თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციამ, მეორე მხრივ პოლიტიკოსების მცდელობამ, პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რამდენადმე გააფერმკრთალა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა, მთავარი პროკურორის გადადგომა და ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა.
პროკურატურას, რომელსაც ჰაერივით სჭირდება ცვლილებები, სავარაუდოდ, ისეთი რეფორმატორი ლიდერი უნდა ჰყავდეს, რომელიც რეალურ შედეგს დადებს - პოლიტიკურ ერთგულებაზე გააკეთებს ხელისუფლება აქცენტს თუ პროფესიონალიზმზე, მოგვიანებით გამოჩნდება, თუმცა მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დიდი არჩევანი არც არსებობს და სავარაუდოდ, ხელისუფლება შეეცდება, საზოგადოების გული მისთვის მისაღები პროფესიონალის წარდგენით მაინც მოიგოს.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, განაცხადა, საქართველოს მომავალი მთავარი პროკურორის არჩევა უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პასუხი განვითარებულ მოვლენებზე. მისივე მოსაზრებით, მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა სამოქალაქო საზოგადოების და სხვა წრეებთან შეთანხმებით უნდა დასახელდეს და ის ფართო საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს, ასევე ჰქონდეს მიუკერძოებლის, აპოლიტიკურის და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაცია.
„როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დაგვანახებს როგორი პასუხი ექნება ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ დარჩეს შეგრძნება იმისა, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ცდილობს მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას. აუცილებელია პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური. სამოქალაქო საზოგადოების და სხვა წრეებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ისეთი კანდიდატურს დასახელება, რაც მისაღებია ფართო საზოგადოებისთვის და აქვს მიუკერძოებლის, აპოლიტიკურის და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაცია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ლომჯარიამ.
დღის განმავლობაში რამდენიმე კანდიდატურის შესახებ უკვე გამოითქვა მოსაზრება, გავერცელდა ინფორმაცია თითქოს ხელისუფლება კახა კახიშვილზე შეაჩერებს არჩევანს, დასახელდა ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურაც, თუმცა ეს ვერსია უმრავლესობამ მაშინვე უარყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურას მთავარი პროკურორის პოსტზე გამორიცხავს, რადგან ამაზე არ ყოფილა საუბარი.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო უფრო პროვოკაცია, რომ ხალხში რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვია“, - განაცხადა კილაძემ.
მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით კანდიდატი არ ჰყავთ შერჩეული, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს ფართო შეთანხმების საკითხი, რომელშიც უნდა იყოს ჩართული, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი, საზოგადოების წევრები, ისე არასამთავრობო სექტორი.
კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ მთავარი პროკურორის პოსტი კახა კახიშვილმა დაიკავოს, სოფო კილაძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით კახა კახიშვილზე პირდაპირ საუბარი არ ყოფილა. თუმცა, კახა კახიშვილი თავისი კვალიფიკაციით, ბეგრაუნდით და გატარებული რეფორმებით, რომელიც მართლა უპრეცედენტოა და რომლითაც თავს ძალიან ვიწონებთ ჩვენ დასავლეთთან, მგონია, რომ ერთ-ერთი შესაფერისი კანდიდატურა იქნება.
„თუმცა ვიმეორებ, რომ მის კანდიდატურაზე კონკრეტული კონსულტაციები არ ყოფილა“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა კი წინასწარ განაცხადა, რომ ვერც ერთი კანდიდატურა, რომელსაც შეარჩევს „ქართული ოცნება“ ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით.
„ვერანაირი ახალი პროკურორის შერჩევა და დანიშვნა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია“, -აცხადებს ნადირაშვილი.
ირმა ნადირაშვილი თვლის, რომ ნებისმიერი ახალი პროკურორი იქნება მორიგი შოთაძე, რომელიც მოექცევა ივანიშვილის წნეხის ქვეშ და ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე ვერ დადებს რეალურ შედეგს.
„შესაბამისად, კითხვები საზოგადოებაში დარჩება. ჩვენ ვთვლით, რომ პროკურორი უნდა შეირჩეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, ამას მივესალმებით და ვიქნებით ჩართული“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი თვლის, რომ რაკი ირაკლი შოთაძე იუსტიციის მინისტრმა აკადემიურ და იურიდიულ წრეებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან „მოლაპარაკებების შედეგად“ შეარჩია, ამიტომ მანაც უნდა გაიზიაროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმგვარი მთავარი პროკურორის შერჩევისთვის, რომელმაც არაერთი გამოუძიებელი საქმე დაუტოვა თავის მემკვიდრეს.
თუმცა ხელისფლება ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრზე არ ფიქრობს - როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევისას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების გარდა, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისდამი მაღალი ნდობა და პრინციპულობის მაღალი სტანდარტი იქნება.
ბესელიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, მთავარი პროკურორის პოსტზე ვანო ზარდიაშვილისა და კახა კახიშვილის კანდიდატურების შესაძლო განხილვის შესახებ.
„კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელება არ შემიძლია, რადგან ამ ეტაპზე ასეთი გვარი არ არსებობს. პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრს დავალება მისცა, რომ დაიწყოს პროცესი. ვიდრე პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურა წარედგინება, შერჩევა მოხდება მაქსიმალური კონსულტაციებით და ღიაობით, რათა კანდიდატები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით შეირჩნენ. მთავარ პროკურორს საბოლოოდ პარლამენტში ირჩევს და კრიტერიუმები, ბუნებრივია, არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.