მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობა ტოვებს. საპარლამენტო უმრავლესობაში დახურულ შეხვედრაზე, სადაც ხორავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მთავარი პროკურორის გადადგომა იყო. უმრავლესობამ არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით, მთავარი პროკურორის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
ირაკლი შოთაძეს გადადგომისკენ ღიად მოუწოდებს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ლევან კობერიძე თვლის, რომ ამ რეზონანსული საქმის არასათანადო, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური გამოძიების გამო შოთაძე უნდა გადადგეს.
„რად მინდა უცხოელი ექსპერტები, პროკურორ-გამომძიებელმა იქნებ ახსნას დევივით ბავშვს 1 ბავშვმა როგორ მიაყენა დანით ამდენი ჭრილობა... და ეს მას სჯერა რომ 1 ან თუნდაც 2 მონაწილე იყო ამ ამბავში?! ამ რეზონანსული საქმის არასათანადო, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური გამოძიების გამო შოთაძე უნდა გადადგეს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მოქალაქეები პროკურატურაში სამართალს ვერ პოულობენ და ხორავას საქმეზე გმაოტანილი განაჩენი პროკურატურის კრახი იყო, რის გამოც შოთაძე უნდა გადადგეს.
„დღევანდელი გადაწყვეტილება პროკურატურის კრახი იყო. როდესაც მმართველობის ფორმა არასამართლიანობაში გადადის, საზოგადოება მას ყოველთვის სცემს პასუხს. მე ვფიქრობ, ეს სისტემური პრობლემა. მინდა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ „ქართული ოცნება“, სასამართლო და პროკურატურა. ადამიანების უმეტესობა, ვინც პროკურატურას ხმა მისცა დღეს ოპოზიციაში არიან. პრემიერი პროკურორთან არანაირ კავშირში არაა და მას პრემიერი არ მართავს. შოთაძემ საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი. მთავარი პროკურორი ვერ აცნობიერს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ის უნდა იყოს ქვეყანაში ადამიანების დამცველი“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს, მაგრამ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი.
„იმავდროულად, ის რაც დღეს თბილისში ხდება, საზოგადოების პროკურატურის მიმართ ნდობის ღრმა კრიზისზე მეტყველებს, რაც არა მხოლოდ ამ საქმიდან გამომდინარეობს. მიმაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია აუცილებლად დადებს ობიექტურ შედეგს“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, ოჯახს ეჭვი აქვს გამომძიებლების მიმართ და რადგან არ შეიძლება პროკურატურა იყოს ეჭვის ქვეშ, საჭიროა ეჭვებს პასუხი გაეცეს.
„ოჯახი ამბობს, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, არასწორად მოიქცა პროკურატურა. ამიტომ ხომ არ ჯობია უფრო თამამები ვიყოთ და პრინციპულები. არ შეიძლება პროკურატურა იყოს ეჭვის ქვეშ. ეჭვი ან უნდა გაქარწყლდეს ან უნდა დადასტურდეს. სისხლის სამართალს იმიტომ ჰქვია სისხლის სამართალი, რომ როდესაც დაიღვრება სისხლი, იქ უნდა იყოს სამართალი. ბუნებრივია, რომ პარლამენტი მივიდა იმ ეტაპამდე როდესაც მოუწია მის კონტროლს მიღმა არსებული ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეში ჩარევა“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
„პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ვინ არის დამნაშავე კონკრეტულად და რა პირთა წრე არის დამნაშავე ამ დანაშაულის ჩადენაში“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო განაჩენმა კითხვის ნიშნები დატოვა.
„საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება, თუმცა ჩვენ გვაქვს მექანიზმი იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტი - გამოვიყენოთ საგამოძიები კომისია. ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმეების მიმართ არავითარი სუბიექტური ინტერესი არა აქვს - მით უფრო ასეთი საქმის მიმართ, როცა ამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. გვესმოდა სანდრო გირგვლიანის საქმესთან შედარებები, რაც არის პრინციპულად მიუღებელი. გირგვლიანის საქმე იყო საქმე, სადაც დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყოს ნამდვილი შეთქმულება და ამ შეთქმულებაში მთელი სახელისუფლებო სპექტრი იყო ჩართული. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან, თუმცა ეს არის სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული სათანადო პროცედურების შესაბამისად. ჩვენი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სათანადოდ აღსრულდეს სამართალი ამ საქმეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.