უსაფრთხოების სახელისუფლებო და ოპოზიციური ხედვები

უსაფრთხოების სახელისუფლებო და ოპოზიციური ხედვები

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა ახალ მოდელზე გადადის - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი 28 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელის მიხედვით, ხუთდონიანი მართვის სისტემის ნაცვლად, 2 დონე - ადგილობრივი და ეროვნული დონე იქნება. პასუხისმგებელი როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციების მართვაზე საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებისა.

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს დაგეგმვის ნაწილში იზრდება სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი, შესაბამისად, მეცნიერებისა და ექსპერტების ჩართულობა, სამსახურთან შეიქმნება ექსპერტთა საბჭო.

მოქმედი კანონისგან განსხვავებით, დეტალურად არის გამიჯნული და გაწერილი სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციების დროს სახელმწიფო ორგანოებისა კომპეტენციები და ურთიერთქმედება. მთლიანობაში, ახალი კანონი ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა ასპექტს, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, სახანძრო ზედამხედველობას და ა.შ...

უსაფრთხოების კუთხით საკუთარი ინიციატივები წარმოადგინა ოპოზიციამაც - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ წამოწია ჩატაევის თემა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა - პარტიის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას საგამოძებო კომისია, რომელიც ახმედ ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლის საქმეს გამოიძიებს.

როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, რომლის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა საერთაშორისო ძებნილმა, ტერორისტმა.

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ინტერესია დავადგინოთ, როგორ გადმოკვეთა საზღვარი, არის თუ არა ქვეყნის საზღვარი დაცული? სამწუხაროა, რომ იმ მდგომარეობამ, რაც არსებობს ქვეყანაში, უკვე შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. საქართევლო, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გადაიქცა კრიმინალურ დერეფნად და დავდექით რეალური საფრთხის წინაშე დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ და სხვა საკითხებზე მივიღოთ პასუხები“, - განაცხადა სალომე სამდაშვილმა.

მთლიანობაში, პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებული სამი კანონპროექტი და ასევე, სამი დადგენილების პროექტი განიხილა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნას ითვალისწინებს.

ინიციატივები ეხებოდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდენის ვალდებულების სიხშირის ზრდას. ასევე, მარეგულირებელ ორგანოებში ხელმძღვანელი პირებისათვის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრას; ბიუჯეტის დეფიციტის ეფექტურ კონტროლს.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომ ექსპორტს“ შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას; 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის და საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას; თუმცა პარლამენტმა ოპოზიციური ფრაქციის შეთავაზება არ გაიზიარა და ყველა პროექტი ჩააგდო.