ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე გუშინდელ აქციაზე ჯერ ვაკის პარკში შეკრებილ ახალგაზრდებს შეურეთდა, ხოლო საღამოს რუსთაველის გამზირზე პოლიტიკური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა.
„სადაც ჩემი შვილის მხარდამჭერები არიან, ყველგან ვიქნები“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი განმარტებით, ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნით დარჩება, შემდეგ კი სახლში წავა, რადგან მეუღლე ჰყავს ცუდად.
ზაზა სარალიძე დღეს 14:00 საათზე პრემიერ მინისტრს შეხვდება. მისი თქმით, შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
„ხვალ 2 საათზე მივდივარ პრემიერთან შესახვედრად, პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან აერთად“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ როგორც აღნიშნა, აქციაზე პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ, მაგრამ ჯერ არ იცის რა გამოვა აქედან, ვინაიდან შეხვედრის მთავარი მოთხოვნა პრემიერის გადადგომა იქნება. ამასთან, მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა არ შედგება, 10 ივნისს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.
„მოვილაპარაკეთ ზაზასთან. მივდივართ პრემიერთან კანცელარიაში ყველანი ერთად, სადაც კვირიკაშვილთან დიალოგის დაწყებას ვაპირებთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ამასთან, ყოველ საღამის სოლიდარობის აქციები გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი არ შეგვხვდება, კვირას 10 ივნისს, 16:00 საათზე მასშტაბური აქცია გაიმართება რუსთაველის გამზირზე“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
პროცესში აქტიურად არის ჩართული სახალხო დამცველი, ის რამდენჯერმე შეხვდა სარალიძეს და ცნობილი გახდა, რომ დღეს დილიდან სახალხო დამცველის ოფისი დაიწყებს აღნიშნული საქმის საგამოძებო მასალების შესწავლას.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება პასუხები. სახალხო დამცველი აგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს. აუცილებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე გარდაცვლილი პირების მიმართ მართლმსაჯულება ეფექტურად აღსრულდეს. ხვალ დილიდან ჩვენი თანამშრომლები დაიწყებენ აღნიშნული საქმის საგამოძებო მასალების შესწავლას.
აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას სიმშვიდისკენ. მაქსიმალურად გთხოვთ დიალოგის და სამუშაო რეჟიმში დავაკვირდეთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს და ჩვენ ვეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მონიტორინგის შედეგების შესახებ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატმა სისხლის სამართლის საქმის მასალებიც გამოითხოვა შესაფასებლად და მათ შესწავლას მაშინვე დაიწყებს, როგორც კი აღნიშნიშნული მასალები გადაეცემა.
ასევე ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე 5 არასრულწლოვნის და ერთი პედაგოგის გამოკითხვა დასრულდა. უწყების კითხვებს ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ. მედიასთან დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ გაუთქმელობის შესახებ პირობა აქვთ დადებული.
ადვოკატების თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი კითხვა, მათ შორის ერთ-ერთია, ვინმეს მხრიდან არასრულწოვნებზე ხომ არ მომხდარა ზეწოლა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები შესაძლებელია, კიდევ ერთხელ დაიბარონ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.