„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი“

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი“

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.

გარდა ამისა, 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ფორუმის, კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ბრენდი, რომელიც ევროპელ ინვესტორებში საქართველოს პოპულარიზაციას გაუწევს.

ფორუმი, ასევე, 26 მაისის საზეიმო ღონისძიება გახსნეს საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს თითეული მოქალაქე ქმნის ისტორიას და ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს, დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო.

პრემიერის განცხადებით 1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. 100 წლის წინ საქართველომ მიიღო პირველი კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას მიმართა: „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და უნდა შევქმნათ ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები მისცემენ მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისთვის“.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,100 წლის წინ გამოცხადებული საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა დღეს რეალობაა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა, საქართველომ მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რაც დღეს, ერთი საუკუნის შემდეგაც, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ჩვენგანში.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცეს სტუმრებმაც - როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, ჩვენ გამოვცადეთ თითქმის ერთნაირი სიმწარე საუკუნეების მანძილზე და საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავისი თავდადებით და ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი.

„საქართველოს გააჩნია საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა, ეს გახლავთ საფუძველი მშვიდობის შენარჩუნებისა მთელ ევროპაში. გამოწვევები კვლავ ელის საქართველოს, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ სოლიდარობის სულისკვეთებით განმსჭვალულნი“, - განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მუმდივად საქართველოს გვერდით იდგა, რათა რეგიონის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად პროტესტი გამოეთქვა აგრესიის წინააღმდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა კი თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მუდამ დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას, მის საზღვრებს რომელიც კანონიერადაა დაფიქსირებული; მისივე განცხადებით, საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. ყოველთვის იყურებოდა იგი ევროპისკენ და გეოგრაფიულადაც ევროპასთან ხართ დაკავშირებული. ჩვენ დაწყვილებულები ვართ მრავალი საუკუნის მანძილზე. ახლა კი ჩვენს ურთიერთობაში ახალი თავი იწყება... ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ იმ მიზნებს, რომლებსაც მშვიდობისმყოფელი ქართველები ემსახურებიან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში“, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

როგორც ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე და იმედოვნებს, რომ ამ ბილიკს არ გადაუხვევს.

„ერთად ყოფნის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებსაც ეხება. რა თქმა უნდა, პარტნიორებთან თანამშრომლობა, მეგობრობა სარგებლობას ანიჭებს თითოეულ მხარეს, ქვეყანას. საქართველო არაა მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის აგრეთვე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი... ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

საული ნიინისტემ ასევე,განაცხადა, რომ ფინეთი საქართველოს მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში.

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის მანძილზე ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები და არასოდეს გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა.

„ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულებაა და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და შესაბამისად, სომხეთში ცხოვრობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრა - სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოში წინა ვიზიტისას საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა გაიხსენა.

„ჩემთვის საპატიოც არის და სასიამოვნოც დღეს აქ ყოფნა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა. არასოდეს დამავიწყდება საქართველოში შესანიშნავი ვიზიტი, რომელიც 2 წლის წინ შედგა. სამშობლოში შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდით და მას შემდეგ ეს ფოტო სულ თან დამაქვს, რომელიც გადაღებულია საოკუპაციო ხაზთან არსებულ მავთულხლართებთან. ღამით გადმოუწევიათ საზღვარი და სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ შემოვიდა ტერიტორიაზე. ადგილობრივ მცხოვრებს უნდოდა ექიმების გამოძახება, მაგრამ გადმოწეული საზღვრის გამო ვერ შველოდა ოჯახს. ეს ჩემთვის შემზარავი ამბავი იყო, რადგან ერთია, როდესაც გესმის და სულ სხვა - როცა საკუთარი თვალით ნახულობ რეალობას. აი, რას ნიშნავს აგრესიული მეზობელი და რამდენად რთულია ასეთ პირობებში არსებობა.

ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით. ეს არ არის მარტივი, რადგან რეფორმას ახორციელებთ და აგრესიული მეზობელი ართულებს საქმეს. მიუხედავად ამისა, თქვენ ბევრი მიღწევა გაქვთ. მე ვეცნობოდი თქვენი გასაოცარი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და ახლა უკვე პირდაპირი ფრენები თბილისსა და ბრატისლავას შორის არსებობს“, - განაცხადა ანდრეი კისკამ.