„უმაღლეს დონეზე შეხვედრას, პირველ რიგში, იმ ომის დასრულება სჭირდება, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთთან“

„უმაღლეს დონეზე შეხვედრას, პირველ რიგში, იმ ომის დასრულება სჭირდება, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთთან“

საქართველოში არა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“ და ცალკეული პოლიტიკოსები არიან შემჩნეულნი რუსეთთან დიალოგის სურვილში, არამედ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც ვლადიმერ პუტინთან საუბრის დაუოკებელი ჟინი ჰქონია.

მარგველაშვილის შეთავაზების შემდეგ მისი ხმა არ დარჩენილა შეუსმენელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ზოგადმა პასუხმაც არ დააყოვნა. კარასინი მიიჩნევს, რომ თეორიულად ასეთი შეხვედრა ყველა დონეზე შესაძლებელია, მათ შორის, უმაღლეს დონეზეც, თუმცა ამას სათანადოდ მომზადება სჭირდება.

სხვათა შორის, კარასინი ერთადერთი არ არის, ვინც რუსეთ-საქართველოს პირველი პირების დიალოგს არ ეწინააღმდეგება. ის კი არა, თავის დროზე ვლადიმერ პუტინიც არ მალავდა იმას, რომ რუსები შეეცდებოდნენ თვით ნატო-სთანაც დიალოგის წამოწყებას.

რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ 2013 წელს პუტინი საქართველოსთან მიმართებით თბილ ტონს არ იშურებდა. ის ამბობდა, რომ მზად იყო საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ... რუსეთის ლიდერი არც იმას მალავდა, რომ აფასებდა საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე.

იმ პერიოდში პუტინის სიტყვები არადამპყრობლურად ჟღერდა, რომ მას უნდოდა ურთიერთობის აღდგენა საქართველოსთან, რადგან ჩვენ „ძალიან ახლობელი ხალხები“ ვიყავით. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ქართველი ცხოვრობდა რუსეთში, რომელთა წარმატებითაც რუსები ისევე ამაყობდნენ, როგორც საკუთარი მოქალაქეების წარმატებით. პუტინი საერთო კულტურასა და რელიგიურ გრძნობებსაც შეგვახსენებდა, რომ კულტურულად ჩვენ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ბევრი რამ გვაკავშირებდა, მათ შორის, წმინდა სულიერი, რელიგიური კავშირებიც.

რუსეთის ლიდერი ილია მეორის შესახებაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ის ამბობდა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვდა ილია მეორეს, ამ ძალიან კეთილ ადამიანს და ნამდვილ ქართველს. წამიც არ ყოფილა ისეთი, რომ ილია მეორეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე არ ესაუბრა, მაგრამ ის ამას აკეთებდა სიბრძნით, რბილად, მშვიდად.

სამაგიეროდ, პუტინი სააკაშვილთან ანტაგონისტურ დამოკიდებულებას არც არასდროს მალავდა. მისი შეფასებით, სააკაშვილის ხელისუფლებას არ ეყო მოთმინება, რასაც მოჰყვა კიდეც აგვისტოს ომი. პუტინის თქმით, სააკაშვილთან მან ბევრჯერ ისაუბრა, მას ეუბნებოდა, მიხეილ ნიკოლიზის ძევ, ყველაფერი გააკეთეთ, რაც გნებავთ, მხოლოდ არ მიიყვანოთ საქმე სისხლისღვრამდე. მიხეილ ნიკოლიზის ძეც ყოველთვის პასუხობდა, დიახ, არავითარ შემთხვევაში, მოვიკრიბავთ მოთმინებას და ვიმუშავებთ აფხაზებთანაც, ოსებთანაც, მაგრამ ყველაფერი დასრულდა ომით. ამდენად, პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთი აქ არაფერ შუაშია და კონფლიქტი ეთნოსებს შორის გრძელდება არა ათეული, არამედ ასეული წლების მანძილზე.

2013 წლის შემდეგ ბევრი პოლიტოლოგი ურჩევდა საქართველოს ხელისუფალთ, გამოეყენებინათ პუტინის გზავნილები და დალაპარაკებდნენ რუსებს, მაგრამ ასეთი შეხვედრა ვერ შედგა. სამაგიეროდ, ამ რამდენიმე თვის წინ პრემიერის მიერ რუსეთში გაგზავნილ თბილ უსტარს სულ ახლახანს პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივა მოჰყვა. მარგველაშვილი თურმე ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილისთვის გაუგებარია, რა ჰქონდა მხედველობაში მარგველაშვილს, რადგან ეს მან მკაფიოდ ვერ გამოხატა. For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო განსჯა რაღაც თემაზე და ასეთ განსჯას პრეზიდენტი ხშირად მიმართავს ხოლმე. ის ფილოსოფოსია, მას პროფესიული ჩვევა და უნარი აქვს, ცალკეულ თემებთან მიმართებით თავისებური განსჯა შემოგვთავაზოს. თუმცა, რასაკვირველია, ეს პოლიტიკური ტიპის განცხადება არ იყო, უფრო რაღაც სპეკულაცია იყო, რაც დასკვნის საშუალებას არ იძლევა და აქცენტირებულად რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯს არ გულისხმობს. ამიტომაც მარგველაშვილს დიპლომატიური პასუხი გასცა კარასინმა და აღნიშნა, რომ, რასაკვირველია, შესაძლებელია პრეზიდენტთა შორის შეხვედრა, ოღონდ ამას სჭირდება მომზადება.

