მამუკა ბახტაძეს მოუწევს დაუნდობელი ბრძოლა ბანკების და სიღარიბის წინააღმდეგ!

მამუკა ბახტაძეს მოუწევს დაუნდობელი ბრძოლა ბანკების და სიღარიბის წინააღმდეგ!

უახლოეს მომავალში ქვეყანას ახალი პრემიერი უკვე ოფიციალურად ეყოლება. დაადგება თუ არა ქვეყანა განვითარების ახალ გზას, ამას მოგვიანებით ვნახავთ. მამუკა ბახტაძის ამ ეტაპზე გაცხადებული გეგმები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მისი წინამორბედის გეგმებისგან, მაგრამ ქვეყანა ცვლილებების მოლოდინშია. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ და რასთან მოუწევს ახალ პრემიერს გამკლავება, სანამ შედეგებს დავინახავთ, მანამ განმარტებებს ანალიტიკოსებისგან ვისმენთ.

ამჯერად, for.ge სოციოლოგ ვაკა გორგილაძეს ესაუბრა.      

როგორ აფასებთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რას ნიშნავს ქვეყნისთვის მამუკა ბახტაძ დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?

- უწინარესად ეს ნიშნავს ახალი ეკონომიკური პოლიტიკის მკვეთრ შეტრიალებას ჩვეულებრივი მოსახლეობის, რიგითი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. დღემდე, ჩვენი პოლიტიკები ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურის და სოციალურ სფეროში თითქოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ხირციელდებოდნენ და არ იყვნენ ერთმანეთთან ბმაში. მაგალითად, ჩვენ გვაქვს რეგიონში საუკეთესო ზრდის ტემპები, იზრდება ქვეყნის შემოსავალი, ასე 2018 წლის 15 ივნისს, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 232.მლნ ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ერთ დღეში შემოსულ გადასახადებს შორის და საერთო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულია 608 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 121 მლნ ლარით, 25%-ით აღემატება. მაგრამ, ყოველივე ეს უდავო ეკონომიკური წარმატება ჯეროვნად არ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.

თქვენი აზრით, რატომ არ ხდება ეკონომიკური ზრდის ასახვა მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე?

- სწორედ ეს არის მთავარი კითხვა და პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც მოუწევს ახალ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს და ბახტაძე ამ თვალსაზრისით საუკეთესო და რელევანტური კანდიდატია პრემიერის პოსტზე. საქმეც ისაა, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ მოსახლეობის შემოსავლებზე ეს ჯეროვნად არ აისახება. მეტიც, გვაქვს სოციალური პარადოქსი, შემოსავლები არ ეზრდება მათ, ვინც უკვე არის დასაქმებული, ხოლო ის ვინც იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, მათი შემოსავალი იზრდება ყოველწლიურად. ამ ლოგიკით და მოცემული დინამიკით, რამდენიმე წელიწადში მოსახლეობისთვის უფრო სარფიანი იქნება სოციალური დახმარების მიღება და უმუშევრად ყოფნა, ვიდრე ჩაბმა აქტიურ საქმიანობაში, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორში. ამიტომაც ვამბობ, რომ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკები აცდენილია ერთმანეთისაგან.

და რითი შეიძლება აიხსნას, ეს თქვენს მიერ ნახსენები სოციალური პარადოქსი, როდესაც ციალური პროგრამებით სარგებლე მოქალაქე თავისი შემოსავლებით, ლამის, უტოლდება დასაქმებულს?

- ავხსნი მაგალითზე, თქვენს ირგვლივ ალბათ, საკმაო ადამიანი არის დასაქმებული, მათგან ალბათ, 70%-ს მაინც აქვთ აღებული სამომხმარებლო, იპოთეკური, მომენტალური ან სხვა სახის კრედიტები და სესხები. ლარის დევალვაციამდე, ამ ხალხს უწევდა გარკვეული თანხის შეტანა კრედიტის დასაფარად, ლარის დევალვაციის შემდეგ მათ გაუძვირდათ კრედიტის მომსახურება დაახლოებით 30%-ით. სწორედ ეს არის ჭარბვალიანობის პრობლემა, რაზეც პირველად საუბარი დაიწყო მამუკა ბახტაძემ და არა მხოლოდ ლაპარაკი, ბახტაძემ, ამ თვალსაზრისით, განახორციელა ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმები.

თქვენ გულისხმობთ რეფორმების პაკეტს, რომლის შედეგადაც ბანკებს შეეზღუდათ საპროცენტო განაკვეთების გაზრდა?

- არა მხოლოდ, მამუკა ბახტაძის რეფორმა მოიცავს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან სიახლეს. პირველი, თანხის გადაუხდელობის გამო, დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე. მეორე - სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს შეადგენს 100%-ს, მცირდება 50%-მდე. წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე. ბუნებრივია, რომ აღნიშნული რეფორმა ემსახურება ერთადერთ მიზანს, ჩვენი მოქალაქეების დაცვას უსამართლო თამაშის წესებისგან.

ეს მხოლოდ ერთი რეფორმის მოკლე აღწერაა, ყოფილი ფინანსთა მინისტრის ინიციატივით არის მიღებული ფუნდანენტური რეფორმა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. მაგალითად, მამუკა ბახტაძეს გადაწყვეტილებით

მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის უპრეცედენტოდ დაბალი - 1%-იანი გადასახადი დაუწესდა.

თქვენი აზრით, რა პრობლემების გადაწყვეტა მოუწევს ახალ პრემიერ-მინისტრს პირველ რიგში?

- სხვა ინიციატივები, რომლებიც შემუშავებულია ბახტაძის გუნდის მიერ, ნათლად ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ბახტაძე გააგრძელებს სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანაში არის 600 ათასი ადამიანი, რომელიც არის შესული ბანკების ე.წ. შავ, პრობლემური გადამხდელების, სიაში. ამას ემატება ისიც, რომ დასაქმებულების უდიდესი ნაწილი არის ჩაბმული ბანკების ხაფანგში და, რომ არა ბახტაძის ინიციატივები, მათი უდიდესი ნაწილი იქნებოდა განწირული სიღარიბისთვის. ამდენად, ბახტაძეს მოუწევს სასტიკი ბრძოლა უსამართლობასთან, რაც ნიშნავს ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციას და წვდომას საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეეძლება ქონების ჩადების გარეშე, მინინალურ საპროცენტო განაკვეთით, მაგალითად წლიური 2-3%-იანი კრედიტის აღება სხვა ფინანსურ ინსტიტუციაში (და არა აუცილებლად ბანკში) და მშვიდად საკუთარი საქმის წარმართვა. დარწმუნებული ვარ, მამუკა ბახტაძე ამას შეძლებს. საამისოდ მას ყველაფერი გააჩნია, უნიკალური განათლება, წარმატებული გამოცდილება, ტექნოლიგიურობა, ენერგიულობა და გამბედაობა! მოკლედ, მამუკა ბახტაძეს მოუწევს დაუნდობელი ბრძოლა ბანკების და სიღარიბეს წინააღმდეგ!