ოპოზიცია გახარიას მძიმე პარასკევს უმზადებს

ოპოზიცია გახარიას მძიმე პარასკევს უმზადებს

შსს-ს კლუბების - „ბასიანის“ და „გალერის“ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხზე გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კლუბების ტერიტორიაზე იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები, არ არის გამორიცხული, რომ კლუბების ხელმძღვანელები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და დადგინდება შესაბამისი კონტაქტები.

ის, რომ გამოძიება კლუბების ხელმძღვანელ პირებამდე შეიძლება მივიდეს, ამას ადასტურებს ის კადრები, რომლებზეც ასახულია უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტები. აღნიშნული კადრები უკვე ნახეს ამ კლუბების ხელმძღვანელებმა, სახალხო დამცველმა და ა-ო წარმომადგენლებმა. საუბარია კადრებზე, რომელსაც შსს ამ დრომდე არ ასაჯაროვებს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბებში სპეცოპერაციის ჩაატარების აუცილებლობაზე, სადაც უწყებამ წარადგინა დამაჯერებელი არგუმენტები და აჩვენეს მტკიცებულებები.

„მათ წარვუდგინეთ ვიდეო-მასალა, სადაც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთი ფაქტი. იყო ვიდეო-მასალა, რომელიც გასაჯაროვდა და ასევე იყო მასალა, რომელიც საჯარო არ იყო. კლუბის წარმომადგენლებს არ უნდათ გარკვეული ფაქტების აღიარება რიგი მიზეზების გამო, თუმცა ერთი რამ ფაქტია, იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

12 მაისის სპეცოპერაციის დეტალებზე და დალუქულ კლუბებში აღმოჩენილ ადგილებზე პარლამენტში ხვალ ისაუბარებს შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელსაც არა რომელიმე ფრაქციის, ან კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, არამედ ის დეპუტატების კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. დეპუტატები 18 მაისს დასვამენ ყველა კითხვას, რაც თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ.

მინისტრის მიმართვის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი, შემდეგ დამაზუსტებელი გამოსვლები, ამის შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის, უმცირესობის და ფრაქციების ფორმატში გამოვლენ, რის შემდეგაც დასკვნითი სიტყვით პარლამენტს კვლავ მინისტრი მიმართავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია დეტალების განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, პარლამენტისთვის მთავარია, რომ დეტალებში განვიხილოთ სპეცოპერაციის საკითხები და ამასთან დაკავშირებით არის შესაბამისი მზადყოფნა.

„შს მინისტრის მონაწილეობით განვიხილავთ დეტალებს. ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა შეხვედრა შს მინისტრთან და მან განმარტა მიზეზები ამ სპეცოპერაციის, კონკრეტულად ფორმის, ასე ვთქვათ, შერჩევის მიზეზებზე და ა.შ. თუმცა, ვიდრე დეტალებს არ განვიხილავთ, მანამდე, ბუნებრივია, საბოლოო პოზიციას ჩვენ ვერ ჩამოვიყალიბებთ. მე მაქვს წინასწარი პოზიცია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. საბოლოოდ, ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალს განვიხილავთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ელოდება, რომ შს მინისტრი დეპუტატებს სრულფასოვან და ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონმდებლებმა ქვეყნის სტაბილურობისთვის გარკვეული დასკვნები ყოველგვარი ანგაჟირების გარეშე უნდა გამოიტანონ.

„ველოდებით, რომ ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 12 მაისს და როგორ გაგრძელდა შემდგომი პროცესები. გარკვეული დასკვნები ყოველგვარი ემოციებისა და ანგაჟირების გარეშე უნდა გამოვიტანოთ, თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისთვის. არ მგონია, ოპოზიცია იმ ვითარებაში კონსტრუქციულად იყოს განწყობილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობისგან განსხვავებით მწვავე კითხვებისთვის ემზადება ოპოზიცია. უმცირესობას აინტერესებს რეალურად მიმდინარეობს თუ არა ბრძოლა გამსაღებლებთან, ვინ დგას გამსაღებლების უკან და როგორ შემოდის ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, შოუს ელემენტებით გაჯერებული ნაბიჯებით და შემდგომ თითქოს, ჩატარებული სპეცოპერაციაზე სახელმწიფოს წარმომადგენლების განმარტებები მეტ უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვას აჩენს.

„საერთოდ ებრძვის თუ არა ხელისუფლება სინთეტიკური ე.წ. მკვლელი ნარკოტიკის შემომტანებს ქვეყანაში და აქვს თუ არა ინფორმაცია, რა გზებით შემოდის, ვინ არიან გამსაღებლები და რა ორგანიზებული ჯგუფი მფარველობს ნარკოტიკების გავრცელებას. გარდა ამისა, შს მინისტრმა უნდა გააკეთოს განმარტება იმ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების შესახებ, რომელიც უკვეა წლებია, უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას საკუთარი ფაშისტური გამოხტომებით“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე შს მინისტრს დამნაშავეების ჯგუფის მფარველობაში ადანაშაულებს და იმ პირთა ვინაობის გასაჯაროვებას ითხოვს, ვის წინაააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

„პირდაპირ იყო პოლიციაზე შეტევა, იყო ჟურნალისტებზე შეტევა, იყო მუქარა, რომელიც ისჯება საქართველოს კანონით. თუ ისინი არ ისჯებიან, საქართველოს მთავრობას მოუწევს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, შს მინისტრს. ის ქმედებები რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში, ეს არის პირდაპირი გზა სამოქალქო დაპირისპირებისაკენ.

საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია მეტად საგანგაშო და სახიფათო მეთოდი, მის მიერ მართული, ნეონაცისტური, ექსტრემისტული, რუსეთიდან მართული აგენტურის მეშვეობით. ნუ ჰგონია შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აქ შემოვა როგორც ტრიუმფატორი. დღეისათვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.