„კახიშვილს აქვს ერთი ნაკლი - ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით თავისი აზრი გააჩნია, რაც ფაქტობრივი მმართველისთვის ხშირად მიუღებელია“

„კახიშვილს აქვს ერთი ნაკლი - ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით თავისი აზრი გააჩნია, რაც ფაქტობრივი მმართველისთვის ხშირად მიუღებელია“

უკვე მერამდენედ მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტურია. ამ სავარძელზე პერიოდულად იცვლებიან კანდიდატურები, მაგრამ ეფექტური მართლმსაჯულების დაპირება დაპირებად რჩება. დღესაც მსჯელობენ, ვინ უნდა გახდეს მთავარი პროკურორი. სახელდება კანდიდატურებიც - კახა კახიშვილი, შალვა შავგულიძე, ვანო ზარდიაშვილი და სხვები.

თავის დროზე, სანამ ამ პოსტზე არჩილ კბილაშვილს შეარჩევდნენ, მაშინაც იყო კახა კახიშვილის კანდიდატურაზე საუბარი. ბევრი ადამიანისთვის კახიშვილი სასურველი პიროვნება იყო. თუმცა კახა კახიშვილს სასჯელაღსრულებითი სისტემა არგუნეს.

მთავარი პროკურორის პრინციპულობის მიუხედავად, რებუსად რჩება ერთი საკითხი, რაგინდ უმწიკვლოც არ უნდა იყოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რის გაკეთებას შეძლებს იგი ნაციონალური მძევლობის პირობებში, როცა ძველ გამომძიებლებსა და პროკურორებს ისევ მიჰყავთ პარადი ამ სისტემაში?! როცა არ არსებობს არანაირი მაკონტოლებელი, რომელიც თაროზე შემოდებული, ან არასწორად გამოძიებული საქმეების ჯეროვან გამოძიებას დაავალებს ამ გამომძიებლებს?! ასევეა სასამართლო სისტემაში, სადაც ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ის ვერ ჩაერევა თავისი მოსამართლეების საქმეებში და არ მისცემს მითითებებს, მაგრამ ასეთი ჩაურევლობა იწვევს იმას, რომ მაკონტროლებლის გარეშე თავის ნებაზე მიშვებული სამართალი ურმითაც არ დადის და მოსამართლეები კვლავაც განაგრძობენ უსამართლო განაჩენების გამოტანას. ამ სისტემური ხარვეზის გათვალისწინებით, აქვს კი აზრი ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ მთავარ პროკურორად ან იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილის დანიშვნის იდეას აბსოლუტურად ემხრობა. მისი აზრით, ბატონი კახიშვილი არის ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც ამ მთავრობას ჰყავს და, რომელსაც პირადად იგი ენდობა, როგორც ინდივიდი და მოქალაქე. დანარჩენი კი ყველა უნდა გადადგეს და ყველამ გაიზიაროს პასუხისმგებლობა.

„თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტია, ეს განსხვავებული ცნებაა. ბატონი კახა კი არის მაღალპროფესიონალი, მას გააჩნია პოლიტიკური ნება და ის აუცილებლად გამოავლენს ამ პოლიტიკურ ნებას. კახა კახიშვილი მართლაც არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურა, მას გააჩნია იმის უნარი, გაატაროს რეფორმები. სასჯალაღსრულებითი სისტემის მართვისას მან დაამტკიცა, რომ კარგი რეფორმატორია, ფაქტობრივად, მან სააკაშვილის სისხლიანი ციხე გადააქცია სანიმუში პენიტენციალურ სისტემად. ამ ფაქტს ვერ გავექცევით. მანვე გამოავლინა რეფორმატორული უნარ-ჩვევები, რომელიც დღეს ჰაერივითაა აუცილებელი ძალოვან სტრუქტურებში, იუსტიციის სამინისტროსა და, განსაკუთრებით, პროკურატურაში. თორემ ცალკეული ადამიანები კარგი ორატორები არიან, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული საქმეები არ ჩანს.

