განვითარების პროცესი გადავადდებოდა.
ამიტომ, ეს იყო მტკივნეული, მაგრამ შეგნებული გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს გარკვეული კომპენსატორების შემოღება, ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველთა ფენებისთვის და ამ ნაწილში მე შემიძლია, მივიღო შენიშვნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანას მოუტანა დღეს არსებული დინამიკა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ვიდრე კვირიკაშვილი მემარჯვენე ნაბიჯებს დგამდა, მთელმა საქართველომ იცოდა, ორ არჩევნებზე გაცხადებული „ქართული ოცნების“ სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, თუმცა, მხოლოდ შიგადაშიგ ისმოდა სახელისუფლებო გუნდის ერთეული დეპუტატების წამოძახილები და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია მოსახლეობისთვის უკიდურესად მწვავდებოდა.
რას ლაპარაკობს ოპოზიცია, რომელსაც აქვს ის იმიჯი, რაც აქვს, ნაკლებად საინტერესოა, რადგან მას არც ხელისუფლება უსმენს და მით უმეტეს, არც საზოგადოება. ეს სამწუხარო რეალობა კიდევ უფრო სამწუხარო სურათს ქმნის - ქვეყანა მთლიანად ხელისუფალთა ნებაზეა ჩამოკიდებული და იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ საკუთარ შეცდომებს თავადვე გამოასწორებენ - ან კიდევ ერთხელ გააბრაზებენ ხალხს.
ვიდრე კვირიკაშვილი მემარჯვენე ნაბიჯებს დგამდა, სხვადასხვა დამოუკიდებელი კვლევით, გამოკითხვით და დაკვირვებით სწორედ ის სურათი გამოისახა, რამაც თავის დროზე, დასავლურ ეკონომიკებში სერიოზული კონფლიქტი შექმნა.
2018 წლის აპრილის მდგომარეობით ეკონომიკურმა ზრდამ 6,5%-იც კი შეადგინა და სწორედ ამაზე აპელირებდა ეკონომიკური გუნდიც და ხელისუფლებაც, რომ ზრდის 2,8-იანი მაჩვენებელი სულ რაღაც ერთ-ორ წელიწადში ასე მკვეთრად შეიცვალა.
„საქართველოში ეკონომიკა იზრდება, თუმცა ეს თანაბრად არ აისახება ყველა ფენაზე - მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის მდგომარეობა უმჯობესდება, გარკვეული ჯგუფებისთვის კი იგივე რჩება ან უარესდება. შესაბამისად, მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ყველა ფენის კეთილდღეობის ზრდას არ ნიშნავს“, - აცხადებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები აბსოლუტურად არაერთგვაროვანია, რიგ დარგში ზრდა, ზოგან კი, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, შემცირება დაფიქსირდა. რაც მთავარია, საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია:
„იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური სტაბილურობა გვქონდეს, ანუ შემოსავლების მხრივ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ამხელა განსხვავება არ იყოს, ჯინის კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს, 28-32-ს“, - აცხადებს სტატისტიკოსი.
2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,1-ით გაიზარდა და 41-ის ნიშნულს მიაღწია. ამ კოეფიციენტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა გაზრდილია.
კულუარებში ყოველთვის საუბრობდნენ, რომ კვირიკაშვილი მამუკა ხაზარაძის ფინანსური ინტერესების გამტარებელი იყო, თუმცა რას ფიქრობდა ამაზე საპარლამენტო უმრავლესობა, ან ფიქრობდა თუ არა საერთოდ, რამეს, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლებო გუნდებს შორის ამ მდუმარე ბრძოლის შედეგი დღეს უკვე სახეზეა და არსებობს UNICEF-ის შედეგებს შეწირული კვირიკაშვილიც, მაგრამ არ არის პასუხი - როდის აირჩია საქართველომ ეკონომიკური განვითარების ის კურსი, რასაც კვირიკაშვილი ატარებდა?! გაეპარათ ასეთი პარადოქსი თუ გააპარეს?!
