უმრავლესობის უმცირესობა რიგგარეშე არჩვენებზე საუბრობს

უმრავლესობის უმცირესობა რიგგარეშე არჩვენებზე საუბრობს

მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდეგ, უმრავლესობის შიგნით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე დაიწყო საუბარი. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც ცნობილია, როგორც კვირიკაშვილის გუნდის წევრი, აცხადებს, რომ თუ სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხები არ გაეცემა, სრულიად ლეგიტიმური იქნება მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, რომან კაკულია ამბობს, რომ უფრო პოზიტიურად იქნებოდა განწყობილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მიმართ, თუ დაინახავდა, რომ ქვეყანაში რადიკალურად არსებობს პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა.

„რა აზრი აქვს არჩევნებს თუ ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკური გადანაწილების უფრო მაღალხარისხიან შეცვლის შესაძლებლობას. უფრო მნიშვნელოვანი სამთავრობო განახლება მგონია“, - აცხადებს რომან კაკულია.

არაოფიციალური ინფორმაციით, კობერიძეს იდეას პარლამენტში მხარდამჭერები ჰაყვს და რიგგარეშე არჩევნების საკითხი პარლამეტში მწიფდება. არ არის გამორიცხული, ამ გუნდმა განახლებულ მთავრობას მხარი არ დაუჭიროს. როგორ განვითარდება პროცესები ამის პროგნოზირება უჭირთ უმრავლესობაში.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის გამართლებული არ იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელი იქნება იმ კუთხითაც, რომ პარლამენტში ოპოზიციის რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

„მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს, თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის რაოდენობა პარლამენტში, რომელიც დღეს 33-ს შეადგენს, შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ სჯობს არ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ასევე, პირობითად, დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. სხვადასხვა მიზეზებით, არ იქნება სწორი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოქმედი პარლამენტი არის ქვეყანაში სტაბილურობის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების და რეფორმების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი.

„შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ დგას დღის წესრიგში და ახლა ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. საზოგადოებამ, ამომრჩეველმა ოთხწლიანი მანდატი მოგვანიჭა და ეს ვალდებულება ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიტყოდი პირიქით, მოქმედი პარლამენტის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება ახლო მომავალში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში უმრავლესობის წევრის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი დაბნეულობის შედეგია, რადგან, მისი თქმით, დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციის მიხედვით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

„პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე და ახალი პრეზიდენტის არჩევიდან 6 თვის განმავლობაში, ანუ აპრილამდე ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. იურიდიულად ეს აბსურდია და ამას, რომ თავი დავანებოთ, რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკობს უმრავლესობის წევრი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, მაგრამ რატომ ვერ გავიგე. საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა განლაგება ისეთია, რომ რიგგარეშე არჩევნების არავითარი საფუძველი არ არსეობს. რიგგარეშე არჩევნები ინიშნება, როცა პოლიტიკური კრიზისია, ანუ როცა ხელისუფლება არის უუნარო მიიღოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს დავით ზარიაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხის დასმა ლოგიკურია. მისი თქმით, თუ მთავრობა გადადგა, მაშინ უფრო ლოგიკურად მიაჩნია უმრავლესობა წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე.

„სხვა შემთხვევაში აზრს ვერ ვხედავ რატომ მოხდა კვირიკაშვილის გადაყენება, რადგან არანაირი გარე ფაქტორი არ იყო. დღეს „ქართული ოცნება“ უფრო წამგებიან მდგომარეობაშია, რადგან ოპოზიცია თვლის, რომ ამ აქციების გამო აიძულა ხელისუფლება წასულიყო ამ ნაბიჯზე. არადა რეალობა სხვა იყო - საპროტესტო ტალღამ თავისი თავი უბრალოდ ამოწურა და არანაირი საფრთხე იმისა, რომ საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გამხდარიყო, არ ჩანდა.

თუ არა რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება, სხვა მოტივს ახლა გადაეყენებინათ ხელისუფლება, ვერ ვხედავ. ვფიქრობდი, რომ თუ კვირიკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად უნდოდათ, ცოტა მოგვიანებით გადადგამდნენ ამ ნაბიჯს, ახლა უბრალოდ არ მესმის ხელისუფლების ამ ქმედების ლოგიკა. ამიტომ მგონია, რომ ლოგიკური იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არადა მაშინ სხვა ლოგიკაა, რომელსაც მე ვერ ვხედავ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების კონსტიტუციურობას - 7 დღის ვადაში უმრავლესობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს პრემიერ-მინისტრის წარდგენა. 7 დღის ვადაში ახალი პრემიერი თავის გუნდს წარადგენს პარლამენტში და შეგდეგ უკვე 7 დღის ვადაში პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მთავრობა. თუ პარლამენტმა ვერ დაამტკიცა მთავრობა, 30 დღის შემდეგ უნდა მოხდეს განმეორებითი კენჭისყრა და თუ ისევ ვერ შეძლო პარლამენტმა ახალი მთავრობის დამტკიცება, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი ვალდებულია, რომ 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ არსებულ ვითარებაში ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა არ შეიძლება.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ თუ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მაინც ვერ ჩატარდება - ასეთ შემთხვევაში ჩვენ პრეზიდენტის არჩევნებს უნდა დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაითამაშოს პარლამენტმა თვითდათხოვის პროცედურა.

მისი თქმით, კონსტიტუციის ის ნორმები, რომელიც აღნიშნულ საკითხებს არეგულირებს, არის ხარვეზიანი, ბუნდოვანი და მსჯელობა იმის მიხედვით უნდა წარიმართოს, თუ რა იქნება კონსტიტუციურად გონივრული და ლოგიკური მოცემულ შემთხვევაში.

„კონსტიტუციის 51-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა არ შეიძლება, გარდა ერთი გამონაკლისისა. ეს გამონაკლისი არის კონსტიტუციის მე-80 მუხლი. აღნიშნული მუხლი კი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უცხადებს ნდობას ახალარჩეული პარლამენტი მთავრობას.

არსებობს ხუთი ვითარება, რა დროსაც შეიძლება პარლამენტი იყოს დათხოვილი და ხუთივე ვითარება კონსტიტუციის მე-80 მუხლზე მიუთითებს. მაგრამ, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ის გამონაკლისი, რომელიც პრეზიდენტის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შეიძლება მოხდეს, მე-80 მუხლის ტექნიკურ ასპექტებს უკავშირდება, მაშინ გამოვა, რომ ამ ჩანაწერს საერთოდ არ ჰქონია აზრი, პარლამენტის დათხოვა ყველა შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილა და აღნიშნული მუხლიც უშინაარსო გამოდის“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.