„ახლა მიმდინარეობს ნიადაგის მოსინჯვა რუს პოლიტიკოსებთან, მაგრამ აქედან არაფერი გამოვა“

„ახლა მიმდინარეობს ნიადაგის მოსინჯვა რუს პოლიტიკოსებთან, მაგრამ აქედან არაფერი გამოვა“

„ადა მარშანიამ ოკუპანტ სახელმწიფოსთან აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მარშანიამ წინასწარ დაწერილ ტექსტში საბრალდებო დასკვნა ამოიკითხა და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა“, -ასეთი შეფასება მისცა „რუსთავი 2“-მა ადა მარშანიას ვიზიტს რუსეთში.

„ნაცმოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილიც ადა მარშანიას განცხადებაში მიუტევებელ დანაშაულს ხედავს და აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთის დაკვეთას ასრულებს და იგი „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიაა. ამდენად, ადა მარშანიას განცხადებაც გასაკვირი არაა.

ამავე ტონალობაშია გიგი წერეთლის ნათქვამიც. წერეთლის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ზუსტად იმეორებს იმ განცხადებას, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უშუალოდ ადა მარშანიას ნათქვამს, რომელშიც „ნაცმოძრაობამ“ მოღალატური საქციელი დაინახა, ის ასეთნაირად იკითხება: „რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების კურსი აიღო. სამწუხაროდ, საქართველოში არიან შიდა ძალები, 2008 წლის ავანტიურის ავტორები, რომლებიც რატომღაც პარლამენტში სხედან და არ არიან სათანადოდ დასჯილები. არიან გარე ძალებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დიალოგს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი თანაპარტიელის პოზიციას იცავს და ამბობს, რომ ადა მარშანიას არაფერი განსხვავებული არ უთქვამს, რაც არ წერია და არ არის ასახული ტალიავინის დასკვნაში. ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ პირდაპირ ამბობს, რომ აგვიტოს ომი, კოდორისა და ახალგორის ჩაბარება უკავშირდება წინა ხელისუფლებას, მათ შორის, ბატონ ბოკერიას, რომელმაც სამარცხვინოდ გააჩუქა კოდორი, სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ასევე მოხდა ახალგორის ჩაბარებაც.

მარშანიას განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. „ნაცმოძრაობისადმი“ ლოიალურად განწყობილი ადამიანები ამბობენ, რომ არც მარშანიას და არც „პატრიოტთა ალიანსის“ სხვა წევრებს არჩილ ტატუნაშვილის სახელი არ უხსენებიათ მაშინ, როცა საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების ფაქტი დაგმეს. უფრო მეტიც, ადა მარშანიამ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკური ორგანიზაცია რუსი დიპლომატის გაძევების წინააღმდეგი იყო, რადგან „პატრიოტთა ალიანსი“ სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ორმაგი აგენტის მოწამვლასთან დაკავშირებით ვერ ხედავდა. თავის მხრივ, ადა მარშანიას არც რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ჩამორჩა. კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინელი პარლამენტარებისგან განსხვავებით, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ურთიერთობა ერთი ნაბიჯით წინაა.

ვინ უღალატა საქართველოს - ადა მარშანიამ ოკუპანტთან გაკეთებული განცხადებებით, თუ აგვისტოს ომის ავანტიურას წამოგებულმა ადამიანებმა?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მან ძალიან კარგად იცის ადა მარშანიას პოლიტიკური შეხედულებები, ბევრ რამეში მას არ ეთანხმება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადა მარშანიას ახალი არაფერი უთქვამს. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის აგვისტოს ომის ისტორია, ტალიავინის დასკვნაც არსებობს, თუ რა და როგორ მოხდა. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, საომარი მოქმედებები დაიწყო 22.55 საათზე, როცა სააკაშვილმა გასცა ბრძანება ქალაქ ცხინვალზე შეტევითი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.

