შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები, რომ ტარდებოდეს 27% „ქართულ ოცნებას“; 17% „ნაციონალურ მოძრაობას“; 7% „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა ხმას. ასეთია IRI კვლევა, რომელიც 10–დან 22 აპრილის შუალედში ჩატარდა და რომლის ფარგლებში 1500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/– 2.5 პროცენტია.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 5% „ლეიბორისტულ პარტიას“ აძლევს ხმას, 4 %; „პატრიოტთა ალიანსს; 3%; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსს“; 2% „ახალი საქართველო“; „თავისუფალი დემოკრატები“ და „გირჩი“ 1%.
IRI კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ ხმას არასოდეს არ მისცემს „ქართულ ოცნებას“, 24% „ნაციონალური მოძრაობას,“ 10% „დემოკრატიულ მოძრაობას“. გამოკითხულთა 9% – არასდროს მისცემდა ხმას „გირჩს“ და „პატრიოტთა ალიანსს“. 8% – „ლეიბორისტებს“ და „ევროპულ საქართელოს“; 6% „ახალ საქართველოს“; 5% „რესპუბლიკელებს“; 3% „თავისუფალ დემოკრატებს“.
რაც შეეხება პოლიტიკოსების მოწონების მაჩვენებელს, კვლევის თანახმად, 53% ლიდერობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძე; 52% საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; 50% თბილისის მერი კახა კალაძე; 49% ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და 41% პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
IRI–ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს. გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დამოუკიდებლებად უნდა წარადგინონ კანდიდატები, ხოლო 23%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
კითხვაზე თუ როგორია თქვენი შეხედულება ჩამოთვლილი ინსტიტუციების მუშაობაზე, გამოკითხულთა 84% დადებითად აფასებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მუშაობას, 83% კი ქართული არმიის საქმიანობას. მედიას 68%; პოლიცია 50%; განათლების სისტემა 49%; ადგილობრივი თვითმმართველობა 43%; პრეზიდენტის ადმინისტრაცია 43%; ცესკო 36%; პრემიერის ადმინისტრაცია, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტი 34%.
IRI–ის გამოკითხულთა 77 % მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პროდასავლური და ევროკავშირისკენ“ მიმართული; 50 % თვლის, რომ ან პროდასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული. ამავე კვლევით, რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერია – 76%. ეს მაჩვენებელი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6%-ით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19 %-ით შემცირდა.
IRI–ის კვლევის შედეგებს არ იზიარებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საერთაშორისო კვლევის შედეგები არასდროს ასახავს არჩევნების საბოლოო შედეგებს.
„როდესაც ვსაუბრობთ კვლევის შედეგების სანდოობაზე, მე შემიძლია, ეს კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს შევადარო, როგორც თვითმმართველობის, ასევე შუალედური არჩევნების, რომელიც ახლახან ორ ოლქში ჩატარდა. თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის საინტერესოა საზოგადოებრივი აზრის თითოეული კვლევის შედეგები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული. თუმცა, მისი თქმით, შეფასების მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნები და ის მხარდაჭერა, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების გზითაც აფიქსირებს.
„ასევე იყო გარკვეული პროგნოზები თვითმმართველობის არჩევნების წინაც, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, რეიტინგებს გაზომავს არჩევნები, რომლებიც არის შემოდგომაზე და შემდგომ საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, დაველოდოთ არჩევნებს. ჩვენი საქმე არჩევნებამდე არის იმ პროექტების განხორციელება და დაპირებების შესრულება, რომლებიც მივეცით საზოგადოებას.
როდესაც ვსაუბრობთ კვლევის შედეგთა სანდოობაზე, მე შემიძლია ეს შედეგები შევადარო არჩევნების შედეგებს თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ევროპული საქართველოსთვის“ კი მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დავით ბაქრაძეს. პარტიის ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში კორუფცია, როგორც მეტასტაზი მოედო მთელ ინსტიტუციებს, რამაც უგულავას შეფასებით, განაპირობა „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდაჭერის ვარდნა.
„ქართულმა ოცნებამ“, როგორც ერთ დამპალ ვაშლს რომ ჩადებ კალათაში და შემდეგ ეს ყველა ვაშლს გადაედება, დაგვინგრია ჩვენი ყველაზე მთავარი ინსტიტუტების მიმართ რწმენა, როგორიც არის პოლიცია, იუსტიციის სახლი. ანუ კორუფცია, როგორც მეტასტაზი, როგორც დამპალი ვაშლი „ქართული ოცნების“ პირობებში მოედო მთელ ინსტიტუციებს. ამან განაპირობა ზუსტად, მათ შორის ის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდაჭერა ვარდება.
რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ“ გააფუჭა ინსტიტუტები და შემდეგ ამან გამოიწვია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდაჭერის ვარდნა, იმიტომ, რომ მათ პერსონალური არაფერი გააჩნიათ. ხალხი ენდობოდა პრემიერ-მინისტრს იმიტომ, რომ აირჩია და უნდა, რომ მან რამე გაუკეთოს. ხალხი ენდობოდა პოლიციას და შესაბამისად რეიტინგი ჰქონდა მინისტრს, ენდობოდა რომ გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს საპირისპიროს. იზრდება კრიმინალი, უმუშევრობა, სიღარიბე, კორუფცია და პატრონი არ ჰყავს ქვეყანას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
კვლევის შედეგებს ენდობა „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძე ამბობს, რომ IRI-ის კვლევა ადასტურებს, რომ ხელისუფლება მარცხდება ხალხის თვალში.
„შეუძლებელია, რომ მომავლისთვის „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს. სასიამოვნოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გაიზარდა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც სერიოზულ განცხადებას აკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად. ხელისუფლება რომ მარცხდება ხალხის თვალში, ამას ადასტურებს ამ გამოკითხვის სხვა შედგები.
არავინ ენდობა მთავრობას, პრემიერ–მინისტრის აპარატს და პარლამენტის შენობაში მოკალათებულ დეპუტატებს და რაც ყველაზე სავალალოა, არავინ ენდობა სასამართლოს, როგორც წინა გამოკითხვით, ახლაც სასამართლო არის ბოლო ადგილზე და ის არის მართული ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.