საქართველოს ლეგენდარული ფინანსთა მინისტრი, ცნობილი ეკონომისტი, პროფესორი დავით იაკობიძე იმ ლაფსუსებზე გვესაუბრება, რომელიც მთავრობის მეთაურმა დაუტოვა ქვეყანას და რომელსაც ჯერ არ ვიცით, დაძლევს ან გამოასწორებს ახალი პრემიერი, თუ მის ინტერესებშიც არ შევა.
დავით იაკობიძე: დედოლარიზაციის პროგრამამ ნამდვილად გაამართლა და ეს იყო ყველაზე კარგი, რაც მოხდა უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში. ამან შეაძლებინა ქვეყანას ფულად-სასაქონლო ფასთწარმოქმნის პროცესის ჰარმონიზაცია. მაგალითად, ამას მოჰყვა ფასების შედარებით შემცირება უძრავ ქონებაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე; იმედი გაჩნდა მიკრო ბიზნესის სფეროში...
მეორე მხრივ, იყო სერიოზული ჩავარდნები - რამდენი წელია, ყველა ლაპარაკობს ბანკების თვითნებობაზე, ვიდრე არ გამოჩნდა ბახტაძე, მთავრობა ამ თემაზე ძალიან პასიური იყო.
ავიღოთ რეალური სექტორი - 2018 წელს გლეხებმა უფრო ნაკლები სავარგული დახნეს, ვიდრე 2017 წელს. ვინმემ განიხილა ეს? ვინმემ მოისმინა კვირიკაშვილისგან ამისი მიზეზების შესახებ?
მიშა სააკაშვილიც კი ატარებდა ხოლმე ტელევიზორიდან რაღაც სხდომებს და გუბერნატორებს უცაცხანებდა, რას აკეთებს რატომ არ ხნავთო. კვირიკაშვილს, არსებობს თუ არა სხვა დარგები, სოფლის მეურნეობაა ეს თუ მშენებლობა, არ აინტერესებდა, - ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
ის იყო ძალიან ძლიერი ბანკირი, კარგად ესმოდა ფულის მიმოქცევის პრობლემები და ფიქრობდა, რომ რეალურ სექტორს მერე, თავისთავად წამოიკიდებდა ფინანსური სექტორი, მაგრამ ეს ასე არ ხდება...
როგორც ჩანს, შიდა პრობლემებიც იყო, შესაძლოა, მევახშეებთან შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად გარკვეულ ნორმატივებსაც სთავაზობდნენ, რომ შემოეღო, მაგრამ არ დათანხმდა, - ვერ გეტყვით...
იყო, როგორც დადებითი მომენტები, ასე, სერიოზული ჩავარდნებიც და სწორედ ამიტომ არის სადავო, მისი საქმიანობა ეკონომიკაში ეფექტიანად უნდა შეფასდეს თუ - პირიქით.
თუმცა კვირიკაშვილიც და ბოლო მომენტამდე, მთელი ხელისუფლებაც იმაზე აპელირებდა, რომ შეძლო და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,5-დან 6,5%-დე აიყვანა - რის ხარჯზე მოხდა ამ მაჩვენებლის ზრდა?
- 2% რომ დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა, ეს მთელ მსოფლიოში საერთო კრიზისის მაჩვენებელი იყო. ჩვენთან რომ 2-ზე იყო ჩამოსული, ევროპაში 0,5 იყო. სომხეთში - 0% გახლდათ, აზერბაიჯანში - კიდევ უარესი. ახლა გადახედეთ - ყველგან 5 და 6%-ია. ასე კი არ უნდა დათვალო, შარშან ფეხსაცმელი რომ მიჭერდა, წელს მომერგო და კარგიაო - რთულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების მიხედვით ვინმეს ეკონომიკური საქმიანობის შეფასება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მსოფლიოში ტრენდია, რომ აღმავლობის პროცესია და განვითარება ხდება.
კონკრეტული პრობლემა გაგვიჩნდა, ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა პარეტოს ოპტიმურობის ეფექტით იმოქმედა - ანუ ვიღაცას სადღაც შემოსავალი რომ გაეზარდა, ეს სხვას მოაკლდა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სიღარიბეც გაიზარდა - აქვე უნდა ყოფილიყო მექანიზმი, რომელიც ამას დაარეგულირებდა...
