ხმაურიანი სპეცოპერაციის ხმაურიანი გაგრძელება - რას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები?

ხმაურიანი სპეცოპერაციის ხმაურიანი გაგრძელება - რას აპროტესტებენ აქციის მონაწილეები?

ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით შს სამინისტრომ სპეცოპერაცია 12 მაისს, ერთდროულად ხუთ კლუბში ჩაატარა - „ბასიანში“, „გალერში“, „ხიდში“, „მტკვარსა“ და „როკიტში“ ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავებულები რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი პარლამენტის წინ, ასევე ბათუმსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები მოეწყო. ბათუმის აქციაზე შეკრებილები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ.

სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი, „მეფედრონი“ გახდა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას. როგორც ბორცვაძემ შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება ამავდროულად შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.

„ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა“, - განაცხადა ბოცვაძემ.

სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, მათ შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეები რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციის პირველ დღეს თანასწორობის მოძრაობა პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვდნენ და როგორც თანასწორობის მოძრაობის წევრი, ანა სუბელიანი აცხადებდა, მოთხოვნების შესრულებამდე აქციის შეწყვეტას არ აპირებდნენ.

იგივე მოთხოვნები აქვს „მოძრაობა თეთრ ხმაურს“, მათი განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ვიდრე არ შესრულდება საზოგადოების ეს მოთხოვნები: „დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა“; „უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია“; „დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი“; „მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს“.

მოძრაობის წევრების განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა მოქალაქეების წინააღმდეგ და მომხდარში ბრალს ხელისუფლებას სდებენ. მათი განცხადებების თანახმად, პოლიცია მფარველობს ნარკომაფიას და მათი ორგანიზებულია მომაკვდინებელი ნარკოტიკის გავრცელება, რომ შემდეგ, ღამის კლუბებში აღნიშნული სპეცოპერაცია გაემართლებინათ.

პროცესს აკვირდება სახალხო დამცველი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი.

„შესწავლილი უნდა იყოს სპეცოპერაციის ჩატარებს ყველა გარემოება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფრომით“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

პრეზიდენტის მრჩეველი, ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძე კი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქციაზე პრეზიდენტის დავალებით იმყოფებიან, რათა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყონ.

„ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით უზრუნველყოფა. ცხადია, შსს უნდა ებრძოლოს დანაშაულს, მათ შორის ისეთ მძიმეს, როგორიც არის ნარკოტიკების რეალიზაცია, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე.

„ქართული სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა კლავს, აშანტაჟებს, აუბედურებს ახალგაზრდებს, ღამის კლუბში შეიარაღებული სპეცრაზმი ძალიან საშიში და შსს-ს უსუსურობის დამადასტურებელი ქმედებაა. ეს სადამსჯელო ოპერაციაა, უფრო დასაშინებელი, ვიდრე კონკრეტულ დამნაშავეებთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიება, არადა გუშინ ერთი საათი გვიხსნიდნენ ის ქვეყანა აღარ ვართო. ასეთი ქმედებები კლავს პოლიციის ავტორიტეტს. მერე იძახეთ არავინ თანამშრომლობსო“, - წერს ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე.

„ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ითხოვს, სასწრაფოდ მოხდეს სპეცოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიცების მატარებელ ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის, გვარჯალაძის აზრით, თუ წინააღმდეგობები არ გადაილახა, ამ მოცემულობაში, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა, თუმცა არასამთავრობოების ნაწილმა მოთხოვნები შეცვალეს. „მინისტრების შეცვლა შედეგს არ იძლევა, მმინისტრები მიდიან, თუმცხა სისტემა რჩება. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ რეფორმებს“, - განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბაია პატარაიამ, რასაც აქციის მონაწილეთა ნაწილის პროტესტი მოჯყვა. იყო მომენტები, როცა აქციაზე სიტუაცია გამწვავდა, ვინაიდან აქციაზე კონტრაქციონერები გამოჩნდნენ. სიტუაციას ართულებდა აქციაზე „ქართული მარშის“ გამოჩენა.

მალევე, პერიმეტრზე წყლის ჭავლის მანქანები და რობოკჯოპებიც გამოჩნდა. სამართალდამცველების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოლიციის კორდონი ცდილობდა ერთმანეთისგან გაემიჯნა დაპირისპირებულიუ მხარეები, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს.

აქციაზე შსს მინისტრიც მივიდა. გიორგი გახარია აქციის ლიდერებს პარლამენტის შენობაში შეხვდა. არსებული ინფორმაცით, მას ბექა წიქარიშვილი და ვახუშტი მენაბდე ესწრებოდნენ.

მანამდე კი საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის დასასრულს გიორგი გახარიამ მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა, ისინი მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. გახარიამ აქციის მონაწილეებს დაუთმო და გამოსვლა ბოდიშით დაიწყო:

„თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ თქვენ ბოდიში.

ჩვენი, ყველას საერთო ამოცანაა, რომ დღეს ეს საღამო მშვიდობიანად დავასრულოთ. თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ, ამ მოედანზე არ შეუზღუდავს არავის. ასევე, იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღესაც და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი, საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ, დილის 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განვიხილავ პარასკევ დღეს მომხდარს. ყველა ის ადამიანი, რომელზეც შევთანხმდებით, რომ უფლება იქნა დარღვეული, უფლება იქნება აღდგენილი. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ დაპირებები არ შესრულდება, ყოველთვის შეგვეძლება, თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აქცია დასრულდა. მონაწილეები დანაპირების შესრულებას ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მორიგი აქცია კი შაბათისთვის დაიგეგმა’