გახარია გამსაღებლებსა და კლუბების მეპატრონეების კავშირზე საუბრობს

გახარია გამსაღებლებსა და კლუბების მეპატრონეების კავშირზე საუბრობს

შს მინისტრის გიორგი გახარია ქსელურ ტრაფიკზე საუბარობს და აცხადებს, რომ 12 მაისის საგამოძიებო ღონისძიება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯები ქსელის გამოვლენის. მინისტრის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს და როგორც განმარტა, კლუბური ნარკოტიკის ძირითადი ტრაფიკი  მოდის ევროპიდან.

როგორც შს მინისტრი ამბობს, საუბარია თურქეთზე და მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქვეყანაში, სადაც კლუბური ინდუსტრია არის განვითარებული. მინისტრის განცხადებით მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაცვის გვერდის ავლით, შედიან და გამოდიან აღნიშნული კლუბებიდან და კლუბის მფლობელების, ხელმძღვანელობის მხრიდან არ ყოფილა  არც ერთი შემთხვევა დახმარებისთვის მიემართად შს სამინისტროსთვის.

„ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში, როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. ორი კომპონენტი, რის გამოც ჩატარდა 12 მაისის ღონისძიებები, ეს იყო მტკიცებულებები და ოპერატიული ინფორმაცია. ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები, რის გამოც გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ჩატარება“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

როგორც ძალოვანმა მინისტრმა აღნიშნა, ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ ღონისძიებებს წინ უძღოდა სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა მიმდინარეობდა სისტემური სახით.

„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვების საფუძველზე და რამდენიმე მაგალითს ამისას განახებთ. ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, რაც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს იყო დაგეგმილი მოვლენა.

ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკს დაცვის უფროსი ყიდდა, რაც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე გამსაღებლებსა და კლუბს შორის. აქ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლოს განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული, საკონტროლო შესყიდვის, როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე კლუბის შიგნით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, არც ერთ კლუბში, სადაც სამართალდამცველებს არ ჰქონდათ დადასტურებული ინფორმაცია, რომ კლუბის შიგნით საკონტროლო შესყიდვები იყო, არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებიათ.

„ჩვენ გვაქვს გადაღებული და გაჩვენებთ ასეთ შემთხვევას, როდესაც კლუბის წინ შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა, ერთი გამოდის კლუბიდან, ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე. შემდგომ მყიდველი გადასცემს თანხას და ეუბნება, „ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა“ - ხურდაზეა საუბარი. გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება, რომ ხურდას დაუბრუნებს. კლუბში შედის ყველანაირი დაცვის ავლით, შემდგომ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებასა და აბრუნებს ხურდას. ეს არის ერთი შემთხვევა. მეორე შემთხვევაა, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირს ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის - ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, ჩვეულებრივი ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად ჩნდება კითხვა - იმ შემთხვევაში როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა? მე მგონი აქ კითხვის ნიშნები არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა დეპუტატებს ის ვიდეო მტკიცებულება წარუდგინა, სადაც ნარკოტიკების შესყიდვის ფაქტი არის დაფიქსირებული. როგორც გახარიამ დეპუატებს მიმართა, კლუბური ცხოვრებისა და მოდის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შსს-ს აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ კლუბებში საკმაოდ ქაოტურად და საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს ნარკოტიკებით ვაჭრობა.

მიუხედავად ვიდეო მტკიცებულებისა, რომელიც გახარიამ პარლამენტში გაასაჯაროვა, „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, შს მინისტრის გამოსვლიდან ბევრ კითხვაზე ვერ მიიღო პასუხი, მათ შორის, რატომ გახდა 12 მაისს ადამიანების უფლებების დარღვევა საჭირო.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხები მთავარ კითხვებზე. ჩვენ კითხვები არ გვაქვს და საზოგადოებას პრეტენზია არ აქვს იმაზე, რატომ იბრძვის პოლიცია ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ. პირიქით, პრეტენზია და მოთხოვნა გვაქვს, რომ ამას ებრძოლონ ეფექტურად. პასუხი ვერ მივიღეთ, რატომ იყო საჭირო უშუალოდ 12 მაისს ამდენი ადამიანის უფლების დარღვევა. არა მხოლოდ იქ მყოფის, არამედ გარეთ 70-80 ადამიანის, რომელიც მერე იყო დაკავებული. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

აბსოლუტურად ზედაპირული დამოკიდებულება არის ძალის პროპორციულად გამოყენებასთან დაკავშირებით. საერთოდ არ აღიარებს რაიმე შეცდომას. რაც მთავარია, საერთოდ ხსენებული არ ყოფილა ფაშისტების თარეში ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის ქვეყანაში, რომ ჩვენს ქალაქში არიან ადამიანები, რომლებიც არბევენ და ემუქრებიან ადამიანებს“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

შს მისტრისგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომლის განცხადებით, კვლავ გაურკვეველია რატომ გახდა საჭირო კლუბებში შევარდნა.

„აღმოჩნდა, რომ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მათ კლუბში შესვლა რეალურად არ სჭირდებოდათ, რატომ ჩააყენეს საფრთხის ქვეშ ჩვენი მოქალაქეები, რატომ დააზიანეს ქვეყნის იმიჯი, ჩემთვის რჩება გაურკვეველი“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სამწუხაროდ, კლუბებში ნარკოტიკების გასაღებას სისტემური ხასიათი აქვს. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სამწუხარო რეალობაა ის, რომ 20 მარტიდან 30 აპრილამდე ნარკოტიკული საშუალებების გამო ათი ახალგაზრდა დაიღუპა და რამდენიმე ათეული საავადმყოფოში მოხვდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე უფლება ჰქონდა, ჩხრეკა ჩაეტარებინა ისე, როგორც განჩინებაში იყო მითითებული. საუბრობენ, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა, მაგრამ შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე მოქალაქეს ან საჩივარი დაეწეროს ან სახალხო დამცველისთვის მიემართოს. ყველა კითხვაზე პასუხი არსებობს, მაგრამ ეს პოლიტიკოსებს არ აწყობთ, რადგან ჩვენს ოპონენტებს სახელმწიფოს უწყებების სწორ მოქმედებებზე კარგის თქმა უჭირთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.