„მე არ მინდა რევოლუცია, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელების დასჯა“, – ამ სიტყვების ავტორს ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა სტვენით და შეძახილებით უპასუხეს. მეტიც, ის სუს–ის აგენტად შერაცხეს. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი თანაგრძნობა და სოლიდარობა შერჩევითია. ზაზა სარალიძის ტრაგედია კი პოლიტიკური კამპანიის ნაწილად აქციეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამის განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფმა ორგანიზატორებმა მას ზაზა სარალიძესთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს.
„ზაზა წამოვიდა, ჩამეხუტა და მზად იყო მოესმინა ჩემთვის, თუ რას ვეტყოდი ან რა თანაგრძნობას გამოვხატავდი ეს მხოლოდ მისთვის უნდა მეთქვა. მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა“, – განაცხადა დავით დადუნაშვილმა.
დავით დადუნაშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ზაზა სარალიძეს პირისპირ საუბრის საშუალებას არ აძლევს ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც მის გარშემო არის შეკრებილი, მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ არაპარტიული წევრები, ერთ–ერთი ასეთი კი ზვიად კუპრავაა, რომელიც აცხადებს, რომ მოთხოვნები უცვლელია.
„ჩვენ ძალიან კატეგორიულად და პრინციპულად ვითხოვთ უკვე ჩამოშლილმა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გამოაცხადოს კაპიტულაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ახალი მთავრობა რომელიც შეცვლის კვირიკაშვილს, ის აუცილებლად აღადგენს სამართლიანობას“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.
ხორავას ქუჩის ტარაგედიამ საზოგადოება გააერთიანა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ქუჩაში გავიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც აქციამ ნაციონალური სახე მიიღო, საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და ზვიად კუპრავას გვერდით დგომაზე უარი თქვა. დაზარალებული ზაზა სარალიძე მოუწოდებს ხალხს, დაუდგნენ გვერდში, რათა აქცია პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს.
„გაიგეთ ხალხო, ჩემთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს. მე ვარ თქვენნაირი ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს და თქვენ თუ არ დამიდექით გვერდში, აუცილებლად გამოიყენებს ამას ვიღაც. მოვუწოდებ ხალხს, რომ დამიდექით გვერდში, რათა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს ეს. მე ვითხოვ ჭეშმარიტების დადგენას და სამართლიანობის აღდგენას. არ ვითხოვ არც „ნაციონალების“ მოყვანას და არც „ოცნების“ დატოვებას. ბოდიში და ფეხებზე მკიდია ყველა პოლიტიკური პარტია, მაინც და მაინც ასე უნდა ვთქვა?!“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.
საზოგადოება სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ მოწოდების მიუხადავად აქციაზე გასვლაზე უარს ამბობს. უმძიმესი ტარგედიის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. ყოფილი ხელისუფლების წევრები რუსთაველზე არ აქტიურობენ, მაგრამ უზრუნველყოფენ აქტივისტების და მათი შვილების აქციაზე ყოფნას.
რუსთაველზე იმყოფებიან ახალგაზრდები. ამბობენ, რომ 51–ე სკოლის მოსწავლეები არიან, სოლიდარობას უცხადებენ დაზარალებულს და ამ მიზნით მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. თუმცა, იმავე ტრიბუნიდან არც ერთხელ არ ყოფილა მოწოდება მეგობრების მისამართით, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დაეხმარონ რეალური სურათის აღდგენაში. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ და რა მიზნით იკავებენ ტრიბუნას. რეალობა კი ასეთია – ახალგაზრდების უმრავლესობა არ არის 51–ე საშუალო სკოლის მოსწავლე. ახალგაზრდები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. თუკი სოციალურ ქსელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შვილები არიან.
გარდა ამისა, როგორც for.ge–ს სანდო წყარომ უთხრა, პარტიის კოორდინატორები აქტიურობენ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ხობი, სენაკი, ზუგდიდი – ეს ის ქალაქებია, სადაც აქტივისტები კარდაკარის პრინციპით საკუთარ მხარდამჭერებს სთხოვენ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე წასვლას და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მხარდამჭერების ჩამოსვლას არ უნდა ჰქონდეს ორგანიზებული სახე. ნაწილი მატარებლით, ნაწილი კი მანქანით უნდა შეუერთდეს საპროტესტო აქციას. მათ ფინანსურ უზრუნველყოფას „ნაციონალური მოძრაობა“ უზრუნველყოფს. ჩამოსულებმა უნდა დააფიქსირონ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ ზაზა სარალიძეს და ამ მიზნით ჩამოვიდნენ თბილისში.
ჯერჯერობით შს სამინისტრო არ საუბრობს აქციის პოლიტიკურ მხარეზე, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. მათივე შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია არ მოხდეს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფა, რისი რეალური საფრთხე ხურჩის ინციდენტის ორგანიზატორებისგან არსებობს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ვითარებაში ეცოდება ზაზა სარალიძე, რომელიც მომავალში დაინახავს რა პროცესის ინსტრუმენტი იყო თვითონ.
„უფრო შემეცოდება მომავალში, როცა დაინახავს რა პროცესის ინსტრუმენტი იყო. ახლა მას ჰგონია, რომ თვითონ მართავს პროცესს, მაგრამ რეალურად არის ინსტრუმენტი. მართავს სხვა და მე ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს. სარალიძე ამბობდა პოლიტიკურ პარტიასთან არავითარ კავშირში არ ვართო და ეჭვი არ მეპარება თვითონ ასე მიაჩნია, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ მიდის პოლიტიკური ბრძოლა, სადაც სარალიძის ტრაგედია არის ამ ბრძოლის ერთ–ერთი იარაღი,
ოღონდ, თვითონ ბრძოლის აზრიანობაში მეპარება ეჭვი. რომც გაიმარჯვოს და მაქსიმალური ვარიანტი ავიღოთ - მთავრობა გადადგა, დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – მერე რა? „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში? ხომ ფაქტია, რომ ვერ მოვა. მე არ მეგულება ამ პროცესის უკან აზრიანი ნაბიჯები. ვიღაცას გაუჩნდა შეგრძნება –გამოვიყენოთ ეს ტრაგედია და ეს ყველა ნაბიჯზე იკითხება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, ყოფილი ხელისუფლების მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის ისეთი ხარისხის შემქნა, რომ პროცესების მართვა ხელში აიღოს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ და ამ ჯგუფის საშუალებით მოვიდეს ხელისუფლებაში.
„ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მიზანია იმ ხარისხის დესტაბილიზაცია, რომ მოიშალოს ყველა მექანიზმი, მართვა დაიწყონ შეიარაღებულმა ჯგუფებმა, ამ ჯგუფების საშუალებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ძალით აიღონ ხელში ძალაუფლება. ეს ან დაუფირქებელი განზრახვაა, ან დაფიქრებული განზრახვა. სხვა ლოგიკა ამ პროცესებში არ არის. ვფიქრობ, რომ ნაციონალების გეგმა ვერ იქნება ხორცხშესხმული. მას შემდეგ რაც გამოჩნდა ნაციონალების პოლიტიკური ინტერესი, ხალხი უკვე არ გამოდის აქციაზე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, როგორც კი დაისვა პოლიტიკური მოთხოვნა – გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ბუნებრივი გახდა, რომ ეს არ არის კონკრეტულ საქმეზე რეაქცია, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც სიტუაციას მართავს არა სარალიძე, არამედ ზონდერი კუპრავა. ზარდიაშვილის შეფასებით, სწორედ კუპარავას ორგანიზებულია პროცესები და ძალიან დიდი ალბათობით მოთხოვნებსაც ის არჩევს.
„ის, რომ ლევან დადუნაშვილის მამას არ მისცეს სიტყვის დასრულების უფლება, ზაზა სარალიძესთან საუბრის საშუალება და სტვენით გააცილეს აქციიდან, ესეც სიმტომატურია. მთავრობის გადადგომა არის სრულიად აბსურდული მოთხოვანა. მოქმედი კონსტიტუციით, თუკი პრემიერ–მინისტრი საკუთრი ნებით არ გადადგება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუკი პარლამენტის ნდობას დაკარგავს, ხოლო უნდობლობის გამოსაცხადებლად პარლამენტმა ახალი პრემიერ–მინისტრი უნდა აირჩიოს.
რასაკვირველია, ქვეყანას მართავს კონსტიტუცია და არა მიტინგი. ამიტომ რაც არ უნდა მოითხოვოს მიტინგმა, სანამ კვირიკაშვილს პარლამენტში მყარი უმრავლესობა ჰყავს, რომელიც მას ენდობა, ბუნებრივია, მას და მის მთავრობას გადაყენების საფრთხე არ ემუქრება. რომც დავუშვათ, რომ კვირიკაშვილი ამ მიტინგის ზეწოლით გადადგეს, პარლამენტს ნამდვილად არ გაუჭირდება ახალი მთავრობის ფორმირება და ცხადია – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად იოტისოდენა საფუძველიც არ არსებობს“, – ამბობს დავით ზარდიაშვილი.
მისი თქმით, ყველაფერი ეს არის მზადება მორიგი რევოლუციისთვის, ისევე როგორც 2003 წელს პარლამენტში შეჭრა იყო კონსტიტუციური ფარგლებიდან გასული პროცესი.
„თუ სამართლიანობა და კონსტიტუციურ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, რასაკვირველია, ერთ მხარეს არის კონსტიტუცია, კანონი და სამართალი, მეორე მხარეს არის კვესიტაძე-გვარამიას შოუ, ქადაგება. საოცრება იყო, ეძებდნენ ყველაზე „ნიჭიერ პოლიტიკოსს“ რომელიც მალე და ეფექტიანად დაამხობდა მთავრობას და დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს. ყველანირი სამართლებრივი პროცესიდან არიან გასული.
ბუნებრივია, საზოგადოება ამას ხვდება და ლევან დადუნაშვილის მამის აქციაზე გამოსვლის შემდეგ დისკრედიდიტერულია ეს აქცია, რადგან სრულიად აშკარა გახდა, რომ ეს არ არის სამართლიანობისთვის ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა რევოლუციის მოსაწყობად. ყველა ნიშანია იმისა, რომ ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას. მიზანია ქვეყანა გაიყვანონ სამართლებრივი ჩარჩოდან, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მაგრამ ეს არ გამოვა. არ არის 2003 წელი, შუაზეც რომ გაიფხრიწოს გვარამია, რაც არ უნდა ილაპარაკოს, ხალხი არ აყვება, გამორიცხულია.
მოთხოვნა რაც თავიდან დაისვა – დაისაჯონ დამანშავეები და აღსრულდეს მართლმსაჯულება, რასაკვირველია, სამართლიანია და ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ როგორც კი გადავიდა პოლიტიკურ მოთხოვნებში და თანაც სრულიად უსაფუძვლოში, ხალხმა უარი თქვა მხარდაჭერაზე, რაც ლოგიკურია. აუცილებელია და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ეფექტური ქმედება, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.