საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ერთ-ერთი წამყვანი თემა ნატო-ს სამიტისთვის მზადება იყო, თუმცა არანაკლები ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს, მათ გავლენას ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდას; ისაუბრეს მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოზე, ასევე, რეფორმების მიმდინარეობაზე ქვეყნის თავდაცვის სფეროში.
პრეზიდენტის სასახლეში საბჭო დღევანდელ სრული შემადგენლობით შეიკრიბა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატური დაფიქსირება მოითხოვა და განაცხადა, რომ პროგრესი ერთმნიშვნელოვანად არსებობს, რასაც ნატოს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უშიშროების საბჭოზე შეჯერდნენ, თუ როგორ უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და როგორ უნდა გადაიდგას წინ ნაბიჯი აღნიშნულ სამიტზე.
„ნატო-ს სამიტამდე, 26 მაისი გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია ერთობლივად დავაფიქსიროთ - საქართველოში იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები. ფაქტია, რომ საქართველო ნატო-სთან მიმართებაში რეალურად მოწინავე ქვეყანაა და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესი უნდა გამოიხატოს შესაბამის ნაბიჯებში, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს წევრობამდე“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
სხდომაზე განიხილეს რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები და თავდაცვის სისტემაში რეფორმის მიმართულებით არსებული პროგრესი.
„შესაძლოა, ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ, როდესაც საუბარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, როდესაც საუბარია რუსეთის საფრთხის ნეიტრალიზაციაზე, როდესაც საუბარი არის ნატო-ში ინტეგრაციაზე, ამაზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც კონსტრუქციულები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო შეცვლილია.
„ამ ვითარებაში, საქართველოს ესაჭიროება უფრო მეტი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, იმის მიუხედავად, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს დღეს ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაზრდა. ვისაუბრეთ, პრეზიდენტის ინიციატივაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის აშშ-ს სენატსა და კონგრესში მიღებასთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში სრული ერთსულოვნებაა“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, საუბარი იყო თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშვნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოვოს ნატო-სთან, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი.
„ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია და ამ ვერსიებზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, უშიშროების საბჭოზე ასევე იყო საუბარი რეგიონში არსებულ დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე, რუსეთის ოკუპაციაზე და რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე.