მიკროსაფინანსოები გამსხვილდება, ონლაინსესხები თითქმის გაქრება, ლომბარდების ბედი უცნობია

მიკროსაფინანსოები გამსხვილდება, ონლაინსესხები თითქმის გაქრება, ლომბარდების ბედი უცნობია

საფინანსო ბაზარზე დიდ ცვლილებები კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. გადაჯგუფება მიდის ყველა მიმართულებით და მის მიზეზი ეროვნული ბანკის ერთბაშად გააქტიურებაა. ცვლილებები შეეხება უკლებლივ ყველა რგოლს.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ონლაინსესხების კომპანიებს დიდი პრობლემები ელოდებათ და მალე იგივე დღეში აღმოჩნდებიან ლომბარდებიც.

„ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ყველა მხარესთან, ვისაც უშუალოდ ეხება ეროვნული ბანკის რეგულაციები, მათ შორის სებ-თან, ონლაინ სესხების გაერთიანებასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციასთან და საბანკო ასოციაციასთან.

ორი კუთხით შეგვიძლია შევხედოთ საკითხს, მაკრო და მიკრო დონეზე. მაკრო-დონეზე თუ შევხედავთ, რეალურად ის პრობლემა, რაც უკავშირდება ზედმეტ დავალიანებას ფიზიკური პირების მხრიდან, ანუ ჭარბვალაიანობას, ეკონომიკაში რეალურად არსებობს. აქვე თუ შევხედავთ მიკრო, ანუ კონკრეტული ბიზნესების კუთხით, აქ გარკვეული უარყოფითი გავლენები ამ რეგულაციას ექნება.

ონლაინ სესხების კომპანიებისთვის ეს არის ძალიან მტკივნეული რეგულაციები და მათი მოქმედების არეალს უდიდეს წილად ზღუდავს, რადგან იმ ფიზიკურ პირებს ეხება, ვინც უშუალოდ მათი კლიენტები არიან. მნიშვნელოვნად ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და დიდი იქნება გავლენა საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოვაჭრე კომპანიებზეც, რადგან მათ გაყიდვებში უდიდესი წილი განვადებებს უკავია“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, ამ კომპანიებმა ითხოვეს დახმარება, ბიზნესომბუდსმენის აპარატსაც ჰქონდა კონსულტაცია ყველა მხარესთან, ვინც ამ რეგულაციების დამწესებელია.

„შევიმუშავეთ რეკომენდაცია, სადაც ჩამოვთვალეთ ორგანიზაციები, ვისაც რეგულაციები ეხება და აღვწერეთ სურათი, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათზე ამ ცვლილებას. რეკომენდაციაში ვითხოვეთ უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ ადაპტირება მომხდარიყო აღნიშნულ რეგულაციასთან, მაგრამ სამწუხაროდ, ის ნაწილობრივ უკვე ძალაშია“ - განუცხადა „საქმის კურსს“ ირაკლი ლექვინაძემ.

მის მოსაზრებას მთლიანად ეთახმებიან საფინანსო ბაზარზე მოქმედი კომპანიები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქრება ან სხვა მსგავს სტრუქტურას შეერწყმება.

იურიდიული საკონსულტაციო კომპანია CC L&A-ის პარტნიორი უჩა ძიმისტარაშვილი ვარაუდობს, რომ ბაზარზე მიკროსაფინანსო კომპანიების გამსხვილების პროცესი დაიწყება. ახალი რეგულაციის პირობებში სექტორს ძალიან სწრაფად მოუწევს გადაწყობა ახალ პირობებზე, რა დროსაც ორგანიზაციების უმეტეს ნაწილს, შესაძლოა საქმიანობის შეწყვეტა მოუწიოს.

„დღეს ბაზარზეა 70-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და როგორც თავის დროზე ბანკების შემთხვევაში მოხდა გამსხვილება და დღეს 16 ბანკია დარჩენილი, მსგავსი პროცესი დაიწყება აქაც“, - აღნიშნა ძიმისტარაშვილმა.

მისივე თქმით, ევროდირექტივების შესრულებისთვის 5 წლიანი ვადა იყო განსაზღვრული, რათა ბაზარი მომზადებულიყო, თუმცა სახელმწიფო მხოლოდ ბოლო წელს გააქტიურდა. ერთი წელი კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სექტორს გადაწყობა მოესწრო.