„რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა!“

„რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა!“

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დიდ პალატაში საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელი განიხილეს - 23 მაისს, ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა, გადაწყვეტილება კი მოგვიანებით მიიღება.

როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს.

სარჩელი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად შეიტანა. იგი ეხება სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, სიცოცხლის უფლების, საკუთრების დაცვისა და განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.

საქართველოს განაცხადში, რომელიც სასამართლოს თანდართული მასალებით 2009 წლის 6 თებერვალს მიეწოდა, ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სეპარატისტული ძალები განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებს ახორციელებდნენ სამოქალაქო პირების და მათი ქონების წინააღმდეგ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსეთის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უარყვეს საქართველოს მიერ წარდგენილი ბრალდებები, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„გამოსვლისას რუსეთის მხარემ უარყო საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო მტკიცებები იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს რაიმე კავშირი აქვთ 2008 წლის აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევებთან. რუსულმა მხარემ მიუთითა სასამართლოს, რომ ამგვარი ბრალდებები უსაფუძვლოა და არ დასტურდება რაიმე ობიექტური ან მისაღები მტკიცებულებებით“, - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

რუსული მხარე აღნიშნავს, რომ „რუსეთის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მოვლენების დამახინჯებას“.

„ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ეღიარებინა თავისი ინიციატივა შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაში და რუსეთი დაადანაშაულა არაპროპორციულ ქმედებებში და არაფერი უთქვამს იმაზე, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იცავდნენ ქართული ჯარის თავდასხმისგან. ასევე სასამართლოს მიაწოდეს პოზიცია, რომელიც ადასტურებს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულებების არარასებობას იმის თაობაზე, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ ქმედებებს, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციას ეწინააღმდეგებოდა“, - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის წარმომადგენლებმა ასევე უარყვეს საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, რომ რუსეთი თავის იურისდიქციას ახორციელებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რუსული მხარის აზრით, საქართველოს მიერ გამოყენებადი ცნება, იურისდიქციისა და ეფექტური კონტროლის შესახებ, არ შეესაბამება გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკას. რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ შეიარაღებულ კონფლიქტთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებები და არა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ კონვენციის დებულებები.

„ამავდროულად, რუსულმა მხარემ მოსამართლეებს აცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა სუსტია, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს შეიცავენ“, - დასძინეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროში.

სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ, რომელიც განხილვას დაესწრო, აღნიშნა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული იყო. სალუქვაძის შეფასებით, ქართულმა მხარემ რუსეთს ყველა მიმართულებით წაუყენა არგუმენტირებული ბრალდებები.

„სასამართლოზე ორივე მხარე არგუმენტებად პოლიტიკურ განცხადებებსაც იშველიებს. ასეთი განცხადებებით სასამართლოსაც ექმნება განწყობები. რუსეთის არგუმენტები ძალიან უსუსური და სიცრუეზე აგებული იყო. ამახინჯებდნენ ისტორიას, თითქოს სსრკ-ს დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთი მათი ნების გარეშე შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. „ისკანდერის“ კუთვნილებასაც კი უარყოფენ. უარყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების ამსახველ ფოტო მასალას და მას ფალსიფიცირებულად აფასებენ. მათგან სხვა მოსალოდნელი არც იყო“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ტალიავინის კომისიას დაეყრდნო რუსეთი, თუმცა - უსუსურად. ტალიავინის კომისიის დასკვნა ხელს ვერ შეუშლის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავის მუშაობაში.

„იმედია სასამართლო გაუძლებს რუსეთის ზეწოლას, განსაკუთრებით დაფინანსების შეწყვეტის და დემარშის მხრივ და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს სალუქვაძე. მისივე შეფასებით, ჩვენ არ ვითხოვთ ზედმეტს, ვითხოვთ ობიექტურობას.

„ასეთი გადაწყვეტილება კი ბევრ სხვა დივიდენდს მოგვიტანს. ევროპა უნდა გამოფხიზლდეს თუნდაც უკრაინის მოვლენების შემდეგ. ამ სასამართლოში რუსეთის გამარჯვება იქნება ევროპის დამარცხება. ჩვენ ვიცით სიმართლე, მთავარია ახლა მათ მისცენ სწორი შეფასება. სასამართლოს ჩვენს სასარგებლოდ დასრულება სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს რუსეთის წინააღმდეგ წაყენებული ცალკეული სარჩელებიც მოიგონ. ასევე ეს გადაწყვეტილება გაამყარებს არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის მიმართულებით დასავლეთის მხარდაჭერას კიდევ უფრო განამტკიცებს“, - აცხადებს სალუქვაძე.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით დამატებით მუშაობა მოუწევს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს მოვიგებთ, ვინაიდან წინა ხელისუფლების მიერ ყველაფერი კარგად იყო მომზადებული. ამ საქმის მოგების შემდეგ საქართველოს ეძლევა დამატებით საერთაშორისო სამართლებრივი არგუმენტები, მათ შორის იმის, რომ სხვა სასამართლოებში აწარმოოს საქმე“,- აღნიშნავს კაპანაძე.

მისი თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააჩერა პროცესი საერთაშორისო სასამართლოს ფარგლებში, სადაც შეგვეძლო კონსულტაციების გაგრძელება რუსეთთან დევნილების დაბრუნების საქმეზე.

„რაც შეეხება კონკრეტულად კომპენსაციას თუ სხვა ტიპის რუსეთის დავალდებულებას, ამაზე მთავრობას მოუწევს დამატებით მუშაობა. ეს უნდა იქნას რეალურად აღსრულებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი.

„ეს იყო უკომპრომისო, მაგრამ სამართლიანობისათვის და სამართლისათვის ბრძოლა. ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვის - უკრაინასა და მოლდოვაში. რუსული მხარისგან არგუმენტების ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ რაც საქართველომ წარმოადგინა, არის სიყალბე, შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, სტრასბუგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მოლოდინიც გვაქვს, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნება გამოტანილი, ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს.

„ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს. მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და კონსოლიდირება ამ თემის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ეს ასეც ხდება, მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება უმნიშვნელოვანესი ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ქაცარავამ.

რაც შეეხება დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აღსრულების მექანიზმს, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

„მოდი ჯერ ნუ ვისაუბრებთ ამაზე. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღსრულების მექანიზმები საკმაოდ რთული იქნება იმიტომ, რომ მეორე მხარეს, რომელსაც შესაძლებელია სანქციები დაეკისროს, არის ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი და იმ ტერიტორიებზე, იმ ქვეყნებთან მიმართებაშიც კი, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არ არის, იქაც ძალიან ჭირს ხოლმე გადაწყვეტილების აღსრულება და იქაც მსგავსი პრობლემებია. ამიტომ ჯერ დაველოდოთ სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებლად ობიექტურობის ფარგლებში, ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიდეს და შემდეგ ვისაუბროთ სხვა საკითხებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.