„ქართული მარში“ ხელისუფლებას ემუქრება

„ქართული მარში“ ხელისუფლებას ემუქრება

„ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქცია მათი ლიდერების დაკავებით დასრულდა, თუმცა „ქართული მარში“ შედეგს არ ეგუება და ხელისუფლებისგან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვით იმუქრება.

„ქართული მარშის“ წევრებს არ დაუკონკრეტებიათ ვადა, თუ რომელ საათამდე მისცეს ხელისუფლებას დრო, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი დაკავებული ლიდერები და თანამოაზრეები უახლოეს საათებში უნდა გათავისუფლდნენ.

როგორც „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ აქციაზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვა რადიკალურ ფორმებს გამოიყენებენ.

„ქართული მარში სრულ მობილიზაციას დაიწყებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. თუ 2 საათში ისინი არ იქნებიან გათავისუფლებული, პროტესტის სხვა ფორმებზე გადავალთ და შემდეგ ყველა ჩვენგანის დაკავება მოუწევთ“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში შს სამინისტრომ 30-მდე პირი განყოფილებაში გადაიყვანა, რომელთა ნაწილიც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 22 წლის მამაკაცს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, აღნიშნული მამაკაცი დაკავებულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მთლიანობაში, დაკავებულთა და გამოკითხვაზე გადაყვანილთა რაოდენობა 100-მდე ადამიანს შეადგენს. 100-დან ნაწილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ნაწილი კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

„ქართული მარშის“ დაკავებული თანამოაზრეები, მათ შორის გია კორკოტაშვილი, პოლიციის განყოფილებებში დღის 4 საათისთვის მიიყვანეს. დღის განმავლობაში დაკავებული ათობით ადამიანიდან ნაწილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ნაწილი კი გამოკითხვის მიზნით აიყვანეს. ასეთი სულ 5 პირი იყო, მათ შორის გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია კორკოტაშვილმა ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილება დატოვა. მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განყოფილების სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა.