საქართველოს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში კონკრეტული კანდიდატების შერჩევას და წარდგენას პრემიერ–მინისტრობის კანდიდატისგან ელის. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილ რომელიმე ცვლილებაზე ან მინისტრობის რომელიმე კანდიდატურაზე, ისევე როგორც ამ ეტაპზე უმარველსობაში არ აქვთ დადასტურებული პასუხი კითხვაზე – ვინ იქნება ქვეყნის მეხუთხე მთავარი პროკურორი.
არსებული ინფორმაციით მმართველი გუნდი ამ ეტაპზე მთავარი პროკურორის კანდიდატად, უმრავლესობის წევრის და ყოფილი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურას განიხილავს. თავად ნარჩემაშვილი ამ ეტაპზე პროკურატურაში თავის თავს ვერ ხედავს.
„ჟურნალისტებისგან გავიგე ეს ამბავი. ახლა ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ნებისმიერი პირი, ვინც დასახელდება მთავარ პროკურორად, ის არ უნდა გახდეს იმ სტერეოტიპების მსხვერპლი, რომელიც დღეს მუსირებს საზოგადოებაში. ზოგიერთი პარტიის და ტელევიზიის ნარატივს... ფაქტობრივად დიმიტრი გელოვანი უნდათ.
სარალიძის საქმემ ნაკლოვანებები დაგვანახა, უნდა მოხდეს ცვლილებები. ახალმისულ ადამიანს უნდა ესმოდეს ეს ყველაფერი. მარჩიელობას ვერ დავიწყებ ვინ იქნება, მაგრამ არ ივარგებს ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს შეხება პროკურატურასთან ან გამოძიებასთან. მისი ძირითადი გამოწვევა უნდა იყოს სისტემის შეცვლა“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მთავრობას ამ ეპატზე ინარჩუნებს თეა წულუკიანი, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ახალი პროკურორის არჩევის შემდეგ წულუკიანი მთავრობას დაემშვიდობება.
თავის მხრივ ახალი პროკურორის შერჩევაში მონაწილეობაზე უარს სწორედ თეა წულუკიანის გამო აცხადებს უარს არასამთავრობო სექტორი. სამოქალაქო სექტორის განცხადებით, შოთაძესთან ერთად პასუხისმგებელი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებაზე, წულუკიანიც არის. მიუხედავად ამისა, მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში ჩართულია წულუკიანი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც ვსაუბრობთ თეა წულუკიანის გადადგომაზე, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობს არა მხოლოდ მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო, არამედ – საპროკურორო საბჭო, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი კანონმდებლობით არის დარეგულირებული. თუ ვინმეს სურს კანდიდატის დასახელება, პროცესი ღიაა. მოვიდნენ, დაასახელონ, დაასაბუთონ, ჩვენ მზად ვართ პარლამენტშიც და მთავრობაც მზად არის, რომ ამასთან დაკავშირებით იმსჯელოს“, –განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ მთავარი პროკურატურის თანამდებობა ოპოზიციის კანდიდატმა უნდა დაიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებაში მარიონეტების შეცვლას არანაირი შედეგი არ ექნება.
„პრობლემის ღერძი არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენერალური პროკურორის ადგილის გამოგლეჯა ხელისუფლებისგან და საზოგადოების მხრიდან დანიშვნა. ჩვენ წარვადგინეთ შალვა შავგულიძე. კარგი იქნება თუ სხვებიც წარადგენენ კანდიდატებს და „ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორი აღარ გვეყოლება. ეს მოიტანს რეალურ ცვლილებას არსებულ სიტუაციაში, დანარჩენი ყველაფერი მარიონეტული ცვლილებებია“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.