აშშ-ის ააქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვიზიტი აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შედგა. საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. „მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს და აღნიშნა, რომ სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორ ქვეყანას შორის უდიდესია.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მზად ვართ, მივაღწიოთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში. მისი თქმით, თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.
„რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი სკაპაროტი იმყოფებოდა საქართველოში და გახსნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ისტორიული პროგრამა და ტრენინგის ინიციატივა, რაც წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში და, შესაბამისად, ზოგადად, ევროპაში უსაფრთხოების სტაბილურობის საქმეში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისთვის. მისივე თქმით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ნატოსთან ურთიერთქმედების განმტკიცების მხრივ.
„ჩვენი სტატისტიკა უკვე აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ბიუჯეტზე გამოყოფილი სახსრების ნატოს სტანდარტს - 2 პროცენტს, სამხედრო ტექნიკაზე გამოყოფილი 20 პროცენტის ჩათვლით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა შევიძინოთ აშშ-ს სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა. აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
წელს, ბრიუსელის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრიანება ნატოში კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მდივანო პომპეო, საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გამოთქმული თქვენი მხარდამჭერი სიტყვებისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მთავარ პრინციპებს და ჰელსინკის აქტს.
აქვე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, დააბრუნოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი. უზრუნველყოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ეყრდნობა სტაბილურ პარტნიორებს საერთო უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად. საქართველო ერთ-ერთია ასეთ პარტნიორებს შორის, რომელიც ახდენს ვალდებულებების დემონსტრირებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დასავლური ღირებულებების დაცვაში. საქართველოს როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში.
2016 და 2017 წლის საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა ევროატლანტიკური არჩევანი, მათ შორის საქართველოს ნატოში სამომავლო წევრობაც. ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის დეკლარაციას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ვიცით რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველია“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატია უფრო მყარი გახდეს, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შექმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ხმა იყოს მოსმენილი პოლიტიკაში, მედიაში, რომ გააძლიეროს ძალაუფლების გადანაწილება და კონტროლი სამთავრობო ინსტიტუტებში.
სამდღიანი სამუშაო ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში „შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის“ და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით იმართება.
აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძეს განცხადებით, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს.
„მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით. სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დამტკიცებიდან რამდენიმე კვირაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარუძღვება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომლის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ ძალიან მალევე იმართება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გიორგი კვირიკაშვილის მეორე ოფიციალური ვიზიტია აშშ-ში. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კვირიკაშვილის ვიზტი აშშ-ში, როგორც პროამერიკული პოლიტიკური ფიგურის, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკული პოლიტიკური წრეების მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.
„პარტნიორებთან და ძირითადად დასავლეთს ვგულისხმობ, ძალიან კარგი ურთიერთოები ააწყო და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. რაც შეეხება საარჩევნო წელს, ამერიკისთვის ნამდვილად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პრეზიდენტად შენ ვის აირჩევ. თუმცა, ალბათ, ამერიკა მიესალმება თუ პრეზიდენტად არჩეული იქნება კვირიკაშვილი. სწორედ იმიტომ, რომ კარგი ურთიერთობები აქვთ და მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის სფერო არის საგარეო ურთიერთობები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში საქართველოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორი იქნება წამყვანი თემა.
„იმ ფონზე, როდესაც შენთან გადის ნარკოტრაფიკის ხაზი, ადრე გადიოდა ისლამისტებთან მიგრაციის ხაზი და ა.შ. ანუ ბევრი იმ თემით ხარ მნიშვნელოვანი წერტილი, რომელი თემებიც ამერიკას აინტერესებს, ვფიქრობ, რომ ამ ფონზე აქტუალურია ამერიკისთვის ქართული თემის შემდგომი მოგვარება და, რომ მრავალწერტილიანი გაგრძელება არ არსებობდეს ამ თემაში.
ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში საქართველოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორი იქნება წამყვანი თემა და არა კონკრეტულად ის, ვისი ვიზიტია. ასე რომ, უპირველს ყოვლისა ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის, საერთაშორისო მკვლევარის თამარ კიკნაძეს განცხადებით, ამერიკა წონადობით არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა, ამიტომ ნებისმიერი კონტაქტი ამ ქვეყანასთან ძალიან დიდი მნიშვნელობის არის. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, როგორც ძალიან გაწონასწორებული ფიგურა, მისაღები პოლიტიკური ფიგურაა ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში.
„იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვართ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილას მდებარეობს და გარკვეული ფუნქცია აქვს. როგორც პროდასავლური ქვეყანა, გარკვეული ფუნქციების შესრულება შეუძლია. აშკარაა, რომ პოსტსაბჭოთა რეგიონში მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყო. დონალდ ტრამპი შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს, ახლა იყო უზბეკეთის პრეზიდენტი, სომხეთში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ამიტომ, კვირიკაშვილის ვიზიტიც სწორად ამ კონტექსშტი არის ძალიან საყურადღებო. გარდა ამისა, ვიცით რა ვითარება არის აღმოსავლეთში, სირიაში, ისრაელში, ავღანეთში, სადაც ჩვენი სამშვიდობო მისია იმყოფება და რაც მთავარია, არის რუსეთი. ბოლო განცხადება, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა და მანამდე პრემიერმა, ალბათ ამ საკითხებზე იქნება ლაპარაკი აშშ-ი“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.