საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს აღწევს. საზოგადოება თავალ-ყურს ადევნებს ოთხწლიანი მწვავე დაპირისპირების ბოლო რაუნდს, როდესაც ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის განათლებაში ეჭვი შეიტანა. რამდენად საფუძვლიანია პარლამენტის სპიკერის ეჭვი, მით უფრო მარგველაშვილის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში, ანალიტიკოსების შეფასებით ამ საკითხზე მსჯელობაც კი მიუღებელია, რადგან ყველაფერი შეიძლება დააბრალო მარგველაშვილს, გარდა გაუნათლებლობისა.
მარგველაშვილი-კობახიძეს დაპირისპირება გრძელდება. პარლამენტის თავმჯომარისთვის მიუღებელია როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე და თვლის, რომ ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და, მისი თქმით, ეს არის მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა.
„როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, შენს ადმინისტრაციას არ უნდა აქეიფებდე საბიუჯეტო რესურსებით. ცარიელ მაცივრებზე როცა საუბრობ, მეორე მხრივ, შენ არ უნდა სწევდე ისეთ ხარჯებს, როგორსაც სწევ. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ოთხჯერ მეტს იხდიდეს სასტუმროს ნომერში, ვიდრე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა დეპუტატი. ეს არის რეალობა - ოთხჯერ მეტი ხარჯი. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ თავად პრეზიდენტი აკეთებს ამ განცხადებებს.
„როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამებით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და პრეზიდენტის სხვა წარმომადგენლები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებს, ამ დროს პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას ამ ადამიანებს.
პრეზიდენტი არ შეიძლება ასეთ როლში იყოს. დარწმუნებული ვარ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც ჩამოყალიბებულია დღევანდელ რეალობაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლიც დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს პიროვნულ დაპირისპირებას და ფიქრობს, რომ კობახიძის განცხადება პრეზიდენტის განათლების შესახებ, სწორია. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, განათლება არ არის ნაკითხობა, დიპლომი და აკადემიური ხარისხი.
„განათლება არის ღირებულებებზე ორიენტირებული ცოდნა. მყარი ღირებულებითი სისტემა უნდა გქონდეს და ეს როგორც ირკვევა ძალიან რთულია. ზოგ შემთხვევაში მარგველაშვილი უდავოდ ერუდირებულია, უადავოდ ინტელექტუალია, მაგრამ ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მისი ღირებულებითი სისტემა არ არის მყარი. ხან ერთ მხარეს არის, ხან მეორე მხარეს. რაც მთავარია, პოლიტიკურ ბრძოლაში ისე შედის, რომ მყარი პოზიციები არ აქვს. შეიძლება ამას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე და არავითარი, პიროვნული პრობლემა მარგველაშვილთან არ აქვს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი ამბობს, კინკლაობა ლამაზი არ არის, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირება პრეზიდენტსა და როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო შტოს შორის დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა.
„ამას ვერ დავაბრალებთ „ქართულ ოცნებას“. თავიდანვე მკვეთრად დაუპირისპირდა პარლამენტს, რამდენიმე ვეტო გამოიყენა, იყო სასახლის პრობლემა, აურზაური არაფრის გამო და შემდეგ იყო არა მხოლოდ დისტანცირება, არამედ კონტრპოზიცია თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხში. ძალიან არასასურველ ნიშნულს მიაღწია, როდესაც საკონსტიტუციო პროცესში დაიკავა ძალიან ცუდი პოზიცია. უნდა დასრულდეს ეს კინკლაობა და უდავოდ დასრულდება არჩევნების შემდეგ, როდესაც მოსახლეობა აირჩევს ახალ პრეზიდენტს და არა მგონია, რომ ეს მარგველაშვილი იყოს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე იხსნებს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტევა ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელსაც თავდაპირველად მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა სათავეში. მისი თქმით, მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი გახდა პრემიერი, თითქოს ეს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს ფუნქცია თავის თავზე აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ.
„სამწუხაროდ, ისევ დაიწყო დაპირისპირება ხელისუფლების შიგნით. ეს ახლა უფრო გამწვავდება, რადგან საარჩევნო წელია. არა მგონია, რომ ამ დაპირისპირებაში პიროვნული მოტივი უნდა ვეძებოთ. შეიძლება პიროვნულს გავს, იმიტომ, რომ საკითხები არ არის ისეთი, რატომაც უნდა აკრიტიკო პრეზიდენტი, ან პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომ უფრო პოლიტიკური დაპირისპირებაა და უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. საკმარისია მარგველაშვილმა გააკეთოს განცხადება, რომ არ აპირებს მეორე ვადით პრეზიდენტობას და ეს დაპირისპირება დასრულდება“, - აცხადებს ძაბირაძე.
მისი თქმით, სანამ „ქართულ ოცნებაში“ არის განცდა, რომ შესაძლოა, მარგველაშვილმა კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში, მანამდე იქნება დაპირისპირება და სულ უფრო და უფრო გამძაფრდება.
„მარგველაშვილს შეიძლება ყველაფერი დაუწუნო კაცმა, მაგრამ გაუნათლებელია - ეს ძალიან მძიმე შეფასებაა. როდესაც ლაპარაკია ცარიელ მაცივრებზე, ესეც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. რეალურად, მოსახლეობა სწორედ იმის მიხედვით აფასებს დადებითად, ან უარყოფითად ხელისუფლების ქმედებებს, რა მდგომარეობაშია მისი მაცივარი.
ახლა სხვა კრიტერიუმებია. ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა სწორედ აქეთ არის მიმართული. წინა ხელისუფლების დროს მაცივრისგან განსხვავებით საკუთარი ბედი გვაინტერესებდა - არ ვიცოდით რას გვიზამდენენ, დაგვიჭერდნენ თუ არა. ყველას გვისმენდნენ, მაშიმ რეპრესიების შიში იყო. ახლა რეპრესიების შიში არ არის, მაგრამ მაცივრის პრობლემა დადგა. პრეზიდენტმაც ეს თქვა, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.