„ომი საქართველომ კი არ დაიწყო, არამედ ავანტიურისტმა სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო ამ ომში. საქართველო ვერ აგებდა პასუხს მისი მაშინდელი პრეზიდენტის საქციელზე. ერთია საომარი მდგომარეობა, მეორეა საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობას სააკაშვილი ვერ გამოაცხადებდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაგომისის ხელშეკრულებით იყო შებოჭილი. იქ საერთაშორისო მანდატის სამშვიდობო ძალები იდგნენ, ცხინვალის რეჟიმის, რუსეთისა და საქართველოს შემადგენლობით. კონფლიქტის ზონა საერთაშორისო მანდატის ქვეშ იყო. ამდენად, თუკი სააკაშვილს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უნდოდა, მას პარლამენტი უნდა შეეკრიბა და დაგომისის ხელშეკრულების რატიფიკაცია გაეუქმებინა. ამით გაუქმდებოდა სამშვიდობო მანდატიც, რადგან რუსეთი ამ ხელშეკრულებას არღვევდა. სააკაშვილმა ეს ვერ გააკეთა. სამაგიეროდ, მოგვიანებით იგივე სააკაშვილი იძახდა, მაშინ უკვე რუსები შემოსულები იყვნენო, მაგრამ ეს ტყუილია. თუ იმ დროს ნამდვილად არსებობდა საომარი მდგომარეობის საფუძველი და ასეთ დროს მან ომი არ გამოაცხადა და არ თქვა, რომ რუსები საქართველოში შემოვიდნენ, ეს უკვე სახელმწიფო ღალატია. ტალიავინის დასკვნაშიც ეს წერია, რომ სამართლებრივი საფუძველი შეტევითი ოპერაციის გაცემაზე არ არსებობდა. ამდენად, სახელმწიფო ღალატის ჩადენა სააკაშვილს არ ეპატიება. ეს იყო უბედურება, რაც მან ჩაიდინა აგვისტოში და რაც კატარასტროფით დამთავრდა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ სააკაშვილმა არა მხოლოდ აგვისტოს ომი დაიწყო უსაფუძვლოდ, არამედ ეს ომი უსაფუძვლოდვე შეწყვიტა. არსებობს სარკოზი-მედვედევ-სააკაშვილის დოკუმენტი, რომლითაც ვერ ირკვევა, რაზე მოვაწერეთ ხელი. არც ის იცის ვინმემ, კაპიტულაციას მოვაწერეთ თუ არა ხელი. უბრალოდ, სააკაშვილმა 11-ში ქართულ არმიას უბრძანა წინააღმდეგობის შეწყვეტა, დანებება. სწორედ ეს აინტერესებს დავით ზარდიაშვილს, რა საფუძვლით უბრძანა ექსპრეზიდენტმა ჯარს დანებება? ომი ხომ საქართველოს სუვერენული უფლებაა?!

„9 აგვისტოს, როდესაც გამოცხადდა საომარი მოქმედებები, უკვე ნამდვილად იყო შემოჭრილი რუსეთი. მაშინ რა უფლებით შეწყვიტა სააკაშვილმა ომი? ესეც საკითხავია. ამ კაცს იმხელა საშინელება აქვს ჩადენილი აგვისტოს ომის დროს, როგორ უტრიალდებათ ენა, რომ კიდევ ვინმეს საქციელს განიხილავენ მოღალატურად. რაც მათ აგვისტოში ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიას ასეთი ფაქტი არ ახსოვს. ამაში ვეთანხმები ადა მარშანიას, რომ „ნაციონალებმა“ მთელი საქართველო იმ უბედურებაში გახვიეს, რაც იყო აგვისტოს ომი“.

ასეთი შეფასებების მიუხედავად, დავით ზარდიაშვილი ეჭვობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტები მოსკოვში შედეგის მომტანი იყოს. მისი თქმით, სამწუხაროდ, ადა მარშანიას კიდევ აქვს რაღაც ილუზია, რომ ურთიერთობის ამ ფორმით რუსეთთან შედეგს მიღწევს. მით უმეტეს, მარშანია არ არის ხელისუფლებაში. უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს რეკოგნოსცირება, ნიადაგის მოსინჯვა იქაურ პოლიტიკოსებთან, მაგრამ აქედან არაფერი გამოვა. რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ერთადერთი საშუალება რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლაა.

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ ადა მარშანიას მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნია, მაგრამ ამ მომენტში მარშანია მართალია.

გივი სიხარულიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აგვისტოს ომის ავანტიურის ავტორები სხედან. ესენი არიან ადამიანები, რომელთა დაუდევრობის თუ ღალატის გამო ჩაბარდა საქართველოს ტერიტორიები რუსეთს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ქართველების დადანაშაულებას აგვისტოს ავანტიურაში.

„გერმანელებმა 5,7 მილიონი ებრაელი გაზის კამერებში გაგუდეს, დღეს კი უდიდესი მეგობრები არიან გერმანელები და ებრაელები. ახლა ვიღაც მეტყვის, გერმანელებმა მოინანიესო. 5,7 მილიონ კაცს რომ გაუწყვიტავ, მერე გინდა მოინანიე, გინდა არ მოინანიო. თურქეთმა და ირანმა მოგვსპეს, მიწასთან გაგვასწორეს, მაგრამ დღეს ჩვენ თურქეთთანაც კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ირანთანაც. ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, ჩხუბითა და დავიდარობით, ავტომატითა და ტანკით, თვითმფრინავითა და ატომური ბომბით მოვერიოთ ვინმეს. ნათქვამია, გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. უნდა ვეცადოთ, დიალოგი შედგეს რუსეთთან, რომ ამ დიალოგით კი არ წავაგოთ, არამედ რაღაც მივიღოთ. მესმის, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ თუ არასოდეს დიალოგში არ შევალთ რუსეთთან, მაშინ სულ ასე იქნება, ვერც მოვერევით და ვერც რამეს წავართმევთ რუსეთს. ვინ ვართ ჩვენ? ერთი ციცქნა, ერთმანეთის მოღალატე ერი. ამიტომ არა უშავს, ის ადაა, თუ მადა, რასაც აკეთებს, უფრო კარგია საქართველოსთვის, ვიდრე ის, რომ ხმა არ ამოვიღოთ, ვეგდოთ აქ ჩვენთვის და დაჩაგრულები ვიყოთ“,-აღნიშნა გივი სიხარულიძემ.