შოთაძე გადადგა - საქმეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეისწავლის

შოთაძე გადადგა - საქმეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეისწავლის

ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეისწავლის. საპროტესტო აქციის პარალელურად, 84 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა მიიღო დადგენილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

კენჭისყრის დაწყებას წინ უძღოდა კამათი სალომე სამადაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შეეცადა განემარტა, რატომ არ უჭერს მხარს პარტია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„ქუჩაში ახლაც დგას ათასობით ადამიანი, ვინც გამწარებულ შვილმკვდარ მამას დაუდგა გვერდში. ქვეყანაში, სადაც შვილმოკლულ მამას უწევს ქუდზე კაცის დაძახება ქუჩაში იმისთვის, რომ დაიცვას თავისი უფლებები, მთავრობა უნდა გადადგეს. ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, დეპუტატს მიკროფონი გაუთიშეს, ვინაიდან სალომე სამადაშვილმა კენჭისყრის წინ პროცედურაზე დასამელი კითხვებისთვის გათვალისწინებული დრო პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარემ, სალომე სამადაშვილის საპასუხო განცხადება გააკეთა და გირგვლიანის მკვლელობა გაიხსენა:

„თქვენ მოკალით არა მარტო სანდრო გირგვლიანი, არამედ ქალბატონი ირინა ენუქიძეც, ეს არის რეალობა, სამწუხაროა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

„სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს იმისათვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს. ამისათვის, შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, სასამართლომ ღიად დატოვა კითხვა, ვინ არის მკვლელობის ჩამდენი პირი. შესაბამისად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნა.

„პირადად მე მიმაჩნდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ასეთი კომისიის შექმნა სწორი არ იქნებოდა და ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა პოლიტიკური ორგანოს პირდაპირი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის ითქვა, რომ სასამართლომ ღიად დატოვა კითხვა, ვინ არის მკვლელობის ჩამდენი პირი.

ამ კითხვის ღიად დატოვება ნიშნავს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ბოლომდე ბრძოლას. ამ ბრძოლაში ვინ თუ არა ჩვენ - ხელისუფლებაში მყოფი ძალა, უნდა ვიყოთ ის პასუხისმგებელი ძალა, ვინც პასუხისმგებლობას და ტვირთს აიღებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, კომისია ამ შემთხვევაში არის ერთ–ერთი ბერკეტი იმისა, რომ პასუხი მოეთხოვოს ამ უმსგავსობაზე ხელისუფლებას. მისი თქმით, არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ ამ კომისიით ეცდებიან კრიზისის გადაგორებას.

„თუ ხელისუფლებას უნდა ზაზა სარალიძეს სიმართლის დადგენაში დაეხმაროს, მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს. მერე კომისია კარგად დაადგენს რა დააშავა ამ შოთაძემ და სხვებმა, რომლებმაც უდანაშაულო ადამიანს ჩამოამხეს სახელმწიფო სისტემა თავზე. ამიტომ, კომისია არის ბრძოლის ბერკეტი და ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ. არავის მივცემთ იმის ფუფუნებას, რომ ამ კომისიით პროცესების გაჭიანურება მოხდეს.

ეს კომისია ზაზა სარალიძის შექმნილია, რომელიც იქ დგას და სიმართლისთვის იბრძვის. ყველას პასუხისმგებლობა დადგება, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა სასამართლო სისტემა და მარლთმსაჯულება. ჩვენი პარტია დგას აქციაზე და ყველა პროტესტის მონაწილეა. რომ არა აქცია პარლამენტი არ წავიდოდა დათმობაზე და არ შექმნიდა კომისიას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

მთავარი პროკურორის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ირაკლი შოთაძის გადადგომის ფაქტი ნეგატიურად შეაფასა:

„ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად. მათგან განსხვავებით, ვინც ამას ითხოვდა, ვიცი რაზე ვსაუბრობ - მიმუშავია მასთან და ვიცი.

მის ამ გადაწყვეტილებას მე არ ვეთანხმები, იცის, ვუთხარი, არ გაიზიარა.

მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ტრაფარეტულად ჟღერს? აბა, მე მკითხეთ შოთაძემდე პროკურატურაზე ამბებს მოგიყვებით ბევრს.

მსურს მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა - გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს მეც.

დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? - ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?

ახლა კი მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით. მინდა, გენდობოდეთ მომავალშიც და ამიტომ გთხოვთ, არაფრის ფასად არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენ ცუდი წარსული გვინახავს ერთად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესის გზაზე სიარული.

ამიტომაც, მანამ სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვეული სიდინჯე და მიუხედავად ყველაფრისა, გჯეროდეთ, რომ დაზარალებულმა იცის, რამხელა ჯაფა გადგათ. მაგრამ დაზარალებულს არ მოსთხოვოთ, არ ჰქონდეს ემოციები“, - წერს იუსტიციის მინისტრი.