კლუბები „ბასიანი“ და „გალერია“ ამ დრომდე დალუქულია. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები. კლუბების წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია როდის შეეძლებათ მუშაობის გაგრძელება. თავის მხრივ, შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა - მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა.
„ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო - ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არაერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-მასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა - დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყოს ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და კლუბშია დაკავებული დაცვის უფროსი, რომელიც გასაღებაში ერთი-ერთი ბრალდებული პირია. კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - 34 ლოკაციიდან. ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება. შესაბამისად, თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებია, ამის შესახებ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია ერთი მხრივ გაითვალისწინებს მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას, მეორე მხრივ კი ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორების და ნარკოტრაფიკის მიმართ.
„ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, იყო ამაზე საუბარი და დაპირებებიც გაიცა, რომ უახლოეს პერიოდში საბოლოო ვერსია გავა პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბისი ფსიქო-რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას მომხმარებლის მიმართ. იგი ასევე ითვალისწინებს ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორების და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასდროს შეეგუება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხდება და იმედი აქვს, რომ უმრავლესობის შიგნით პოზიციების შეჯერების რესურსი არსებობს. რაც შეეხება მარიხუანას შესაძლო ლეგალიზებას, ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს არ იქნება სწორი რამე პოზიციის დაფიქსირება.
„ეს საკითხიც არის ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. დღეს არ იქნება სწორი რამე პოზიციის დაფიქსირება ერთი მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რა კონკრეტული მოთხოვნები ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ნარკოპლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით და რას უპასუხებს მათ ხელისუფლება.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი ხდება. უმრავლესობის უმრავალესობა ნარკოლიბერალიზაციას მხარს არ უჭერს, ნაწილი კი - პირიქით.
სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის - სწორედ ეს არის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდში აზრი ორად გაიყო. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაა ისეთ საკითხზე, როგორიცაა ოდენობები პირადი მოხმარების სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიხედვით რამდენი უნდა იყოს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია, რომელიც კანონპროექტს, რომელიც დღეს პარლამენტშია შესული, ემიჯნება. დეპუტატი აცხადებს, რომ ვერც ლეგალიზაცია და ვერც დეკრიმინალიზაცია ვერ შეამცირებს არსებულ რისკებს. მისი თქმით, არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ სამართლებრივი რეგულაციები იმდაგვარი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს.
უმრავლესობის წევრი იმ კონკრეტულ საკითხებს ასახელებს, რაც პარლამენტში ინიცირებული პროექტის ფარგლებში მისთვის მიუღებელია და მხარს არ უჭერს. ხუნდაძის თქმით, სასურველია, გუნდში ერთი კანონპროექტის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება, თუმცა თუკი შეთანხება ვერ მოხერხდება, პროექტის ალტერნატიული ვარიანტები იქნება ინიცირებული.
„წარმოდგენილ პროექტში ჩემთვის მიუღებელია იმდაგვარი დეფინიცია, რომ ნარკოტიკების გასაღება და გავრცელება ერთმანეთისგან იმიჯნებოდეს და გავრცელება 300-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ხიფათი აბსოლუტურად თანაბარია იმის მიუხედავად, ნარკოტიკს ფულადი ინტერესით გავავრცელებ თუ ფულადი ინტერესის გარეშე. ასევე, მიუღებელია პროექტით შემოთავაზებული დოზები.
მაგალითად, თითქოს სუბუტექსის თერაპიული დოზა არის 1 აბი და თუ მომხმარებელს 1 აბი ექნება ჯიბეში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. სუბუტექსის თერაპიული დოზა ნამდვილად არის 1 აბი, მაგრამ როგორც წესი, მას არავინ არ სვამს, ჟარგონით თუ ვიტყვით, „იჩხერენ“ და დაახლოებით 8-12 ნარკომომხმარებელი იკმაყოფილებს ნარკოტიკული თრობის მოთხოვნას.
გარდა ამისა, სწორად უნდა იყოს გათვლილი საჯარიმო სახდელები, რათა მიზანს აღწევდეს. ჩემთვის მიუღებელია ის, რომ თუკი ნარკომომხმარებელი ნარკოტიკს არასრულწლოვანთან ერთად მოიხმარს, ის 200-ლარის ოდენობით ჯარიმდებოდეს. ასევე მიუღებელია, რომ ნარკოტიკების თუნდაც პირადი მოხმარებისათვის საქართველოს საზღვარზე შემოტანა ან გატანა და არალეგალური ტრანზიტი 100-ლარამდე ჯარიმით ისჯებოდეს. ეს არის ღია კარი ნარკომანიის აფეთქებისკენ“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ნარკოტიკების მომხმარებელი ჯანდაცვის სექტორში უნდა გადაიყვანონ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს ბოლო ეტაპი, სადაც იქნება არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმი - თუკი ნარკომომხმარებელი მკურნალობას ითხოვს, ამაში სახელმწიფო პროგრამებით ხელს უწყობს, მაგრამ თუ ის საბოლოოდ უარს იტყვის მკურნალობაზე, არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმზე უნდა გადავიდეს და თუ ამაზეც უარს იტყვის, ასეთ შემთხვევაში დეპუტატის განცხადებით, საზოგადოებისგან მისი იზოლაცია უნდა მოხდეს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, არასწორი იყო მარიხუანას თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის მიერ დაშვებული რაოდენობა, რაც პრაქტიკულად ლეგალიზაციას ძალიან უახლოვდება. დეპუტატი განმარტავს, რომ მისთვის მიუღებელია მარიხუანას წარმოებისა და გავრცელების დაშვება.
„არა მგონია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი უნდა ისჯებოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია ნარკოტიკებით შემოსავლის მიღებაზე - იქნება ეს მცირე თუ დიდი დოზა, უნდა ისჯებოდეს, თან ძალიან მკაცრად. იმ პროექტში, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ჩვენ უნდა გადავხედოთ დოზებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ეს ის თემაა, რაზეც ძირითადი კამათი მიმდინარეობს ექსპერტთა ჯგუფებს შორის. შეთანხმებულია პრინციპი, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს, ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზატორებსა და გამავრცელებლებს და მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა“, - აცხადებს გია ვოლსკი.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის, რაზეც, მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხია - არა. მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას.
„საქართველოში ის გუნდი, რომლიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება მოხდეს. როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს იმაზე, არა ბატონებო - კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია, ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები და მათი მოხმარება ვერ იქნება კანონიერი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი მივიღოთ მხედველობაში, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან.
უბრალოდ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე მსჯელობას, როგორც აკეთებდა რამდენიმე ადამიანი, შევალთ ისევ ჩიხში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს სჭირდება ზრუნვა და ვინც არ არის მომხმარებელი, სჭირდება დაცვა. იმ სამუშაო ჯგუფში თუ ვიქნებით წარმოდგენილინი, ამ პოზიციას აუცილებლად დავიცავ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უკლებლივ ყველა ნარკოტიკი ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მინისტრს საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიაჩნია. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობა ცალსახად შეთანხმებულია, რომ მომხმარებელზე სისხლის სამართლებრივი დევნა პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს.
„ჩემს წარმოდგენაში ნარკოტიკებში არსებობს ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არა მათი სიმსუბუქე-სიმძიმე. ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი უკლებლივ ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, ცალსახად შეთანხმებულები ვართ, რომ მომხმარებლებზე პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გამსაღებელზე და გამავრცელებელზე - აუცილებლად“, - ამბობს დავით სერგეენკო.