დავით ზარდიაშვილის თქმით, კარასინს აქცენტი იმაზე არ გაუკეთებია, რომ მაინცდამაინც პრეზიდენტები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენი კონსტიტუციით, საპრეზიდენტო რესპუბლიკა აღარ გვაქვს, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკაა. თუმცა პრეზიდენტს მაინც შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება, ოღონდ მთავრობასთან შეთანხმებით.

„ვინ ილაპარაკებს საქართველოს სახელით, ეს კარასინის საქმე არ არის. პრეზიდენტი იქნება, თუ პრემიერი, ეს ჩვენი გადასაწყვეტია. რუსებს ადრეც უთქვამთ და ახალი არაფერი ყოფილა, რომ კარგი იქნება შეხვედრა, მაგრამ საჭიროა მომზადება და ამ მომზადებისთვის წინასწარი პოზიციების ჩამოყალიბება. ამავეს ამბობს ჩვენი მხარეც, მაგრამ დიალოგი შეუძლებელია ისეთ ვითარებაში, რაც დღეს ჩვენ გვაქვს რუსეთთან მიმართებით. დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია და არც ომის მდგომარეობა გვაქვს (რადგან სამხედრო მოქმედებებს არ ვაწარმოებთ) და არც საზავო ხელშეკრულება გაგვაჩნია რუსეთთან აგვისტოს ომის მერე.

მედვედევ-სარკოზი-სააკაშვილის შეთანხმება არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და არა-საზავო ხელშეკრულება. ეს გაყინული მდგომარეობაა. ამიტომ მარგველაშვილის მხრიდან ეს არის გარკვეული ნიადაგის მოსინჯვა იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელთაც ილუზიები გააჩნიათ, თითქოსდა, რუსეთთან დიპლომატიური გზით შეიძლება საომარი მდგომარეობიდან გამოსვლა. სინამდვილეში, რა მდგომარეობაში ვართ რუსეთთან? ეს არის ომის მდგომარეობა, ოღონდ გაყინული ომის. აგვისტოს ომით რუსებმა პოლიტიკურ შედეგს მიაღწიეს, პოლიტიკურად რუსეთი გამარჯვებულია, სამხედრო მოქმედებების განახლება მას არ სჭირდება. ჩვენ კი თავი არ გვაქვს, რუსეთთან საბრძოლო კონფლიქტში შევიდეთ. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად ილუზორიულია, რომ ჩვენ დიპლომატიური გზით რუსეთი რაიმე დათმობაზე წავიყვანოთ. ამდენად, პრემიერის და პრეზიდენტის საუბარი რუსეთთან აზრს კარგავს. მდგომარეობა ჩიხშია შესული“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, აქ ტერიტორიის დათმობაზეა საუბარი, ტერიტორიის დათმობა კი საქართველოს თუნდაც კონსტიტუციის ძალით არ შეუძლია. დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი შეუძლებელია, როცა ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საელჩოებია გახსნილი. ასეთ ვითარებაში რომელი პრეზიდენტების შეხვედრა უნდა მოხდეს?! ეს ძნელი წარმოსადგენია. უბრალოდ, ყოველ ასეთ წამოწყებაზე -„ხომ არ შევხვდეთ ერთმანეთს?“- რუსეთის მხრიდან დიპლომატიური პასუხია, „კი ბატონო, შეხვდეთ, მაგრამ ამას მომზადება სჭირდება“.

დავით ზარდიაშვილის აზრით, უმაღლეს დონეზე შეხვედრას, პირველ რიგში, იმ ომის დასრულება სჭირდება, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთთან. მანამდე ვერ შევხვდებით. ომის დროს ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს ხომ არ შეხვდებოდნენ და მოლაპარაკებებს ხომ არ გამართავდნენ? სწორედ ასეთი ურთიერთობა გვაქვს დღეს ჩვენ რუსეთთან.

რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტებს შორის დიალოგს ირონიულად უყურებს პოეტი გივი სიხაულიძე. For.ge-სთან საუბარში ის კონტრშეკითხვით მოგვმართავს, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი? გვყავს კი პრეზიდენტი საერთოდ? თუ თქვენ მეტყვით, რომ პრეზიდენტი გვყავს, მაშინ ის უნდა ჩავიდეს მოსკოვში მოსალაპარაკებლად, მაგრამ მე არ ვიცი, პრეზიდენტს ვერ ვცნობ, აზრზე არ ვარ, ვინ არის.