ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ ნელ-ნელა ქუჩაში უმართავ პროცესებში იზრდება გამოძიებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშფოთებული ოჯახი ვერც მთავარი პროკურორის გადადგომამ დაამშვიდა, ვერც საპარლამენტო კომისიის შექმნამ და ვერც შს სამინისტროს მიერ დაწყებულმა საქმის ახალმა ძიებამ. სარალიძეების ოჯახი ქუჩაში ითხოვს სამართალს. რამ მიიყვანა სიტუაცია ამ კონდიციამდე ამ თემაზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.
ლევან ალაფიშვილი: რასაც ვაკვირდებოდით, ეს იყო ინფორმაციულად მწირი პროცესი. პირველ ეტაპზე დაზარალებულ მხარეს ჰქონდა ნდობა, მოთმინებით ელოდა წარმატებულ გამოძიებას. თუმცა, მოგვიანებით, უკვე ეს ყველაფერი მის სკეპტიციზმში და მეტიც, მის და პროკურატურის დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოო შედეგმა გამახსენა 20 წლის წინანდელი პრაქტიკა, როდესაც გამოძიებაში გაფუჭებული საქმეების სასამართლოში გაშვება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
სხვადასხვა მიზეზით, ვინმე კონკრეტული პირის ან უწყებრივი მიზეზით, შესაძლოა, საქმის მოცილების ან უბრალოდ, არაპროფესიონალიზმის გამო გაფუჭებულ საქმეს გამოძიება უშვებდა საამართლოში და ამით ფაქტობრივად, სასამართლოს აწმენდდა ხელს - სასამართლოს „ტენიდა“ პასუხისმგებლობას - ეს ისტორია გამახსენა ამ საქმემ, მით უმეტეს, მაშ შემდეგ, რაც მოვისმინეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ცივი წყალი გადაასხა ყველას, ხოლო პროკურატურას განაჩენი გამოუტანა.
პოლიტიკოსების განცხადებებიც აღიარებაა იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც ამ ერთმა საქმემ წარმოაჩინა. ამას შემდგომ მოჰყვა აბსულუტურად გაუგებარი განცხადება უცხოეთიდან ექსპერტების მოწვევის შესახებ. მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტმაც იცის, რომ სასამართლოში გადასული საქმის ხელახალი და წარმატებული გამოძიების ალბათობა ძალიან დაბალია.
ამ გაფუჭებულ საქმეში რომ მტკიცებულებები დადასტურდება, სასამართლოს მიერ, ამას როგორ შეცვლის ახალი გამოძიება? ამ საქმის რევიზია ვეღარ მოხდება - ჩამოვიყვანთ გამომძიებლებს და ექსპერტებსო - ესაა სამწუხარო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერრიოდში დაზარალებული მხარეც, მათი გულშემატკივრებიც, საზოგადოებაში საუბრობდნენ ინტერესზე, რის გამოც შეიძლებოდა, გაეფუჭებინათ ეს საქმე.
ინტერესზე კონკრეტული პოლიტიკურ, თუ სუბიექტურ პირთა მხრიდან - ამ შემთხვევაში იყო მინიშნება კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში საეთოდ არ ფიგურირებენ და დასახელებულიც კი არ არიან.
როდესაც ასეთი სიტუაციაა, ისღა რჩება, ვივარაუდოთ მაღალი ალბათობით, რომ სამწუხაროდ, სისტემა პრობლემურია, გამოძიება ჯერ ისევ ძველი პრინციპით მუშაობს და თუკი ჩნდება ინტერესი, ისევ ძველებურად „რეაგირებს“.
ასეთი გახმაურებული საქმეები წარმოაჩენს ხოლმე სისტემის ეფექტურობას - ბოლო პერიოდის გახმაურებული საქმეა მაჩალიკაშვილების საქმე და მათმა ერთობლიობამ შეკრა წრე იმ დასკვნისთვის, რომ ჩვენი საგამოძიებო სისტემა, ჩვენი პროკურატურა რეალურად არ არის თავისუფალი გავლენებისგან და შესაძლოა, სულაც არ იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ეს კი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ერთი შოთაძე, როგორც მაღალი თანამდებობის პირი.
სისტემის შეცვლაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს იქნება ყველაზე ადეკვატური რეაგირება, არა მხოლოდ შოთაძის გადადგომა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, არამედ სისტემის შეცვლაზე ღია დისკუსიის დაწყებაა აუცილებელი. ისე უნდა შევცვალოთ სისტემა, რომ მსგავსი რამ ასეთი ციკლურობით არ ხასიათდებოდეს.
თუ ყოველ 5-10 წელიწადში მეორდება მსგავსი რამ, გამოდის, რომ სისტემა სულაც არ შეცვლილა, შეიცვალა რაღაც ელემენტები, დანარჩენი კი დარჩა იგივე.
დავუშვათ, პროკურატურა იყო გავლენის ქვეშ მოქცეული, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა, რომ პროცესის არაობიექტურად წარმართვის შემთხვევაში მას მოუწევდა პასუხის გაცემა - პროკურატურაში მომუშვე ადამიანებიც საქართველოში ცხოვრობენ და ხედავენ, რომ დღეს არ არის სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც თავს შეაფარებს და რეჟიმი დაიცავს მას აღშფოთებული საზოგადოებისგან...
- იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ავტორიტეტი საკმაოდ შებღალულია და არც ის არის თავისუფალი პროკურატურის თუ სხვა პოლიტიკური გავლენებისგან, სავარაუდოდ, გათვლა იქნებოდა ასეთი, რომ გაფუჭებულ საქმეს გაუშვებდა სასამართლოში, ისედაც დისკრედიტირებული სასამართლო გამოიტანდა რაღაც განაჩენს, მერე ჩვენც საზოგადოებასთან ერთად აღვშფოთდებით სასამართლოს გადაწყვეტილებითო.
მაგრამ აქ შეცდა პროკურატურა, ხალხი დღეს ქუჩაშია და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სიტყვას არ ამბობს. საზოგადოება ყველაფერს ადეკვატურად აღიქვამს, მათ შორის, პარლამენტიც და საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორედ ამის დასტურია.
თქვენ ამბობთ, უნდა სცოდნოდა, რომ არ გაუვიდოდაო - საიდან ეცოდინებოდა? ბოლო პერიოდში გავიხსენოთ აბა, რომელიმე საქმე, რომელიც პროკურატურას ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს მისცემდა? - ყველაზე გახმაურებული იყო სპეცოპერაციის და მაჩალიკაშვილის საქმე - ამ მაგალითზე რამეს ისწავლიდა პროკურატურა? სად გაუკეთებია მსგავსი რამ ისე, რომ არ გასვლია? - ალბათ, ეს აძლევდა იმედის საფუძველს.
იშვიათად თუ ყოფილა პარლამენტში კონკრეტულ საკითხზე ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება მიეღოთ - სასამართლოს განაჩენიდან რამდენიმე საათში პარლამენტის თავმჯდომარემ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა, მაშინ, როდესაც ნებისმიერი თემა ხანგრძლივი და დაუსრულებელი მსჯელობის საგანი ხდება ხოლმე - ეს ნიშნავს, რომ მთელი სიმძაფრით აღიქვა პრობლემის არსი პარლამენტმა?
- კომისიის შექმნა იყო ყველაზე ოპტიმალური პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მისი შესწავლის საგანი უნდა იყოს, როგორ - კარგად თუ ცუდად აწარმოა გამოძიება საგამოძიებო ჯგუფმა და როგორ გაუწია ზედამხედვერლობა მას პროკურატურამ ამ გამოძიებაზე - ანუ სისტემის გამართულობა უნდა შეისწავლოს ამ კომისიამ.
რაც შეეხება პარლამენტის რეაქციას, ბუნებრივია, ადეკვატური იყო, დროულიც. ეს იყო გამოძახილიც საზოგადოების განწყობისა, მაგრამ არა მხოლოდ დღევანდელი - 27 მაისს, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, შვილმკვდარმა მამამ საზოგადოებას სთხოვა თანადგომა, შვილი მომიკლეს და ვერ გავარკვიე ეს მკვლელობა იყო თუ არაო და მისი თხოვნა ხალხმა გაითავისა. ალბათ, მაშინ უკვე მიიღო სიგნალი პარლამენტმა, თუ რა სერიოზულად იყო საქმე. ეს მოხდა მაშინ, როდესაც სასამართლო განხილვები უკვე დასრულებული იყო და როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ შესაძლებელი იყო, პროცესები ისე წარმართულიყო, როგორც განვითარდა და ის, რომ მაშინვე შეთანხმდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, საკმაოდ ადვილი დასაშვებია.
პირველი, ვინც გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ კონტექსტში, რომ პროკურატურას მთლად კარგად არ აქვს გამოძიებულიო, იყო ქვეყნის მეორე პირი. სხვა შემთხვევაში გვინახავს როგორ რთულად მიიღება მმართველ გუნდში გადაწყვეტილებები და ეს ფაქტი მხოლოდ ერთზე მიანიშნებს - შიგნით იყო განხილვა, იყო მზაობა და მიიღეს კიდეც გადაწყვეტილება.
სამართალდამცველი სისტემის პრობლემებზე საუბრობს ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ემზადება, ძალაუფლების გადაბარების შემდეგ კი მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით იფარგლება. ახლა მაინც თუ ჩნდება შანსი, რომ რეალური რეფორმები დაიწყოს, თუ ხელისუფლების მცდელობები არის უბრალოდ, საზოგადოებრივი მუხტის შემცირებისკენ მიმართული?
- ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზე აღარ არის - მადლობა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ახალგაზრდობას, რომელმაც სოლიდარობის გამოცდილება 2015 წლის წყალდიდობიდან გამოავლინა. საზოგადოება აღარ მისცემს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ჩააცხროს ეს ყველაფერი შედეგის გარეშე. მჯერა, რომ ან ხელისუფლება იქნება ადეკვატური და წავა შინაარსობრივ რეფორმებზე და არა, პოლიტიკურად ლოიალური ინსტიტუტების შექმნაზე, რომელიც საჯაროდ შეფუთულია, როგორც დამოუკიდებელი, - როგორც მაგალითად, პროკურატურაა. საუბარია სისტემის რეალურ ცვლილებაზე - გამოძიების, სასამართლო, მოსმენების სისტემურ ცვლილებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ორიოდე წელია დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელ ხელისუფლებაზე ძლევამოსილმა ხელისუფლებამაც კი, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ვერ შეინარჩუნეს ხელისუფლება ორ საპარლამენტო ვადაზე მეტ ხანს.
„ქართული ოცნების“ მეორე საპარლამენტო ვადა იწურება და სიტუაცია აბსოლუტურად სხვაგვარია, წამოგვეწია თაობა, რომელიც აბსოლუტურად სხაგვარად ხედავს თავისი ქვეყნის მომავალს - შესაბამისად, ან ვიქნებით ადეკვატურები, ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა დიდხანს აღარ დააყოვნებს.