რეფორმა გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო პროკურატურაში, სანამ ჩვენ დღეს მივიღებდით არშემდგარი სახელმწიფოს სინდრომს. როცა მთავარი პროკურორი გვეუბნება, მე შვეიცარიიდან უნდა ჩამოვიყვანო გამომძიებლები და შვეიცარიაში უნდა ჩავატარო ექსპერტიზაო, გამოდის, მან თავისი პირით აღიარა, რომ საქართველოს პროკურატურა არ არსებობს და ამ პროკურატურამ რიგითი კრიმინალური დანაშაულიც ვერ გამოიძია. მკვდარია ეს პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურებიც არ არსებობს ამ ქვეყანაში. ასეთმა ლოიალობამ აქამდე მოგვიყვანა“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატურას მნიშვნელობა აქვს ჩამოყალიბებულ სისტემაში, როცა მას აქვს საქმიანობის ამპლიტუდა, მაგრამ, სადაც სისტემა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს, სადაც პოლიტიკური ნებაა საჭირო ცვლილებების გასატარებლად, აქ გენპროკურორის პიროვნებას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მას ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლია. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ვაჟა ბერიძე დასახელებულ კანდიდატურათა შორის ბევრ ადამიანს უნარიანად მოიხსენიებს, მაგრამ მათ შორის მაინც კახა კახიშვილს გამოარჩევს. მისი აზრით, კახიშვილი განათლებული, კულტურული, ზრდილი, პრინციპული, პატიოსანი ადამიანია, მაგრამ მას აქვს ერთი ნაკლი ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ფაქტობრივი მმართველის თვალში. კახა კახიშვილს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით თავისი აზრი გააჩნია, ეს კი ფაქტობრივი მმართველისთვის ხშირად მიუღებელია ადამიანების, კადრების შეფასებისას.

„სახელმწიფო არ არის დამსჯელი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უთვალთვალოს და აკონტროლოს ყველა უწყება. ქვეყანაში ყველა მიმართულება უნდა იყოს საზოგადოებისა და მედიის მახვილი თვალის ქვეშ. თვითონ სასამართლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ მოსამართლემ არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება. ხარვეზიანი მართლმსაჯულებაც იმ მემკვიდრეობის შედეგია, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო „ნაცმოძრაობისგან“. გულახდილნი თუ ვიქნებით, საქართველოში, სამართლის სფეროში პროფესიონალი კადრების რესურსი მაინცდამაინც არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ტაქსისტს ხუთი დიპლომი აქვს. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაეკონტროლებინა ეს სისტემა, რათა ის ნეგატივი აღმოეფხვრა, რაც სააკაშვილმა დატოვა ამ სფეროში და გაეკონტრილებინა სწორედ მიშასდროინდელი მოსამართლეების მეშვეობით. ეს ნაბიჯი მცდარი აღმოჩნდა, რამდენადაც რეალურად სურათი არ შეიცვალა. ფაქტობრივად, ამ მოსამართლეებს ივანიშვილმა უთხრა, თქვენ თავისუფლები ხართ, თავისუფლად მიიღეთ გადაწყვეტილებები. თუმცა ამ ტაქტიკაში ჩადებული იყო საფრთხე, რომ მოვედი ახალი ხელისუფლება და მე გენდობით თქვენ, რადგან რომ შეგცვალოთ, ამის რესურსი არ გამაჩნია. რახან მე თქვენ გტოვებთ, მიუხედავად თქვენი ცოდვებისა, ბუნებრივია, თქვენ მითითების გარეშე უნდა მიხვდეთ, რა მაძლევს მე ხელს და თქვენ უნდა იყოთ ლოიალურნი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. აქ იგულისხმება ივანიშვილი და სხვები. სწორედ ეს იყო მიუღებელი, რამაც მერე პრობლემების ჯაჭვი გამოიწვია იმავე პროკურატურაში და სხვაგან.

როცა ამბობენ, სისტემა უნდა დაინგრესო, ჩემი აზრით, ეს მოწოდება ამ აქციის მხარდამჭერი „ნაციონალების“ პირიდან ისე ჟღერს, რომ უნდა დაინგრეს სახელმწიფო, ეს კი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე შეფასებით, სინამდვილეში, სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, არამედ უნდა შეიცვალოს, გაუმჯობესდეს, რადგან დანგრეული სისტემა დანგრეული სახელმწიფოა და ვაივაგლახით შეკოწიწებული საქართველოს იმიჯს, რომლის ტერიტორიების 22% ოკუპირებულია, ეს არ წაადგება. თუკი სისტემა დაინგრევა, მაშინ შეიძლება, როგორც ადრე იყო, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვეღარ ვეღირსოთ ერთიანობასა და მთლიანობას. ამიტომ ეს სახიფათო თამაშია, რაც ჩვენი მომავალი თაობებისთვისაა სახიფათო.