აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია... ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოში რუსული ოკუპაცია არ დასრულდება... ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს... საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში... - აშშ-ის კონგრესის ამ გზავნილებით ბრუნდება საქართველოში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აშშ-ის სახელწიფო მდივინის, მაიკ პომპეოს მოწვევით სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საქართველოს მთავრობის მეთაურის აშშ-ში ვიზიტი დატვირთული იყო. მაღალი დონის საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.
ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა დეტალურად განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესში. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს რეგიონთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკაში.
შეხვედრაზე პენსმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მზაობა, გადადგას ნაბიჯები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მოგვიანებით, მაიკ პენსი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„დღეს ჩვენს სახლში ვუმასპინძლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ვულოცავ საქართველოს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 100 წლისთავს! ჩვენ დავადასტურეთ აშშ-საქართველოს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიასა და გლობალურ უსაფრთხოებაში“, - წერს მაიკ პენსი „ტვიტერზე“.
აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ აშშ-ში შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან საგნობრივი განხილვა შედგა აბსოლუტურად ყველა საკითხისა, რომელიც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგში დგას. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტული დაპირებებით.
„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები მაიკ პომპეოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე - ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატო-ს ივლისის სამიტს ბრიუსელში. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები კონგრესში, სენატში.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელთანაც ჩვენ აბსოლუტურად ყველა საკითხი განვიხილეთ. ჩვენ ვართ აშშ-ის უახლოესი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, რაც ჩვენთვის, მე ვიტყოდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასევე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეზე, რომ ჩვენ ამ პარტნიორობაში ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მაღალი თამასა ავიღოთ და ჩვენი ხელისუფლება ამისთვის აბსოლუტურად მზად არის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, კეთილდღეობის და თავისუფლების დასაცავად.
„გასულ კვირას ინიცირებული საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამის განხორციელების კვალდაკვალ, გვაქვს კიდევ მეტი პოტენციალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმ ეკონომიკური პროექტების და კერძო პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, როგორიც არის ანაკლია. მრავალმხრივ ურთიერთობებში ჩვენ ველით იმ პროგრესის დაფიქსირებას ნატო-ს სამიტზე, რაც ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია. ამასთანავე, რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, ჩვენ ველით აშშ-ის მკაფიო მხარდაჭერას ახალი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ი პრემიერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო, რადგანაც შეხვედრები გაიმართა, როგორც სახელმწიფო მდივანთან სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ღიად დაფიქსირდა აშშ-ის პოზიცია, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.
„ჩვენ ველოდებით სამიტს, რომელზეც უნდა დაფიქსირდეს ის შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. აშშ მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდში ამ პროცესში და იგი ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
აშშ-ში ქართული დელეგაციის წარმატებულ ვიზიტზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ტრამპის ამერიკა რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში უფრო შეუპოვარია, ყოველდღიურად ამძიმებს რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, უწესებს სანქციებს და ყველა მიმართულებით ამკაცრებს პროცესებს. მისი თქმით, ამ ტიპის ამერიკამ განაცხადა ის, რაც უნდა განეცახადებინა, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
„საინტერესოა, რომ ახსენეს ტატუნაშვილის საქმეც. ეს არ არის ინერციით ნათქვამი ფრაზები, ეს არის ამერიკელი კონგრესმების პოზიცია მიმდინარე პროცესების მიმართ. ასეთი რეაქციები ამერიკისა და ევროპის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ჩვენ ახალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, უამრავი კონფლიქტი გადავიტანეთ, ახლა მეტ-ნაკლებად შენება დავიწყეთ, მაგრამ ყოველთვის გვიჩნდება კითხვა, პოლიტიკურად სწორედ მიდის თუ არა პროცესები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, ამ კითხვაზე პასუხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების შესაფასებები და თუკი შეფასებებს გადავხედავთ, აშკარაა, რომ ამერიკა ამყარებს საქართველოს პოლიტიკურ კურსს.
„შეფასებების ის ნაწილი, რაც კვირიკაშვილს ამერიკიდან ჩამოაქვს, ცალსახად მიუთითებს, რომ ამერიკისთვის კომფორტულია ქართული პოლიტიკა, კომფორტულია დემოკრატიულობის კუთხით, ეკონომიკური წინსვლით და კომფორტულია იმ პოლიტკითი, რომელსაც საქართველო აწარმოებს რუსეთთან - პრინციპული, ოღოდ არა გამაღიზიანებელი - ამერიკას არ აყენებს მოულოდნელი ფაქტის წინაშე. ანუ, საქართველო პარტნიორულია საგარეო ურთიერთობებში. სწორედ ამ ნიშნებს ვხედავ პრემიერის ვიზიტის ფარგლებში“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ამერიკისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო და საქართველოს ხელისუფლების განწყობები, რადგან სიტუაცია ძალიან იძაბება ახლო აღმოსავლეთში, ძირითადი ვექტორი მიმართული არის ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ.
„შემთხვევითი არ არის ის, რაც სომხეთში მოხდა. ქართველო კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. იმ პოლიტიკის წარმოებისთვის, რომელსაც დღეს ამერიკა აწარმოებს, განსაკუთრებით ირანის წინააღმდეგ და რიტორიკა არის არა რბილი, არამედ შეურიგებელი და სახეზე გვაქვს ძალიან დიდი დაპირისპირება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მით უმეტს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა. ჩემის აზრით, ამ საკითხებზე იყო ლაპარაკი. რაც მთავარია, ჩვენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ ისეთი სტრატეგიული პარტნიორისგან, როგორც აშშ-ია“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.