სოლიდარობის ნაციონალური პოლიტიკა

სოლიდარობის ნაციონალური პოლიტიკა

მოვლენების მთავარი ეპიცენტრი ისევ რუსთაველის გამზირი და საქართველოს პარლამენტის შენობაა. ხორავას ქუჩაზე მოკლული, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სამართლიანობის აღდგენით მოთხოვნით მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო, გაიშალა კარვებიც. ტრიბუნიდან სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, პოლიტიკური ულტიმატუმები ისმის – გადადგეს პრემიერ–მინისტრი და მთავრობა! ყოველივე ამის უკან კი, „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

სწორედ „ნაციონალურ მიძრაობას“ წარმოადგენს ზვიად კუპრავა, რომელიც ნაციონალური რეჟიმის სახე და ერთ–ერთი შემომქმედი იყო. დღეს, კუპრავა სარალიძის ტრაგედიას ზურგსამოფარებული სამართლიანობის მოთხოვნის ნაცვლად, პოლიტიკურ ულტიმატუმს აყენებს და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობს. კუპრავას ზურგს უმაგრებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ა–ო რომლებიც სწორედ ნაციონალური ინტერესების გამტარებლებად არიან სცნობილი საზოგადოებაში.

პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, საქმე გამოსაძიებლად შს სამინისტროს გადეცა. პროცესის ხელმძღვანელი იქნება შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე ყველა პროცესში ჩართული იქნება გიორგი კვირიკაშვილი. გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი უახლოეს ვადებში დაამტკიცებს.

„უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის ხელახალი გამოძიება შს სამინისტრომ უკვე დაიწყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაც ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს, გამოძიების კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. შსს–ში იმყოფებოდა ერთ–ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის მამა და ბიძა. უწყებაში იმყოფებოდა სუბელიანის ცოლის დისშივილი, მიხეილ კალანდია, რომელიც როგორც სარალიძე აცხადებს, მკვლელობის ერთი–ერთი მონაწილეა.

საქმეზე ახალი გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების ობიექტურობის არ სჯერა ზაზა სარალიძეს, რომლის განცხადებებში პოლიტიკური შეფასებებიც იკვეთება. იგი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უკვე გადადგა უმეცარი ნაბიჯი, როდესაც შსს–ს გადასცა ეს საქმე, შესაბამისად, მას არ აქვს ხელისუფლების იმედი და არ სჯერა, რომ გამოძიება სწორად წარიმართება.

„რა ძიებაზეა საუბარი?!...ხელისუფლებამ უკვე გადადგა უმეცარი ნაბიჯი, როდესაც შსს-ს გადასცა ეს საქმე. მოწმეები, ნივთმტკიცებები არ არსებობს, ვის ატყუებენ. მე მატყუებენ თუ თავის თავს ატყუებენ. მოწმე დაშინებულია, მშობლები დააშინეს, შვილებს მოგიკლავთ, თუ თქვენი შვილები სიმართლეს ილაპარაკებენო. ვინმე გადადგამს ამ ნაბიჯს? თუ ნივთმტკიცებები აღარ არის, რა უნდა გამოიძიონ?

ეს იყო უმეცარი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რომ თითქოს ილუზია შეიქმნეს, მე დავთანხმდებოდი ამას. არავითარ შემთხვევაში. დაუყოვნებლივ იქნეს დაკავებული ყველა ის პირი, რომელთა შესახებაც აქამდე ვსაუბრობდი. ეს იქნება მათი სწორი ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა დაემხობა და სისტემის მფარველი მთავრობა. მანამდე ვიქნები აქ, სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტთან გაშლილ კარავში ზაზა სარალიძესთან შესახვედრად მივიდა საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და ზვიად კუპრავა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შექმნილი ვითარების დასტაბილურებას შეეხო. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კუთხით ის მუშაობს, როგორც საზოგადოებასთან ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან.

„ჩემი მიზანია ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი იმისთვის, რომ მშვიდი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი. ამისთვის მე ვეურთიერთები ხელისუფლებასაც და არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს, ეს იყოს სტაბილური ქვეყანა. არ გავჩერდები ამ მიზნისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სოლიდარობის უკან რომ პოლიტიკური მიზნები იკვეთება, ამაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯომარის განცხადებით, პარლამენტი უზრუნველყოფს იმას, რომ კომისია იქნება ეფექტიანი და დაიდება ისეთი დასკვნა, რომელიც მაქსიმალურად მოჰფენს ნათელს იმ საქმეს, რომელზეც ისაუბრებს კომისია.

მისი თქმით, საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების მკვლელობასთან. ამის ხელოვნურად პოლიტიზება არის ამორალური ქმედება და როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ამის სრულიად ცხადი ნიშნები ვიხილეთ. მისივე თქმით, ეს ადამიანები ამ ტრაგედიას ვერ გამოიყენებენ პოლიტიკური ქულების დასაწერად.

„ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ამ აქციაზე დგანან სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები, ზონდერები, უბინძურეს დანაშაულებში მხილებული პირები. ესენი არიან, თავში – მიხეილ სააკაშვილი, მისი მარჯვენა ხელი - ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ჯერ სანდრო გირგვლიანი, შემდეგ ირინა ენუქიძე. ფუთავდნენ ამ დანაშაულს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ადამიანურად, მორალურად, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ ეს ადამიანები დღეს მიდიან აქციაზე და პოზიციებს აფიქსირებენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ შემაშფოთებელია ის გამოსვლა, რაც პრემიერ კვირიკაშვილს ჰქონდა.

„იმის მაგივრად, რომ პრემიერს ადეკვატურად შეეფასებინა პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედებები, ეღიარებინა მისი ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მარცხი, ვნახეთ, რომ მადლობა გადაუხადა მთავარ პროკურორს. ვნახეთ როგორ ცდილობდა ის დაეცვა მუნდირის ღირსება, რომელიც აღარ არსებობს და დახეულია. ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა და ჩამოშალა ინსტიტუტები“, – ამბობს სერგო რატიანი.

მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძის განცხადებით, ყველა სახელისუფლებო შტო, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო სისტემა, ფაქტობრივად, არის ნდობადაკარგული.

„დღევანდელი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის გადადგეს მთავრობა, უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და მან უნდა მოამზადოს ერთდროულად ოქტომბერში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები“, – ამბობს რომან გოცირიძე.