ბახტაძე ეკონომიკურ გუნდს ცვლის

ბახტაძე ეკონომიკურ გუნდს ცვლის

მმართველმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენს უკვე წარუდგინა. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ვალდებულია, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სწორედ უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება მთელ მინისტრთა კაბინეტს შეუწყდა. მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გუნდში კონსულტაციები უკვე დაიწყო.

წინასწარი ინფრმაციით, ცვლილება ეკონომიკურ გუნდს შეეხება. უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ფორმირების პროცესში აქცენტი ახალი ეკონომიკური ხედვების წახალისებასა და წარმოჩენაზე კეთდება.

„სასურველია, ახალი ეკონომიკური ხედვები ახალმა პერსონალიებმა წარმოადგინონ. ამ ეტაპზე ვერ დავაკონკრეტებ, თუ როგორი პერსონალური ცვლილებები განხორციელდება მთავრობაში. თუმცა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძე ამ თემაზე კონსულტაციებს აწარმოებს როგორც უმრავლესობასთან, ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის განახლებულ შემადგელობაში ვერ მოხვდება ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეცვლის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცქიტიშვილი თავის მოადგილეს ირაკლი ქარსელაძეს ჩააბარებს.

ეკონომიკური გუნდის გარდა, შეიცვლება კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. არსებული ინფორმაციით, ჯანელიძეს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე ჩაანაცვლებს. ცვლილებები არ შეეხებათ ძალოვან მინისტრებს. არსებული ინფორმაციით თანამდებობას ინარჩუნებს იუსტიციის მინისტრი, რაც მმართველ უმრავლესობაში დაპირისირების მიზეზი უკვე გახდა.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს უმცირესობა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე.

„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ამ პროცესში არ არსებობს პოლიტიკური ლოგიკა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ. ყველაფერი წყდება ოთახში, დახურულ კარს მიღმა. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრემიერის კანდიდატად შეარჩიეს კადრი, რომელიც ამ გუნდშიც კი ნაკლებად გამოცდილია, რომელსაც არ იცნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება, ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე“, –განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, გადადგეს ყველა ის მინისტრი, რომელსაც რაიმე სახის შეხება აქვს მოზარდების მკვლელობის საქმესთან. გოცირიძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს იუსტიციის მინისტრი. მისი თქმით, მთავრობა გადადგა საზოგადოებაში არსებული პროტესტის გამო, მაგრამ მხოლოდ პრემიერის შეცვლა არაფერს ცვლის.

„პირველ რიგში უნდა წავიდეს ის ხალხი, რომელმაც ზიანი მიაყენა ქვეყანას. ჩაიდინა მრავალი ბოროტება, შექმნა უსამართლო, ძალადობრივი სისტემა და ქვეყანა მიიყვანა ასეთ უმძიმეს სიღარიბემდე, რასაც ამტკიცებს საერთაშორისო გამოკითხვები. ეს იყო უსამართლობის ტალღაზე გადამდგარი მთავრობა. პირველ რიგში უნდა წავიდეს ყველა ძალოვანი და უნდა წავიდეს იუსტიციის მინისტრი.

ასევე ამ საქმესთან ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული ყველა პირი, სოზარ სუბარით დაწყებული დამთავრებული შს მინისტრით. მთავრობის გადადგომა არის სერიოზული პოლიტიკური აქტი თუ მთავრობის გადადგომა მივიდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძის წასვლამდე, მაშინ ეს არის აბსურდი, პიროვნული თვისებებით კვირიკაშვილი და ჯანელიძეც ათი თავით სჯობია იმ მავნებლებს, რომელთა დატოვებასაც ივანიშვილი აპირებს“, – აცხადებს რომან გოცირიძე.