ამასაც თავი დავანებოთ, საპენსიო რეფორმა გაატარა? პენსიები გაზარდა? ის 900 ათასი პენსიონერი ხალხი არ არის? მაშინ, ვისია ეს ქვეყანა?
ამდენი ხანი რატომ ვერ კითხეს, ბანკირებმა კიდევ უფრო მეტი ფული რომ იშოვეს, სხვები რატომ ვერ მდიდრდებიანო?!
გარდა ამისა, ყურადღებას იმსახურებს ფასიანი ქაღალდების ბაზარიც - ბოლოს გამოვიდა, რომ ადამიანმა მხოლოდ საბანკო სექტორისთვის შეასრულა სერიოზული ლობის როლი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
სიმართლე გითხრათ, ახლა კვირიკაშვილის გადადგომა პოლიტიკურად დროულ ნაბიჯად ნამდვილად არ მიმაჩნდა, ვგულისხმობ აქციებს და ოპოზიციის რაღაც მოთხოვნებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თურმე კონცეპტუალური სხვაობაა მასსა და გუნდის მიდგომებს შორის.
ასეთი დოქტრინალური მოდგომა რომ საბაზრო ეკონომიკა ყველაფერს თვითონ მიხედავს, აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ არის.
კარგი, ამასაც თავი დავანებოთ, ტყიბულში ამდენი ხალხი რომ დაიხოცა, რამე ღონისძიება გატარდა? შრომითი ინსპექცია შეიქმნა? ან რაიმე სხვა, სახელმწიფო-პოლიტიკური ღონისძიება შეიმუშავა? ჭიათურაში რომ გაფიცვები იყო, ან მადნეულში ხალხს რომ პრობლემები აქვს, ვინმესთან მივიდა და რამე უთხრა? ისევ ელემენტარულს ვიმეორებ - მიწა რომ არ დაიხნა, მთავრობის თავმჯდომარეს არ გაინტერესებს, რატომ?!
ანუ გამოდის, რომ მემარჯვენე პოლიტიკას ატარებდა? თავადაც ასე ამბობს...
- მემარჯვენე პოლიტიკას კი არა, ბანკების პოლიტიკას ატარებდა, მე თუ მკითხავთ! როცა ქვეყანა გაბარია, კონკრეტული სიტუაციის მიხედვით უნდა მოიქცე და არა ისე, რას გკარნახობს დოქტრინა. რომ ნახე, ორი კაცი გამდიდრდა და 100 გაღარიბდა, კითხვა არ გაგიჩნდა? ლამის მილიონამდე პენსიონერს თუ არაფერად თვლი, მშობლები მაინც ხომ გყავს - იმათ არ სჭირდებათ არსებობა?
ამ ხელისუფლების მიმართ სიმპათია ერთადერთი, იმიტომ მქონდა, რომ ვხედავდი, რაც შეეძლოთ ხალხის სასარგებლოდ შრომობდნენ და ვთვლიდი, მეტი არ იცოდნენ, არ გამოსდიოდათ... მოვიდა თუ არა ფინანსთა მინისტრად ბახტაძე, ეგრევე გაასწორა აქციზები - რევოლუციური შეტევა იყო ფისკალურ პოლიტიკაზე, როცა ალკოჰოლიანი სასმელების აქციზი ისე დგინდებოდა, როგორც მოეპრიანებოდათ და რუსეთიდან შემოტანილი სასმელი უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ადგილზე წარმოებული. ძალიან მარტივად მოაგვარა ბახტაძემ ეს პრობლემა - ალკოჰოლის შემცველობით განისაზღვრა აქციზი და ეს ნორმატივი ყველასთვის მისაღებია. რატომ დასჭირდა ამდენი დრო ამ საკითხის მოგვარებას, არ ჩნდება კითხვა? თანაც მთელი მსოფლიო ამ პრინციპით მუშაობს. გამოდის, რომ ეს არ იყო პრემიერისთვის მნიშვნელოვანი თემები.
ამ წერტილიდან, სადამდეც მივედით, არის შესაძლებელი იმ სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მიღება, რაზეც უკვე ახალი გუნდი საუბრობს?
