განაწყენებული პრეზიდედნტი გამოძიების შემდეგ საკუთარ იმპიჩმენტს თხოვს

განაწყენებული პრეზიდედნტი გამოძიების შემდეგ საკუთარ იმპიჩმენტს თხოვს

გიორგი მარგველაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მის მიმართ იმპიჩმენტის დაწყებას ითხოვს, თუმცა, ამ იდეას პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა მომხრე ჯერჯერობით, არავინ ჰყავს - ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის და სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

მარგველაშვილის განცხადებით, ამის საფუძველი მის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული ბრალდებები უნდა გახდეს.

ლაპარაკია პრეზიდენტის შეწყალების სადავო პოლიტიკაზე, რომელშიც ირაკლი კობახიძემ კორუფციის და ინსტიტუტების ნგრევის სურვილი დაინახა.

თუმცა, კითხვაზე - კონკრეტულად რატომ შეიწყალა ნათესავები, მარგველაშვილს პირდაპირი პასუხი არ აქვს და ამას ჰუმანური აქტით ხსნის.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ ითხოვს, თუმცა, თვლის, რომ მომავალში, შეწყალებასთან დაკავშირებული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის საჭიროებებთან მოვიდეს შესაბამისობაში.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, სახეზეა, რომ არაერთმა შეწყალებულმა პირმა განმეორებით ჩაიდინა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. როგორც თალაკვაძე აცხადებს, პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებში ირაკლი კობახიძეს მთელი გუნდის მხარდაჭერა აქვს და არგუმენტები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ჩამოთვალა, ხელის გულზეა.

თალაკვაძის აზრით, ირაკლი კობახიძემ არგუმენტებით დასაბუთებული პოლიტიკური შეფასება მისცა პრაქტიკას, რომელიც პრეზიდენტს პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით აქვს და ამ თემის კონტექსტში იმპიჩმენტსა და გამოძიების დაწყებაზე საუბარი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობა ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ.

„მათ სცადეს, რომ რაღაც გამოძიების დაწყების თემა წამოეწიათ. გამოძიების დაწყებას გამოვრიცხავ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ საჭიროა პასუხები შეკითხვებზე, რომელიც პარლამენტში იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით დაისვა, რომელიც ჩვენ გვაქვს - როგორც რიცხვებში, ასევე კრიტერიუმებში დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკასთან ნამდვილად გვაქვს აცილება. როგორც ჩანს, რაღაც ხდება არასწორი შეწყალებებთან მიმართებაში. ეს უნდა გამოვასწოროთ მომავალში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ  კი აღნიშნა, რომ პიარ-გეგმები, რომელიც იხარშება გიორგი მარგველაშვილის გუნდში, ძალიან მარტივია და ჰგონია, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის.

კალაძის თქმით, მარგველაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს დაჩაგრულის მანტია მოირგოს.

„ჯერ ვისმენდით, რომ იმპიჩმენტი იგეგმებოდა, მე არ ვიცი ვინ აწყობდა ამ იმპიჩმენტს ან რატომ წამოიწია ეს თემა საერთოდ, როცა რამდენიმე თვე დარჩა მისი უფლებამოსილების დასრულებამდე, ეს სრულიად გაუგებარია. არ ვიცი, რა დანაშაულზეა საუბარი, თუ რაიმე კითხვები არსებობს, უნდა დაინტერესდეს შესაბამისი სამსახურები“, - მიიჩნევს კალაძე.