„პროკურატურა ამტკიცებდა, რომ არსებობდა ორი ბრალდებული და დანაშაულის ორი იარაღი, დღეს რა პასუხი აქვს ამაზე“?

„პროკურატურა ამტკიცებდა, რომ არსებობდა ორი ბრალდებული და დანაშაულის ორი იარაღი, დღეს რა პასუხი აქვს ამაზე“?

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა, ექვსი თვე იძიებდა საქართველოს პროკურატურა - ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სასამართლომ ფაქტობრივად გააცამტვერა ბრალდების მტკიცებულებები და გამოტანილი გადაწყვეტილებით განაცხადა, რომ გამოძიება არ იყო სათანადოდ ჩატარებული.

პროცესმა სასამართლოდან პროკურატურასთან, შემდეგ კი პარლამენმტის შენობასთან გადაინაცვლა. დაზარალებული მხარის პროტესტს საქართველოს მთავარი პროკურორის გადადგომა უკვე მოჰყვა, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები არც დაკავებულები არიან და მათთვის ბრალიც არავის წაუყენებია.

გამოძიების მიმართ ეჭვებსა და უნდობლობაზე ზაზა სარალიძე მუდმივად საუბრობდა მედიასთან, რადგან დაზარალებულს, ჩვენი კანონმდებლობით, ალტერნატიული გამოძიების ჩატარების ოფიციალური უფლება არ გააჩნია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ნესტან ლონდარიძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომდარი გარჩევის დროს გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ოჯახის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ ჩვენი კანონმდებლობით, რაკი დაზარალებული მხარედ არ არის ცნობილი, მათ გამოძიების მსვლელობის პერიოდში მხოლოდ დოკუმენტების გაცნობის უფლება ჰქონდათ.

„შესაბამისად, არც ქსეროასლების გადაღების არც სასამართლოზე კითხვის დასმის და გამოძიების პროცესში ჩართვის უფლება არ გვქონია. სწორედ ამაშია პრობლემა - პროკურატურა და დაზარალებული ერთ მხარეს წარმოადგენს, მაგრამ როდესაც დაზარალებული უნდობლობას უცხადებს პროკურატურას, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა არაფერს ითვალისწინებს და აღარავინ იცავს დაზარალებულ მხარეს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომელსაც ვაცნობდით პროკურატურას, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა“,- აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

მისივე განცადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რასაც ამბოდა დაზარალებული.

როგორც ლონდარიძე აცხადებს, იქამდე, ვიდრე გამოძიების მიმართ უნდობლობა გაჩნდებოდა, ის, როგორც დაზარალებულის უფლებების დამცველი, რომელსაც დადებული ჰქონდა გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულება, მაქსიმალურად ცდილობდა, არ დაეფიქსირებინა პოზიცია, რომელიც გამოძიების პროცესს დააზარალებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვები და კითხვები, ისინი უკვე ღიად საუბრობდნენ მედიასთან.

სწორედ მედიასთან გაკეთებული განცხადებების გამო საზოგადოებაში ასევე ჩნდებოდა კითხვა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხომ არ სარგებლობდნენ შექმნილი სიტუაციით და ხომ არ ცდილობდნენ დაზარალებული მხარე მისდაუნებურად სხვა თამაშში ჩაეთრიათ. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, ეს ვერსია დღის წესრიგიდან უნდა მოეხსნა.

როგორც ნესტან ლონდარიძე აცხადებს, თითქოს სპეციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავდა დაზარალებულ მხარეს პროცესი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და მისი თქმით,ზაზა სარალიძეც აცხადებდა, რომ თუ მას გვერდით დაუდგებოდა ხელისუფლება, არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, რომ პოლიტიკური სარჩული დადებოდა ამ საქმეს.

„დღესაც იგივეს ვამბობთ, რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული არ არსებობს, მაგრამ ვერ გავაკეთებთ განცხადებას, რომ აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენა შეიზღუდოს. ეს უკონტროლო პროცესია და ვერავინ მოსთხოვს დაზარალებულს მსგავსი განცხადების გაკეთებას“, - აღნიშნავს ნესტან ლონდარიძე.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დაზარალებულ მხარეს, ისევე როგორც საზოგადოებას, პროკურატურასთან ჰქონდა ერთი მთავარი კითხვა - როგორ მოხდა, რომ პროკურატურა, რომელიც აცხადებდა, რომ ორი ბრალდებული არსებობდა და ეს არ შეიცვლებოდა, ასეთი სახით დასრულდა.

როგორც ნესტან ლონდარიძე აცხადებს, მივიღეთ ის სურათი, როდესაც სასამართლომ დადასტურებულად განაცხადა, რომ პროკურატურამ გამოუძიებელი საქმე გადასცა.

„სრულიად საწინაარმდეგო სურათი მივიღეთ, იმისა, რასაც აცხადებდა პროკურატურა. ამავე დროს, მუდმივად ამტკიცებდა, რომ არსებობდა ორი ბრალდებული და დანაშაულის ორი იარაღი. კატეგორიულად აცხადებდა, რომ ეს სურათი არ შეიცვლებოდა. დღეს რა პასუხი აქვს ამაზე“?- აცხადებს ლონდარიძე.