- თუ 600 ათასი ჰექტარიდან მხოლოდ 250 ათასი გაქვს დამუშავებული, კიდევ გაქვს შანსი, რომ დანარჩენიც დაამუშავო, ანუ სოფლის მეურნეობაში მიიღო ჯერადი ზრდა - გააორმაგო. ეს რატომ ვერ უნდა გააკეთო, როდესაც მცირე ბიზნესის სახით საამისო რესურსიც გაგაჩნია და ხალხი დღე და ღამე მუშაობს?! რა პირობებს ქმნი იმისათვის, რომ ტურისტული ინდუსტრია განავითარო და ადგილობრივ მოსახლეობას მეტი შანსი მისცე?!
შენ რომ ამაზე არ გისაუბრია, ტელევიზიით არ გამოსულხარ, ხალხისთვის არ მოგისმენია, ეს ადამიანი (ბახტაძე) ამბობს, რომ მოგისმენთო, კონტაქტზე გამოდის და იწყებს ლაპარაკს - ეს ნიშნავს, რომ აზროვნებს და არ რცხვენია ლაპარაკის. ჩემი აზრით, ცოტა ხისტიც უნდა იყო, როცა ქვეყანა გაქვს სამართავი.
ოპოზიციას სერიოზული პრეტენზიები აქვს ამ ცვლილების გამო...
- ამ ოპოზიციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ გულისხმობთ, ჩემი აზრით, სირცხვილია მათ ნათქვამს გამოეხმაურო...
ახალმა პრემიერმა რა უნდა გაითვალისწინოს?
- ვინც არ უნდა იყოს ახალი პრემიერი, საჭიროა მას ქონდეს ქვეყნის უმთავრეს პრობლემებზე საკუთარი აზრი და მისი გამოხატვის სურვილი. მიმართოს თავისი ენერგია ქვეყანაში განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად.
მისი რიტორიკიდან გაქრეს 9-წლიანი გამოცდილების შეფასებები და ნაცებისაკენ თითის გაშვერას ჩაენაცვლოს თვითკრიტიკა, შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორების გზების ძიება; უნდა შეეძლოს ბოდიში მოუხადოს მოსახლეობის იმ ფენებს, რომელთა მდგომარეობაც გაუარესდა.
უნდა შეძლოს, საჯაროდ, ყველას დასანახად, წამოჭრას მნიშვნელოვანი პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გზები. მაგალითად, რატომ ხვდება ადგილებზე (ყაზბეგი, მესტია, ონი, ცაგერი, ხულო და ა.შ.) მოსახლეობა ნებისმიერ ახალ წამოწყებას (ჰესის, სატრანსპორტო მაგისტრალის და სხვ. ) წინააღმდეგობრივად, რატომ ვერ რეგულირდება მიკრობიზნესში რიგი პრობლემებისა (გაიხსენეთ გუდაურის ინციდენტი).
ჩაერიოს და პირადი პასუხისმგებლობა აიღოს საინვესტიციო პოლიტიკაზე. ინვესტიციების ყველა წყაროზე, მათ შორის, ამისათვის შექმნილი ფონდების საქმიანობაზე.
გააუქმოს ზედმეტი სამინისტროები... გამოაცოცხლოს ქვეყანაში მიძინებული ფისკალური პოლიტიკა და ბიუჯეტირების პროცესი... იზრუნოს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე და ფასიანი ქაღალდების ბაზარის დაჩქარებულ განვითარებაზე.
ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სწორი და ეფექტური წარმართვის მიზნით თვითონ წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში...
ითანამშრომლოს ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელიც ჩაერთვება მარეგულირებელი ორგანიზაციების საქმიანობაში... ეფექტურს გახდის კადრების შერჩევის მექანიზმს საზღვარგარეთ სამუშაოდ და ა.შ.
ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სისტემები მინისტრთა კაბინეტის მუდმივი ყურადღების ობიექტი გახდეს; ყურადღება დაუთმოს საკადრო პოლიტიკას დაბოლოს, ბევრი იაროს საქართველოში და ადამიანები ბევრ რამეზე აუხელენ თვალს.