საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტი არ ნატრობს გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას. თუმცა, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის ნატვრა ვლადიმერ პუტინმა რეალობად აქციოს. ოფიციალური მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი განმარტავს, რომ თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება.
საქართველო პრეზიდენტმა მისი ნატვრის შესახებ ორი დღის აცნო მოსახლეობას. აღნიშნა, რომ ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას იზიარებს, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, როდესაც საპრეზიდენტო ვადა დასასრულისკენ მიდის.
„ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისთვის და ცნობილი პოზიციისთვის, რომ მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ასეთ შეხვედრაზე მოხდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი ამ პრობლემების მოგვარებისკენ“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმის შესახებ პრეზიდენტის ხედვაზე ინფორმირებული არ იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს მთავრობის პოზიცია ასეთია: საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება. ეს კონკრეტული მიზანი კი, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებია. სხვა შემთხვევაში შეხვედრა შეხვედრისთვის არ შედგება.
ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, გრიგორი კარასინის პასუხმა დაარწმუნა იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, იქამდე მივედით, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ჰაერში გასროლილი, არასერიოზული გამონათქვამი გრიგორი კარასინმაც შეაფასა.
„თუმცა, მან სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ შეხვედრა შესაძლებელია და ამას მომზადება სჭირდება. ვითომ მარგველაშვილმა არ იცის, რომ ამას მომზადება სჭირდება, მაგრამ ყურადღება მაინც და მაინც არასერიოზული და ზედაპირული განცხადებებით უნდა მიიქციოს. ამ განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო. კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს“, - აცხადებს დეპუტატი.
მისი თქმით, მომზადება იმას ნიშნავს, რომ ვითარება უნდა შეიქმნას, წინასწარი მოლაპარაკებები უნდა იყოს.
„ამასთან დაკავშირებით არც ვითარებაა, არც მოლაპარაკებებია. ტერიტორიები ოკუპირებულია, უამრავ საკითხზე პოლარიზებულად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. პრეზიდენტმა წინაპირობების შექმნაზე უნდა ილაპარაკოს, თუ მას პრეტენზია აქვს სერიოზულობაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთს მივეცით საბაბი წარმოჩენილიყო მშვიდობისმყოფელად. დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტის ამ თავისუფალმა გამონათქვამმა და ეს განცხადებაც არ იყო პირველი, უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო.
„პრეზიდენტის ამ თავისუფალმა გამონათქვამმა უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო და რუსეთს მივეცით იმის საბაბი, რომ ის წარმოჩენილიყო მშვიდობისმყოფელად, კონსტრუქციულ მხარედ, მოლაპარაკების მსურველად და თითქოსდა, ეს მოლაპარაკება შესაძლებელი ყოფილიყოს საქართველოსთან რაიმე რეალური შედეგის დადგომის გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ დღეს არავითარი შანსი არ არსებობს მოლაპარაკებით რაიმე ისეთი შედეგის მიღებისა, რომელიც იქნებოდა ქვეყნისთვის სასარგებლო ან ისეთი, რომელიც წაიყვანდა რუსეთს სერიოზული დათმობისკენ. ეს საუბარი ფაქტობრივად, ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.