მარგველაშვილი პრორუსულ აუდიტორიას უმიზნებს

მარგველაშვილი პრორუსულ აუდიტორიას უმიზნებს

„ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები“, - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის ნატვრა. გიორგი მარგველაშვილს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო. ნარკომხამრებლების შემდეგ, მისი სამიზნე ის ამომრჩეველია, რომელიც ფიქრობს, რომ მთავარი ფრონტი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში გადის არამარტო ოკუპაციის ხაზზე, არამედ ჩვენს გულებში და ჩვენს რწმენაში, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ.

„მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთოს.

„ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, გაუგებრია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. რამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მსოფლიოში არ არესბობს ლიდერი, რომელიც არ ფიქრობდეს იმას, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთთან პოლიტიკურად მოაგვარებს დამოკიდებულებას. თუმცა, მისი თქმით, ეს მომენტი იმდენად შორს არის, რომ არაადეკვატურად ჟღერს საქართველოს პრეზიდენტის საუბარი რუსულ ოჯახებზე. ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ მარგველაშვილის განცხადება საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„მე უფრო მიდებ-მოდებას ვამსგავსებ ასეთი სახის განცხადებას, რომ როგორც კი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენ კეთილმეზობლობას გამოვაცხადებთ რუსეთთან. ასეთი დაშვებები და პროგნოზები საფუძველს არის მოკლებული. მაგრამ თუკი პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დაანახოს მისი დამოკიდებულება და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის, ეს მე ვფიქრობ მისი წინასაარჩევნო ამბიციების ნაწილია. არასერიოზული საუბარია. მე ვფიქრობ, კარგად არის დასაფიქრებელი რუსეთთან მიმართებაში განცხადებების გაკეთება“, - აცხადებს გია ვოლსკი.

პრეზიდენტის განცხადება მიუღებელია „ევროპული საქართველოსთვის“. როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილობაზე გადის.

„რა თქმა უნდა, შეიძლება ვინატროთ და ვიოცნებოთ იმაზე, თუ როდის შეიცვლება პრეზიდენტი პუტინი და როდის ეცდება ის მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილობაზე გადის.

ეს გახლავთ ყველა ის მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შესუსტდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთავარი გახლავთ ის, რომ უნდა ვიყოთ მშვიდად, დავიცვათ მშვიდობა და არ მივცეთ რუსეთს პროვოცირების საშუალება. მაგრამ ამის პარალელურად უნდა ველოდოთ არა იმას, როდის გარდაიქმნება პრეზიდენტი პუტინი, არამედ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები და ბერკეტები რუსეთზე ზეწოლისთვის, რაც სამწუხაროდ დღეს არ კეთდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წვერის გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, თუ მარგველაშვილის განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, ეს კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება.

„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მით უმეტეს მარგველაშვილი და მით უმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა კიდევ უკეთესი კრემლისთვის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ხელისუფლების და ოპოზიციის კრიტიკას დღის ბოლოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ უაპასუხა და ოპონენტებს შეახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას. მისი თქმით, პრეზიდენტს ახალი არაფერი უთქვამს და გაკვირვებულია, რატომ გახდა გიორგი მარგველაშვილის ნათქვამი საზოგადოების ნაწილისთვის ახალი აღმოჩენა.

„საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას. არ ვიცი, ვისთვის იყო ეს აღმოჩენა და რატომ გაუკვირდათ ზოგიერთებს დღეს ამის მოსმენა. არ ვიცი პირდაპირ რას დავაბრალო ასეთი გრანდიოზული აღმოჩენა ხუთი წლის მერე, რადგან ეს თქმულა საერთაშორისო ტრიბუნებზეც, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ გულწრფელად ვულოცავ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აღმოაჩინეს ეს ჭეშმარიტება. მინდა გითხრათ, რომ თუ ყურადღებით მოუსმენენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლებს, კიდევ ბევრ რამეს აღმოაჩენენ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის გამოსვლებს ყურადღებით უსმენენ ანალიტოკსები. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, მარგველაშვილის ეს ნატვრა, მისთვის მოულოდნელი სიახლეა. მისი თქმით, უნდა ვისაუბროთ თუ არა რუსეთთან, რომელიც საკუთარი მიუღებელი ქმედებებით საქართველოს აპატარავებს, ეს არის თემა, რომელზეც მსჯელობა არაერთხელ ყოფილა შემოპარული ქართულ მედიაში.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მაშინ შეძლებს რაიმე სიკეთისკენ გზის გაკვალვად შეფასდეს, თუ რუსეთისგან მივიღებთ შესაბამის პასუხს. თუ მივიღებთ ისეთივე პასუხს, როგორიც საკუთარ გზავნილზე მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ცხადია, რომ არანაირ შედეგს არ შეიძლება ველოდოთ. ჩემი აზრით, პრეზიდენტის განცხადებას აზრი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მას წინასწარ ექნებოდა დაზვერილი ასეთი შეხვერის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს არის მისი მხოლოდ პირადი ინიციატივა, მაშინ ეს გაჟღერდება რუსულ მედიაში, მაგრამ იქვე დასრულდება ასეთი შეხვედრის აუცილებლობა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუკი მთავარი განსახილველი საკითხი არ იქნება საქართველოს დეოკუპაცია, ასეთ შემთხვევაში, ალანიტიკოსი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე პირველი პირების შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს არანიარი ბერკეტი არ გააჩნია იმისა, რომ რაღაცა შეცვალოს პოლიტკაში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მმართველ პარტიასთან შეთანხმება და გადაწყდა, რომ პრეზიდენტი შეხვდეს მის რუს კოლეგას, ამაში მიუღებელი არაფერია თუკი დღის წესრიგში იქნება საქართველოს დეოკუპაცია.

„თუ დეოკუპაციის საკითხი იქნება განხილული, ასეთ შემთხვევაში შეხვედრა კარაგია. მაგრამ კიდევაც რომ მოხდეს, არა მგონია, რომ რუსეთი რამე საკითხზე უკან დაიხევს. ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთი საკუთარი ჯარების გაყვანას და აღიარების გაწვევას არ აპირებს. ესეც შეხვედრა შეხვედრისთვის იქნება. ნაკლებად სავარაუდოა ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში მოხდეს. მარგველაშვილმა სასუბრო თემა შეავსო. დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ პუტინი და მისი ხელისუფლება არის რუსეთში, ნაკლებად სავარაუდოა რაიმე რაციონალური პოლიტიკა განხორციელდეს რუსეთის ხელისუფლებაში.

არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს არავითარი უფლებები არ აქვს. კიდევაც რომ წავიდეს რუსეთში და მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან, ეს არ ნიშნვს, რომ განხორციელებადი იქნება საქართველოში. გავიხსენოთ მარგველაშვილის მიერ აშშ-ი გახმოვანებული ინიციატივა - საქართველოს მხარდაჭერი რეზოლუციის მიღებაზე. მაშინაც კი გააკრიტიკა მმართველმა პარტიამ მარგველაშვილი ინიციატივების გამო. არ ვიცი, რაზე იყო ეს განცხადება გათვლილი, მაგრამ ერთმინშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტის განცხადება არაფრის მომტანია როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.