საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. საზეიმო ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება. ახალწვეულები, სიმბოლურად, საუკუნის წინანდელ ფორმებში იქნებიან გამოწყობილი და ფიცს დადებენ. ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად გაიმართება საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. ასევე შესრულდება 100 წლის წინანდელი ორი სამხედრო მარში.
თავისუფლების მოედანზე ადგილს დაიკავებენ საჯარისო შენაერთები, მათ შორის სამხედრო ლიცეუმის კადეტები იქნებიან. აღიმართება ეროვნული დროშა, რის შემდეგ წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას.
თავისუფლების მოედანზე ასევე გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, მათ შორის პირველად იქნება წარმოდგენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. ასევე, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა უწყების სტენდები გამოიფინება.
ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პარტნიორი ქვეყნები. საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს 6 ქვეყნის პრეზიდენტთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად აღნიშნავს. საქართველოში იმყოფებიან პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები, რომლებიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ევროკომისიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს უმასპინძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაური მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში.
„გამარჯობა, საქართველო“ - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოში ვიზიტი ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომლიც უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. როგორც გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა მაშინ, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის 100 წელს ზეიმობს. მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველო წარმოადგენს მოწინავე ქვეყანას, ხოლო ნატო-სთვის საუკეთესო პარტნიორია კავკასიაში. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნატო-სთან სამხედრო თანამშომლობის მჭიდრო ფორმატი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავგმოთ და ვგმობთ ყველანაირ აგრესიასა და ოკუპაციას. ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს თქვენს ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს. სანქციები, დიპლომატიური იზოლაცია - ეს არის რაც ხელთ გვაქვს დღეისთვის რუსეთის წინააღმდეგ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას, გააძლიეროთ უსაფრთხოება. რაც შეეხება ნატო-ს მომავალ სამიტს, საქართველოს და ნატო-ს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობებია, უფრო ახლო, რაც კი მინახავს, რომ როდესმე ჰქონია ალიანსში გაწევრიანების მსურველ სხვა რომელიმე ქვეყანას“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.