შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები.
„აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - აცხადებენ შსს-ში.
რომელ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ მსგავსი გეგმა, შს სამინისტროს მხრიდან არ კონკრეტდება.
მთელი დღის განმავლობაში ზაზა სარალიძის კარავთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მობილიზება შეინიშნებოდა, მათი განცხადებით იქ ისინი პოლიტიკური განზრახვით არ არიან მისულები.
საინტერესო დეტალია, რომ მთელი დღის განმავლობაში პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები. დღის პირველ ნახევარში სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა სანდრა რულოვსმა, საღამოს კი მის კარავთან გამოჩნდა დავით სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის გუბერნატორის ძმა დავით სააკაშვილი 2017 წლის 2 სექტემბერს კიევში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას სავიზო რეჟიმის დარღვევაში სდებდა ბრალს და თითქოს დეპორტაციისთვის ამზადებდა, თუმცა იმ დღესვე გაათავისუფლა.
ზაზა სარალიძემ აქციაზე შსს განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ მას შსს-ს დაცვა არ სჭირდება.
„თურმე მთავრობამ ჩემი დაცვა გადაწყვიტა. 6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში აფურთხებენ ჩემ შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება“, – განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე მყოფი ხალხი საკმაოდ აგრესიულია - გვიან ღამით, აქციაზე მისულ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს და საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.