„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა, ერთხმად დაამტკიცეს. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ 25 წუთიან გამოსვლაში რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე.
ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნაწილობრივ უკვე მოახერხა რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა. ამასთან, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო ისე დაახლოებული არასოდეს ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად.
პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი. მისივე თქმით, სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
„აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზირებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი, ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებას, როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა ადრეც რამდენჯერმე შესთავაზა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ამჯერად დათანხმდა. ივანიშვილის თქმით, 2012 წელს მან თავისი მისია შეასრულა და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოაშორა მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება.
„გადავწყვიტე კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაარსე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საპატიო მისია - დავამარცხეთ და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.
მაშ, ახლა რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მზად ვარ გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები. ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია, ისე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია - საქართველო, ქართველი ხალხისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი.
მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, კონკურენტუნარიანი ოპოზიციის არარსებობაა. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი, ხელისუფლებასთან არგუმენტირებული, გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზებისა და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით. ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია მათი ის ერთადერთი პლაცდარმი, რომლიდანაც შეძლებენ ქართულ დემოკრატიაზე შურისძიებას.
ხალხის ნდობის არქონის გამო, ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას და ამიტომაც ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, როდესაც არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს ხალხს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიები და მათ მიერ მართული ტელევიზიები და ასევე ექსპერტები დაადანაშაულა მიზანდასახულად უიმედობისა და შიშის ატმოსფეროს დანერგვაში. მისი თქმით, ქვეყანაში დამკვიდრდა სტრანდარტი, რომლის თანახმადაც, ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. ივანიშვილის განცხადებით, მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება.
„ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია ეს ბრალდებეები არც ერთი სანდო და დასაბუთებული ბრალდებებით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შენიღბულ სიცრუეს იყენებენ. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მიმდინარეობს დღეს საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ უპასუხა. მისი თქმით, დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს.
„აუცილებლად უნდა შევინარუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტურისტული ჯგუფები დესტრუქციული მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისათვის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველო პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ, ივანიშვილი მედიასთან შესახვედრად გამოვიდა, თუმცა ქართულმა მედიამ ყოფილ პრემიერს განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა. ივანიშვილმა პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საკადრო ცვლილებებზე და პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა. სხვა საკითხებზე კომენტარი ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია.
„თუ მიაქციეთ ყურადღება, პოლიტსაბჭოს წევრებთან ჩემი პირველი შეხვედრის შემდეგ ეს ხმაური დასრულდა. დაპირისპირებას ამას ვერ დავარქმევთ - იყო პატარა გაუგებრობა, რომელიც დღეს მოხსენებაშიც აღვნიშნე. არაფერი სერიოზული არ იყო და გამოჩენისთანავე, პრინციპში, დასრულდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრის შეცვლას, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერი ადგილზეა, შეცვლა არ სჭირდება. მისივე თქმით, ის არ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. ყოფილმა პრემიერმა დაანონსა, რომ მედიას ხშირად შეხვდება.