პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, რომელიც თითოეული მოქალაქის პრობლემებამდე მისვლას გეგმავს - უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს დღეებში პარლამენტში საკუთარ ხედვას წარადგენს, რომელიც რამდენიმე მთავარ პრინციპზე იქნება დაფუძნებული და მასში მთავარი იქნება ადამიანი.
„მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივია, მაგრამ ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა“,- განაცხადა ბახტაძემ.
ახალი პრემიერი უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში წარსდგება საკუთარი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება რამდენიმე მთავარ პრინციპზე.
პირველი, ესაა ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია - ამ მხრივ „ქართული ოცნების“ წარმატებას გაღრმავება სჭირდება.
მეორე, განვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს, ბუნებრივია, გავაგრძელებთ დემოკრატიიული ინსტიტუტების გაძლიერებას.
მესამე, ესაა მთავრობის მცირე კონცეფცია - საქართველოს სჭირდება მოქნილი სამთავრობო უწყებები. საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა.
ბახტაძის თქმით, საქართველო არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა, ხოლო ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა.
რაც მთავარია, მისი პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობაა, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანს.
„თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამისთვის, საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი და ყველა იდეის კონსოლოდიცია. მე დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, - აღნიშნა ბახტაძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, შეარჩიეს ძალიან ღირსეული კანდიდატი, გაითვალისწინეს მისი გამოცდილება და განათლება, უნარი, მართოს ქვეყანა - ეს იყო კრიტერიუმები რითაც ქვეყნის პირველი პირი შეირჩა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა პროცედურულად მამუკა ბახტაძემ უნდა წარადგინოს სამთავრობო გუნდი - მინისტრების 14-კაციანი შემადგენლობა
საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.
მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება.
მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წლის 9 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამასთან, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნესსკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2005-2006 წლებში მამუკა ბახტაძე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის მენეჯერი; 2010-2012 წლებში - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.