„ქართულ ოცნებაში“ ახალი ერა იწყება(?!)

„ქართულ ოცნებაში“ ახალი ერა იწყება(?!)

„ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობა მთაწმინდის პარკში მდებარე „ანდერვილიში“ გაიმართება. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება, რომელიც ამ პოზიციაზე პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის.

პოლიტსაბჭოზე დამტკიცებული წესით მოხდება დელეგატების არჩევა. უმრავლესობა დაასახელებს პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას. ყრილობის მთავარი მოვლენა თავმჯდომარის არჩევა იქნება - ერთადერთი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის არჩევა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გადაწყვეტილება, რასაც პარტიის ყრილობაზე მიიღებენ. მათივე შეფასებით, ეს იქნება პარტიისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ქვეყნის სიმტკიცისთვის და უკეთესი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

ყრილობა, რომელიც სამუშაო ფორმატში გაიმართება, პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან. თუმცა, ყრილობაზე მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი არ დასახელდება. ყრილობაზე მედიის მუშაობის კუთხით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მედიას მხოლოდ იმის საშუალება ექნება, რომ ტრანსლირებას მიადევნოს თვალყური.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ყრილობას აქვს მხოლოდ სამუშაო დატვირთვა და მას დაესწრებიან მხოლოდ დელეგატები.

„ყრილობის პირველი ნაწილი წმინდად ტექნიკურ ხასიათს ატარებს, სადაც ყრილობის მდივანი უნდა შეირჩეს, ასევე დღის წესრიგი დამტკიცდეს. ხოლო რაც შეეხება ყრილობის მეორე ნაწილს, რაზეც მედიას ექნება სრული ინფორმაცია, დაგეგმილია პარტიის ლიდერების გამოსვლები და მოხდება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი სტიმულია. მერის განცხადებით, ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ.

„მგონია, რომ პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება დამატებითი სტიმული. ჩვენ დაგეგმილი გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იქნება სიახლეები პარტიის მუშაობაში. ვფიქრობ, ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის განცხადებით, ყრილობა სამუშაო რეჟიმში ტარდება, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, რომელმაც თებერვალში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდებოდა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა, იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის შემდეგ რეგიონულ წარმომადგენლობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა.

„ჩვენს კოლეგებსაც ეს დამოკიდებულება აქვთ. იმედს ვიტოვებთ, რომ გაცილებით მეტი აქტიურობა იქნება მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის, რეგიონალურ ნაწილში და რეგიონალურ პარტიულ წარმომადგენლობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. განცხადებას ფუჭად არ ვაკეთებ, გარკვეული ტენდენციები არსებობდა და პოზიცია პლენარულ სხდომაზე დავაფიქსირე.

მოცემულობამ და გარკვეულმა ცვლილებებმა მოლოდინი გააჩინა, რომ პრევენცია მოხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ ტენდენციები უკეთესობისკენ არ შეცვლილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება იქნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი პარტიული აქტიურობა და მეტი ჩართულობა უნდა იყოს. რაც შეიძლება მეტი ერთსულოვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა“, - აცხადებს ოთარ დანელია.