თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის პროტესტი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების მიმართ უკვე გასცდა სამართლიანი გამოძიების მოთხოვნის ფორმატს - მას შემდეგ, რაც საზოგადოების სამართლიან პროტესტს პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ, ჩნდება ეჭვი, ხომ არ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გარდაცვლილის ოჯახის პირადი ტრაგედია საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ შემოაბრუნოს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა, ზაზა სარალიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სისტემური ცვლილებების გატარებამდე ის აქციის შეწყვეტას არ აპირებს. შესაბამისად, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდა, თუმცა, მოგვიანებით მისი პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შეიცვალა.
„გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა“, -განაცხადა აქციაზე ზაზა სარალიძემ, რომელმაც, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტს თანადგომისკენ მოუწოდა.
„მინდა თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით. როგორც ხედავთ, ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ არ ასრულებენ იმ მოთხოვნებს, არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს. არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შეკერვაში. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ?! დავტოვოთ ჩემი შვილის მკვლელები გარეთ?! სისტემამ ომი გამოგვიცხადა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, სისტემის უკან დგას კვირიკაშვილის მთავრობა. ძირს კვირიკაშვილის მთავრობა! იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს! სისტემას მფარველები ჰყავს. გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა!“, - განაცხადა სარალიძემ.
აქციაზე მარგველაშვილი არა, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელი გამოჩნდა - საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით „წადი“! „წადი“! შეხვდნენ.
ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მოუსმინონ პრემერ-მინისტრს, თუმცა კვირიკაშვილს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ აცადეს.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს. ამიტომ გთავაზობთ, რომ ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა პრემიერმა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბოთლები ესროლეს. აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და პრემიერმა ტერიტორია დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე უკვე პოლიტიკური განცხადებები კეთდება - პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებენ, ხვალიდან არ გამოცხადდნენ სასწავლო დაწესებულებებში და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ბოიკოტის გამოცხადება საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირთა მხრიდანაც და ამით აღუდგნენ იმ რეჟიმს, რომელიც, მათი შეფასებით, წლებია კლავს.
საინტერესოა, რომ იმ რეჟიმის დროს, რომელიც მართლაც წლების განმავლობაში ხოცავდა ხალხს ქუჩასა თუ ციხეებში, მსგავს პროტესტს პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო სექტორი რატომღაც არ გამოთქვამდა და მხოლოდ დუმილით კი არ ხვდებოდა ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ დანაშულს, ზოგ შემთხვევაში, გამართლებასაც ცდილობდა.
აქციაზე ზვიად კუპრავამ რაგბისტების სოლიდარობაც დააანონსა, თუმცა, როგორც რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, მათი თხოვნაა, საქართველოს რაგბის კავშირის, „ბორჯღალოსნებისა“ და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებენ განცხადებებს.
„ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას. გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის თავბმჯდომარე, რომელმაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა, აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, როცა ოპოზიცია პოლიტიკური კულტურის და მორალური ეთიკური სტანდარტების სათანადო დონეს ვერ ავლენს.
„ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ამ აქციაზე დგანან სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები, ზონდერები, უბინძურეს დანაშაულებში მხილებული პირები. ესენი არიან, თავში - მიხეილ სააკაშვილი, მისი მარჯვენა ხელი - ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ჯერ სანდრო გირგვლიანი, შემდეგ ირინა ენუქიძე. ფუთავდნენ ამ დანაშაულს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ადამიანურად, მორალურად, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ ეს ადამიანები დღეს მიდიან აქციაზე და პოზიციებს აფიქსირებენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებას ამ საქმის მიმართ არანაირი სუბიექტური ინტერესი არ აქვს.
სხვაგვარად ხატავს სურათს ოპოზიცია - „ქვეყანაში, სადაც შვილმოკლულ მამას უწევს ქუდზე კაცის დაძახება ქუჩაში იმისთვის, რომ დაიცვას თავისი უფლებები, მთავრობა უნდა გადადგეს“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი.
ზვიად კუპრავა მურუსიძის, ჩინჩალაძის, გვენეტაძისა და სუბელიანის გადადგომის მოთხოვნით გამოდის და როგორც აცხადებს, თუ აღნიშნული პირები გადადგებიან, სისტემა ჩამოშლილად ჩაითვლება.
„ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, მირზა სუბელიანი ჩაჯდეს ციხეში. მთავარი პროკურორი გაწირეს და მირზას არ სვამენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი?!. გეშინოდეთ ხალხის და არა მირზა სუბელიანის“, - განაცხადა კუპრავამ.
მომხდარს ეხმაურება ყოფილი ხელისუფლების დროს მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა და როგორც მედიასთან საუბრისას აცხადებს, მას უჩნდება ეჭვი, რომ მისი შვილის მკვლელებს ვიღაც დღესაც აფარებს ხელს.
„ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირის. მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე, სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ეს საქმეც კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წავა. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა.
მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვამხრივ ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით, მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერდით, ვცდილობდით, რომ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა. ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ მას, ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს რომ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების აღდგენის მოთხოვნა.
„მოთხოვნები გზადაგზა იცვლებოდა. სხვა მოთხოვნებით დაიწყო და სხვა მოთხოვნებით გაგრძელდა აქცია. ახლა პოლიტიკური მოთხოვნები გვესმის და ეს უკვე პოლიტიკური პროცესია. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების აღდგენის მოთხოვნა. ბუნებრივია, გვყავს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ პროცესის გამოყენებას ცდილობენ და ამაში დაფარული არაფერია. მათ შორის ის პოლიტიკოსებიც არიან, რომლებზეც ვერ დავიჯერებ, რომ გულთან ახლოს მიაქვთ ადამიანური ტრაგედია.
გააჩნია მიზანი რა არის. თუ ჩვენ გვინდა მართლმსაჯულების აღდგენა და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა, მაშინ ეს აუცილებლად მოხდება. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ეს არის პოლიტიკური მოთხოვნები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.