დაზარალებულ მხარეს კვლავ დარჩა უამრავი კითხვა, რომელიც კვლავ პასუხგაუცემელია, მაგალითად, სკოლაში, სადაც დაიწყო ეს პროცესი, ჩატარდა თუ არა ადგილობრივი მოკვლევა და რა ზომები გატარდა იმისათვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს? რატომ დუმს უამრავი მოწმე, რომელიც დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა და ა.შ.

„არც ერთი მოწმე რომ არ საუბრობს პროკურატურასთან, ეს ჩვენი პრობლემა არ არის - იმიტომ არსებობს საგამოძიებო უწყება, იმიტომ უნდა ჰქონდეს მას მაღალი კვალიფიკაცია, რომ მოწმეების დაკითხვა შეძლონ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ეს გააკეთეს, არც კვალიფიკაცია ეყოთ და არც ნება გააჩნდათ“,- მიიჩნევს ლონდარიძე.

მისივე განცხადებით, ელოდებიან რა ზომას მიიღებს პროკურატურა.

„გამოყოფილია საქმე „დაუდგენელი პირების მიმართ“ და მოვითხოვთ, რომ „დაუდგენელი პირების მიმართ“ გადაკვალიფიცირდეს „დადგენილი პირების მიმართ საქმედ“ და პასუხისგებაში მეცეს ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

გამოძიების დაწყებიდან ექვსი თვის თავზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმე ისეთივე ბუნდოვანი რჩება, როგორც დასაწყისში, სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა სასამართლოში მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა.

სავარაუდოდ, საქმეს კიდევ უფრო მეტი სინათლე უნდა მოფინოს კიდევ ერთმა ექსპერტიზამ - იგი დაუკვეთეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორს“, რომელსაც ალექსანდრე გეჯაძე ხელმძღვანელობს. ასევე დანიშნულია ერთობლივი ექსპერტიზა უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, თუმცა საქმის შემდგომი განხილვა უკვე სხვა ინსტანციაში გაგრძელდება.

როგორც ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, მას და მის კომისიას არ აქვს ინფორმაცია, რა მტკიცებულებები შეისწავლა მაია ნიკოლეიშვილმა და შესაბამისად, რის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა.

„შეკრებილია და კვლევის პროცესშია ტანსაცმლის, დანების, ფოტოების და ა.შ. ექსპერტიზა, სამი ექსპერტ-კრიმინალისტია საქმეში ჩართული, გარდა ამისა, მუშობს ორი ინგლისელი სპეციალისტი, რომლებიც საკუთარ ლაბორატორიაში ატარებენ კვლევას“,- აღნიშნა გეჯაძემ.

როგორც ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რადგანაც კვლევის პროცესი დასრულებული არ არის, მას დეტალურად აღნიშნულ თემაზე საუბარი არ შეუძლია, ხოლო დასკვნა დაიდება დაახლოებით ორ კვირაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების პროცესისთვის.

გეჯაძის უწყებას მასალები ერთ-ერთი დაზარალებუილის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის მოთხოვნით გადაეცა. მეორე ბრალდებულის ადვოკატმა, ეკა შარაშენიძემ ასევე დანიშნა ექსპერიზა დამოუკიდებლად, მაია ნიკოლეიშვილთან, რომელსაც უფრო ადრე გადაეცა მასალა.

„ჩვენი დამკვეთი ადვოკატის მხრიდან რამდენიმე დღის დაგვიანებით შევიდა წერილი შესაბამის უწყებებში და ამიტომ, ჩვენ მოგვიანებით მივიღეთ საკვლევი მასალა“,- აღნიშნავს გეჯაძე.

თუმცა, მისივე თქმით, მაია ნიკოლეიშვილის ინტერვიუდან გამომდინარე, ერთი რამ შეუძლია აღნიშნოს - მათ მიიღეს ყველა მასალა, რაც კვლევის ჩასატარებლად იყო საჭირო.

„ქალბატონი მაია ამბობდა, რომ მათ ფერადი ფოტოსურათები და ჭრილობის კანის პრეპარატები არ მიუღიათ. ჩვენ მოვითხოვეთ როგორც ფერადი ფოტოსურათები, ასევე, კანის პრეპარატები და გამოძიების მხრიდან მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნილა. კვლევის პროცესში ვიყენებთ ყველა იმ მასალას, რომელიც სამედიცინო და კრიმინალური კვლევისთვის იყო საჭირო. კვლევა უკვე დასრულების სტადიაშია და სულ მალე, ჩვენი, ერთობლივი ექსპერტთა კომისია, საკმაოდ წარმომადგენლობითი, დადებს თავის დასკვნას“,- აცხადებს გეჯაძე.

საქმის მიმდინარეობის პროცესში, ასევე, საუბარი იყო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ. ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამ ფაქტს არც უარყოფს და არც ფარავს, რადგან ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ექსპერიმენტული ჭრების დროს დაუზიანდათ დანის ლესილი პირის წვერი.

„შესაბამისად, ეს ჩვენც დავაფიქსირეთ და ალტერნატიული გზაც გამოვძებნეთ, რომ აღგვედგინა იმ დანის პირვანდელი კონსტრუქციული მახასიათებლები, რომელზეც დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. ასე რომ, ამ მიმართულებით კვლევის შეფერხება არ მოხდება“,- აღნიშნავს გეჯაძე.